ამერიკანოცენტრიზმი

ამერიკანოცენტრიზმი ევროპოცენტრიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს განიხილავს როგორც ახალი კულტურის ციტადელს. ამერიკასა და ევროპას შორის კულტურული კავშირების გააზრებას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ამერიკელი ერის სოციალურ-ისტორიული გამოცდილების რეალური განსაკუთრებულობა უფლებას იძლევა ვილაპარაკოთ აშშ თავისებურებაზე. ზოგიერთი მკვლევარი ამერიკის კონტინენტზე მომხდარ ცვლილებებს განიხილავდა როგორც პრინციპულად განსხვავებული ცივილიზაციის საწყისს, რომელმაც წინ გაუსწრო ევროპულს. ახალი სამყაროს ფილოსოფოსები იზიარებდნენ ამ შეხედულებებს და ავითარებდნენ მესიანისტურ იდეებს, რომლის მიხედვით ძველმა ევროპამ თითქოსდა ამოწურა თავისი სულიერება, ხოლო ამერიკას მის “მხსნელად” წარმოადგენდნენ.

მაგრამ ევროპისა და აშშ შორის არსებული კულტურული კავშირების თაობაზე სამეცნიერო ლიტერატურაში საწინააღმდეგო მოსაზრებასაც ვხვდებით: ახალ მიწებზე სოციალურ და სულიერ გარდაქმნებთან დაკავშირებული ენთუზიაზმი იცვლებოდა ამერიკის ცივილიზატორულ მისიაში ეჭვის შეტანითა და იმედგაცრუებით.

დასავლურ ცნობიერებაში ადრეულ ეტაპზე გაბატონებულ შეხედულებაში ოდნავი მინიშნებაც კი არ იყო ევროპისა და ამერიკის კულტურული განსხვავებულობის შესახებ. ამერიკულ და, ნაწილობრივ, დასავლეთ ევროპულ აზროვნებაში თანდათანობით ყალიბდებოდა სხვაგვარი წარმოდგენა: ხაზი ესმებოდა ამერიკის კულტურულ-ისტორიულ თავისებურებას, მკვიდრდებოდა მოსაზრება, რომ ზუსტად ახალ სამყაროში ვლინდებოდა ადამიანური სულის განსაკუთრებული პოტენციალი. მაგრამ ამერიკული კულტურის განსაკუთრებულობისა და განუმეორებლობის, ევროპულისაგან მისი პრინციპული განსახვავებულობის დასაბუთების მცდელობებს საწინააღმდეგო შედეგები მოჰყვებოდა. ახალი კონტინენტის სულიერი სამყარო ევროპულისაგან მცირედ განსხვავებული მოჩანდა. ამერიკელი მოაზროვნეები ევროპული იდეური მემკვიდრეობის ძლიერ გავლენას განიცდიდნენ, თუმცა მის სხვაგვარ ინტერპრეტაციას ახდენდნენ. ასე მაგალითად, ამერიკელმა ინტელექტუალებმა მიიღეს ინგლისური პურიტანიზმის საფუძვლები, მაგრამ მას მესიანისტური დატვირთვა შესძინეს. სწორედ ამიტომ, ამერიკულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა უნივერსალისტური იდეები, რომელთა თანახმად ამერიკა, ევროპის საპირისპიროდ, შეიძლება გახდეს რელიგიური და სამოქალაქო თავისუფლებების ჭეშმარიტი განმახორციელებელი.

ახალ კონტინენტზე დაარსებულ სახელმწიფოს არ გააჩნდა არც წარსული და არც ჰომოგენური მოსახლეობა, სწორად ამიტომ იქმნებოდა სოციალური მითი, გაჩნდა იდეა, თითქოს ამერიკა კაცობრიობის ახალ ისტორიას იწყებდა.

ამერიკელი ფილოსოფოსები იუწყებოდნენ ახალი დროების დადგომას, ჰუმანიზმისა და დემოკრატიის პრინციპების მომავალ ზეობას. ახალი ნაციის კულტურული თავისებურება უნიკალური ისტორიული განვითარების წინაპირობად განიხილებოდა.

ისტორიულად, ამერიკულ ეროვნულ ცნობიერებას მსჭვალავდა რწმენა საკუთარი ქვეყნის წარმოშობისა და განვითარების განსაკუთრებულობის შესახებ: ამერიკელები - ეს ახალი ერია, იგი ჩამოყალიბდა იმ ადამიანებისაგან, რომლებმაც თავისუფლება ახალ სამყაროში მოიპოვეს და რომელთაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ. ამ კულტურის თავისებურება ტექნიკური პროგრესის, დინამიზმისა და გარდაქმნებისაკენ განსაკუთრებულ სწრაფვაში გამოიხატება.

ამერიკანოცენტრისტული კონცეფციის ფარგლებში ევროპა და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ძირითადად, ამერიკული ცივილიზაციის განმტკიცების პლაცდარმებად განიხილება. კულტურული განახლების სხვადასხვა პროგრამებში ამერიკანოცენტრიზმის იდეოლოგები ავითარებენ დინამიური, არანაციონალური კულტურის იდეალს.

ამერიკანოცენტრიზმის თანამედროვე ვერსიები წინააღმდეგობრივია. “ახალი ფილოსოფოსები” წერენ უნივერსალურ, რეგიონალიზმის ჩარჩოებისაგან თავისუფალ მსოფლმხედველობაზე და გლობალური კულტურის აღმავლობაზე, უნივერსალიზმის წყაროდ განიხილება არა კულტურების დაახლოების ობიექტური პროცესი, არამედ სწორედ ამერიკანოცენტრიზმი.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი