კულტურის და ცივილიზაციის ურთიერთმიმართების საკითხია

ჰუმანიტარული აზროვნების ადრეულ იტაპზე გაჩნდა „ცივილიზაციისა“ და „კულტურის“ ცნებები, თუმცა ისინი თავდაპირველად არ წარმოადგენდნენ ისტორიულ ფილოსოფიურ კატეგორიებს თანამედროვე გაგებით (იხილე დაწვრ. კულტურა, ცივილიზაცია)

ევროპელ განმანათლებლებთან თანდათანობით ხდება „ცივილიზაციისა“ და „კულტურის“ ცნებათა დაახლოება და დაკავშირება გლობალურ ისტორიულ პროცესებთან. მეორე მხრივ, ეს ორი ცნება აქტუალური რჩება „არაევროპულ სამყაროსთან“ შედარებით ევროპული საზოგადოების, განათლების უპირატესობის წარმოსაჩენად, რის ისტორიულ საფუძველსაც იმხანად „ახალი სამყაროს ქვეყნებში“ ევროპის გეოგრაფიული ექსპანსია ქმნიდა.

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნეში ისტორიის ფილოსოფიაში ცივილიზაცია და კულტურა, ძირითადად, ტოლფას ცნებებად აღიქმებოდა. თანამედროვე ისტორიის ფილოსოფიაში ამ ორ ცნების მიმართების საკითხი ცალკე კვლევის საგანია. მკვლევართა ნაწილი მათ ერთმანეთისაგან ასხვავებს და უპირისპირებს კიდეც ერთმანეთს (იხ. ო. შპენგლერი). ნ. ბერდიაევი ცივილიზაციას კულტურის პოტენციურ მტრად მიიჩნევდა, თუმცა არ გამორიცხავდა მათ თანაარსებობასაც. „როგორც კულტურის ეპოქაში არსებობს ცივილიზაცია, ასევე ცივილიზაციის ეპოქაში არსებობს კულტურა’, - წერდა ბერდიაევი. კულტურაში, გარკვეულწილად, შემორჩენილია ის სულიერი ინტეგრალური საწყისები, რამაც მნიშვნელობა დაკარგა ცივილიზაციაში. ცივილიზაცია ითრევს და ხრწნის კულტურას, ხდის მას მექანიკურს, მასობრივს, ისეთივე უმისამართოს, როგორიც თავად არის.

კულტურის ცნების ასეულობით განსაზღვრებიდან, რომლებსაც გვთავაზობენ დარგის მკვლევარნი, არც ერთი არ ითვლება უნივერსალურად. იგივე შეიძლება ითქვას ცივილიზაციის დეფინიციის საკითხზეც.

დღეს სხვადასხვა ქვეყანაში კულტურისა და ცივილიზაციის ცნებებიდან უპირატესობას ხან ერთს, ხან მეორეს ანიჭებენ. მაგალითად, გერმანიაში ძირითადი ყურადღება „კულტურას“ ეთმობა, რომელიც ინტელექტუალურ და სამეცნიერო პროგრესს გამოხატავს. “ცივილიზაციას“ მიიჩნევენ საზოგადოებრივი მოღვაწეობის ტექნოლოგიურ მხარედ, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ-გამოყენებით და ტექნიკურ საშუალებებს, უზრუნველყოფს საზოგადოების წესრიგსა და ფუნქციონირებას. ანალების სკოლის ტრადიციით, საფრანგეთში ყურადღება „ცივილიზაციაზე“ მახვილდება. ინგლისურენოვანი სამყარო ორივე ცნებით თითქმის თანაბრად სარგებლობს და ა. შ.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი