ინკულტურაცია და სოციალიზაცია

ტერმინით ინკულტურაცია აღინიშნება კულტურაში ინდივიდის ჩართვის პროცესი, მოცემული კულტურისათვის დამახასიათებელი ქცევის ნორმებისა და ნიმუშების ათვისება. ტერმინი შემოტანილ იქნა მ. ჰერსკოვიცის მიერ 1948 წელს გამოქვეყნებულ მის ერთ-ერთ ნაშრომში (M.J Herskovitz, Man and His Works: The Science of Cultural Anthropology. N.Y., 1948). თითქმის იმავდროულად, კ. კლაკჰონმა შემოიტანა აზრობრივად ანალოგიური ტერმინი „კულტურალიზაცია“. იმ დროისათვის არსებული ტერმინი „სოციალიზაცია“ ნაკლებად მოიცავდა კულტურის კოგნიტიური ასპექტების (განათლება, რწმენა, ფასეულობები) შეთვისების პროცესს. ინგლისური სოციალური ანთროპოლოგიისაგან განსხვავებით, ამერიკული კულტურული ანთროპოლოგია კვლევის ცენტრში კულტურას აყენებდა და არა „საზოგადოებას“, შესაბამისად, ტერმინი „ინკულტურაცია“ მისთვის უფრო ორგანული იყო. ამასთანავე, ამ ტერმინს ჰქონდა იგივე აზრი, რაც ცნებას „სოციალიზაცია“; მათი მკაფიო და ზუსტი გაყოფა ვერ ხერხდებოდა.

ინკულტურაცია აღნიშნავდა როგორც კულტურაში ჩართვის პროცესს, აგრეთვე ამ პროცესის შედეგს. ინკულტურაცია, ვიწრო გაგებით, ნიშნავს ბავშვის მიერ კულტურის ნორმებისა და ღირებულებების შეთვისებას; ფართო გაგებით კი განიმარტება როგორც პროცესი, რომელიც მიმდინარეობს შეუზღუდავი პერიოდის განმავლობაში, ადრეულიდან ზრდასრული ასაკით დამთავრებული. მოცემული ტერმინი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმიგრანტებთან მიმართებაში, რომლებიც ახალ კულტურულ პირობებთან ადაპტირდებიან, მისი გამოყენება შეიძლება აგრეთვე კულტურული კონტაქტისა და კულტურული ცვლილების კვლევისას. ცნება „ინკულტურაციამ" ვერ ჰპოვა ფართო გავრცელება და გამოყენება, გამონაკლისია ამერიკული ანთროპოლოგიური ტრადიცია. მას აკრიტიკებენ ბუნდოვანი მნიშვნელობის გამო. გარდა ამისა, ტერმინი „სოციალიზაცია“ უფრო ფართოდ იყო გავრცელებული და იგივე მნიშვნელობით გამოიყენებოდა; ტერმინ „ინკულტურაციის“ წარმოშობა დაკავშირებული იყო საზოგადოებისა და კულტურის ურთიერთდაპირისპირების მცდელობასთან.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი