ბირთვი - პერიფერია

ცივილიზაციის ფარგლებში გამოყოფენ „ბირთვსა“ და „პერიფერიას“ აქედან პირველში იგულისხმება, ა. ტოინბის სიტყვით რომ ვთქვათ, ცივილიზაციის წარმოშობის არეალი, ანუ ის სივრცე, სადაც ძირითადად ყალიბდებოდა მისი სოციოკულტურული სახე, ფასეულობათა სისტემა, „პერიფერია“ კი გულისხმობს ამ არეალის გავრცელების შედეგად მის ფარგლებში მოქცეულ სივრცეს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფასეულობათა იგივე სისტემა და რომელსაც მეტ-ნაკლებად იგივე სიციოკულტურული სახე აქვს. პერიფერიაზე განთავსდება განაპირა ან სასაზღვრო კულტურები. შესაბამისად, შეიძლება გამოიყოს ცივილიზაციის „ბირთვული“ და „პერიფერიული“ კულტურები.

კულტურის მეცნიერებებში პერიფერიულობა-განაპირულობის, ბირთვისა და პერიფერიის ცნებები სხვა მნიშვნელობითაც იხმარება, კერძოდ, ფასეულობით-აზრობრივი მნიშვნელობით. ასეთი გაგებით, ბირთვი - ესაა სიმბოლოთა, ფასეულობათა და შეხედულებათა სისტემის ცენტრი, რომელიც მართავს საზოგადოებას. ბირთვის ელემენტებს შეადგენენ შეხედულებანი და ფასეულობანი კულტურის სხვადასხვა სფეროდან, როგორც „დიდი ანუ წერილობითი“, ისე „მცირე ანუ ზეპირი“ ტრადიციის სახით. უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად, რომლებიც განსაზღვრავენ ცივილიზაციის ბირთვის სახეს, მიჩნეულია რელიგია, ხელოვნება, ფილოსოფია. ცივილიზაციის ბირთვი, ისტორიული დინამიკის თვალსაზრისით, მყარი ელემენტებისაგან შედგება, მაგრამ იგი არც უცვლელია და არც მონოლითური. ამის მიზეზი მისი ჰეტეროგენულობაა ; მისი შემადგენელი ნაწილები (მსოფლმხედველობრივი პრინციპები, სტერეოტიპული შეფასებანი და სხვ.) ბირთვში სხვადასხვა დროს ინტეგრირდებიან, თუმცა არ არიან აღბეჭდილი კონკრეტული ისტორიული ეპოქის ნიშნით.

ასეთი თვალსაზრისით, ძირითად თანამედროვე ცივილიზაციათა ბირთვულ ნიმუშებად მიჩნეულია შემდეგი მახასიათებლები: დასავლური ცივილიზაციისათვის - თავისუფლების, საკუთრების, სამართლის, დემოკრატიის, რაციონალიზმის, კრიტიკულობის ფასეულობანი; სამხრეთაზიური ცივილიზაციისათვის (დომინანტი - ინდოეთი) - წარმოდგენა კარმაზე, მეტემფსიქოზზე (სულთა გადასახლება), თვითსრულყოფის გზებსა და კასტურ დაყოფაზე; შორეულაღმოსავლური ცივილიზაციისათვის (დომინანტი - ჩინეთი) - სპეციფიკური პატერნალიზმი „უფროსებსა“ და „უმცროსებზე“ რეალური ზრუნვით, ზიარება სიმბოლოებისა და რიტუალების განსაკუთრებულ როლთან, ანალოგიებით (განსაკუთრებით - ბუნების საგნებთან ანალოგიით) აზროვნება; მუსლიმური ცივილიზაციისათვის - ალაჰის ყოვლისშემძლეობის აბსოლუტიზაცია, შესაბამისი ფატალიზმი, მკაცრი პატრიარქატი და ) განსაკუთრებულ შემთხვევად გვევლინება ცივილიზაციები ორი ბირთვული წარმონაქმნით, ან კიდევ ჩამოუყალიბებელი, ანტინომური ბირთვით, ასეთთა რიცხვს, ჩვეულებრივ, მიაკუთვნებენ რუსულ და ლათინოამერიკულ ცივილიზაციებს.

რაც შეეხება პერიფერიას, მასში თავს იყრის ელემენტები, რომლებიც გამოდის ცივილიზაციის ბირთვის გარეთ. ეს უკანასკნელნი არ მოიცავს მთლიანად და სრულად ფასეულობებს, რომლებიც აღიარებულია ბირთვის მიერ. არსებობს ფასეულობანი, რომლებიც მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში ვრცელდება. პერიფერიულად შეიძლება მოგვევლინოს: სწრაფწარმავალი ელემენტები, რომლებიც შედარებით მოკლე დროში (ერთო-ორი თაობის მანძილზე) ქრება; ელემენტები, რომელთაც არ შეუძენიათ უნივერსალური, საერთოცივილიზაციური მნიშვნელობა, მაგრამ განაგრძობენ ფუნქციობას; ინოვაციური ელემენტები, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება დამკვიდრდნენ ან არ დამკვიდრდნენ, იქცნენ ან არ იქცნენ ბირთვულად.

ცივილიზაციის ზოგი სექტორი მეტად პერიფერიულია, ზოგი - ნაკლებად. რაც უფრო პერიფერიულია სექტორი, მით უფრო ნაკლებადაა იგი გამსჭვალული ბირთვული ელემენტებით, ნაკლებადაა მოცული ცენტრალური ინსტიტუციური სისტემით.

პერიფერიის სოციოკულტურული ბუნება არაერთგვაროვანი და მოძრავია. ერთი მხრივ, პერიფერია ექვემდებარება ცენტრს, მეორე მხრივ, მან თავად შეიძლება გავლენა იქონიოს ცენტრზე, ჩაენაცვლოს ან ჩამოშორდეს მას. „ბირთვი-პერიფერიის“ ცნებათა კიდევ ერთი ინტერპრეტაციის მიხედვით, ცივილიზაციის კულტურული ბირთვი წარმოდგენილია ფასეულობების, აზროვნების, სტილის, ქცევის ნიმუშთა სისტემის სახით, რომელიც საფუძვლად უდევს მთელი ცივილიზაციის დანარჩენ ნიმუშებს. კულტურული ბირთვის უპირველესი მატარებელია ცივილიზაციის საზოგადოება-დომინანტი (ან საზოგადოება-დომინანტები). მის ირგვლივ განლაგებულია საზოგადოება-სუბდომინანტები, რომლებიც დომინანტის ნიმუშთა რეციპიენტებია, ამასთან, მათი ცივილიზაციური კუთვნილება ცალსახად განსაზღვრულია.

ცივილიზაციის გარე წრეს ქმნის სასაზღვრო (მარგინალური) ზონა, რომლის საზოგადოებები განიცდიან მოსაზღვრე ცივილიზაციების გავლენას. რაც უფრო დაშორებულია ცენტრიდან პერიფერიული საზოგადოების ტერიტორია, მით უფრო დაშორებულია მისი კულტურა ცივილიზაციის ბირთვისაგან. რადგან პერიფერია (სასაზღვრო ზონა) რთული შემადგენლობის მოვლენაა, მის ამა თუ იმ სეგმენტს შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი ბირთვული კულტურული ელემენტები.

ბირთვი-პერიფერიისა და ცენტრი-პერიფერიის ცნებებს რამდენადმე განსხვავებული დატვირთვა აქვთ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა პრაქტიკაში. ბელგიელი მკვლევარი ბ. კოპიტერსი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა გამოკვლევებში და ევროპული პოლიტიკის დისკურსში ტერმინი ‘პერიფერია“ ხუთი ძირითადი მნიშვნელობით იხმარება: 1. პოზიტიური და პრაქტიკული მნიშვნელობით, ევროპული ინტეგრაციის მოდელის - „ბირთვი-პერიფერია“ - ფარგლებში. ამ მოდელის მიხედვით, საერთოევროპული კონსტრუქცია მოიაზრება როგორც იმ პროცესის შედეგი, რომელიც იწყება ბირთვიდან და თანდათანობით მოიცავს ევროპის კონტინენტის ფართო პერიფერიებს. 2. ნეგატიური და თეორიული მნიშვნელობით, იოჰან გალტუნგის მოდელის - „ცენტრი-პერიფერია“ - შესაბამისად. გალტუნგის თანახმად, მსოფლიო შედგებოდა და შედგება ცენტრალური და პერიფერიული ერებისაგან; თავის მხრივ, ყოველ ერს აქვს თავისი ცენტრი და პერიფერია. ცენტრი ცდილობს, თავს მოახვიოს პერიფერიას ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო თუ კულტურული მოდელები. 3. პერიფერია როგორც კონფრონტაციის ადგილი სხვადასხვა ქვეყანას, ალიანსსა თუ ცივილიზაციას შორის. 4. პერიფერია როგორც პლაცდარმი რომელიმე ქვეყნის, ქვეყანათა ჯგუფის ინტერესთა განხორციელებისათვის. 5. მარგინალური ზონა, რომლის მიმართ ზესახელმწიფოთა დამოკიდებულება შეიძლება დახასიათდეს როგორც კეთილგანწყობილი გულგრილობა.

აღსანიშნავია ცივილიზაციურ კვლევებში „პერიფერიის“ კიდევ ერთი მნიშვნელობა, რომელსაც ფ. ბეგბი გვთავაზობს. იგი ლაპარაკობს არა ცივილიზაციის პერიფერიაზე, არამედ პერიფერიულ ცივილიზაციებზე, რომელთაც „მეორეულ ცივილიზაციებსაც’უწოდებს. ეს ის ცივილიზაციებია, რომელთაც მეზობელი, ძირითადი „(პირველადი“) ცივილიზაციებისაგან აითვისეს რიგი თავისებურებებისა - ძირითადად, ტექნიკისა და ხელოვნების სფეროში, მაგრამ ამავე ცივილიზაციათა მრავალმა მნიშვნელოვანმა ინსტიტუტმა მათზე ვერავითარი გავლენა ვერ იქონია, ამიტომ მათ ვერ განვიხილავთ ძირითადი ცივილიზაციების შემადგენლობაში. მაგალითად, ჩინურ და ინდურ ცივილიზაციებს შორის განლაგებულია ბირმის, ცეილონის, კამბოჯის, ტიბეტისა და სხვ. პერიფერიული ცივილიზაციები, ნეპალი პერიფერიულია ინდურ, ხოლო კორეა - ჩინურ ცივილიზაციასთან მიმართებაში.

ბეგბის აზრით, ცივილიზაციათა პერიფერიულობა მისი მუდმივი ნიშანი არ არის. მაგალითად, ეგვიპტური და ბაბილონური ცივილიზაციები დაშლა-დაცემის წინ პერიფერიულად იქცნენ კლასიკურ ცივილიზაციასთან მიმართებაში. მეორე მხრივ, პერიფერიული ცივილიზაციები შეიძლება გაქრნენ, გაითქვიფონ ძირითად ცივილიზაციაში, ისე როგორც ეტრუსკებისა და კელტების ცივილიზაციები შთანთქა კლასიკურმა ცივილიზაციამ. დღეისათვის, აღნიშნავდა ბეგბი, ყველა არსებული ცივილიზაცია - ძირითადიცა და მეორეულიც - პერიფერიულია დასავლეთევროპული ცივილიზაციის მიმართ: მისი გავლენა ძლიერია მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში.

მეცნიერის აზრით, პერიფერიული ცივილიზაციების სიცოცხლე გაცილებით ხანმოკლეა, ვიდრე ძირითადისა. საბოლოოდ, ისინი კარგავენ თავიანთ სპეციფიკას, ვერ ეწინააღმდეგებიან რა ძირითადი, უფრო ძლიერი ცივილიზაციის გავლენას. თავად პერიფერიული ცივილიზაციების გავლენა სხვებზე კი სუსტია. აქ გამონაკლისს ქმნიან მხოლოდ მსოფლიო რელიგიები, ვთქვათ, იუდაიზმი, რომელიც სწორედ პერიფერიულ ცივილიზაციაში წარმოიშვა. ასევე მაღალ შეფასებას აძლევს ბეგბი პერიფერიული ცივილიზაციის კიდევ ერთ მიღწევას, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობა ჰქონდა: ფინიკიელთა მიერ ანბანის შექმნას.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი