კულტურული შოკი

ეს ტერმინი XX საუკუნის 50 -იანი წლების მიწურულიდან გვხვდება სამეცნიერო ლიტერატურაში დაძაბულობის, დაურწმუნებლობისა და შფოთვის იმ შეგრძნების აღსანიშნავად, რომელსაც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი (მაგალითად, მასობრივი ემიგრაციის შემთხვევაში) განიცდის ახალ და უჩვეულო კულტურულ გარემოში აღმოჩენისას K. Oberg, Culture Shock and the Problem of Adjusment in New Cultural Enviroments. ეს არის სიტუაცია, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება ადამიანისათვის ჩვეული და უცხო კულტურების ფასეულობები, ნორმები, ენა და ყოველდღიური ცხოვრება. შოკური რეაქციის სიძლიერე განისაზღვრება კულტურათა შორის არსებული განსხვავების ხარისხით. კულტურულ შოკს მეტ-ნაკლებად განიცდის ყველა, ვინც პირველად მოხვდება უცხო კულტურულ გარემოში (ტურისტები, ემიგრანტები და )), ანდა როდესაც ინტენსიური კულტურული დიფუზიის შედეგად წარმოიშობა კონფრონტაციის სიტუაცია ძველ და ახალ ფასეულობებს, ნორმებს, ყოფა-ქცევის მოდელებს შორის.

არსებობს, ხუთი "ტიპიური " დონე, რომელთა გავლაც ადამიანს უცხო გარემოში ხშირად უხდება. ეს დონეებია: თაფლობის დონე (the honeymoon stage), დარდის, მწუხარების დონე (the distress stage), რე-ინტეგრაციის დონე(the re -integration stage), ავტონომიის დონე (the autonomy stage) და დამოუკიდებლობის დონე (the independence stage).

გამოიყოფა კულტურული შოკის დაძლევის ოთხი შესაძლებლობა:
1. გეტოიზაცია : მოსულები უკავშირდებიან ერთმანეთს და დამხვდური კულტურის შიგნით აყალიბებენ იზოლირებულ ანკლავებს (გეტო), რომელთა ფარგლებში ინახავენ და ინარჩუნებენ ტრადიციებს, თავიანთი კულტურული ყოფაქცევის მოდელებს. მაგალითისათვის შეიძლება გამოდგეს დასავლეთის თითქმის ყველა მსხვილი ქალაქისათვის დამახასიათებელი ჩინური უბნები (China Town).
2. ასიმილაცია: მოსულები ცდილობენ, მთლიანად შეეგუონ ახალს, შეითვისონ მისი ნორმები, ფასეულობები, ქცევის მოდელები, მთლიანად უარყოფენ იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც დატოვეს.
3. ურთიერთქმედება: ეს არის რაღაც საშუალო ხაზის, ახალი და ძველი კულტურის ელემენტების გაერთიანების მცდელობა. ინდივიდები და ჯგუფები მიისწრაფვიან შეათავსონ ორივე კულტურის ნორმები, მოაწესრიგონ კულტურათა შორის კომუნიკაცია, გაამდიდრონ როგორც საკუთარი კულტურა, აგრეთვე ის, რომლითაც ისინი ამჟამად სარგებლობენ. ამის მაგალითია თანამედროვე საწარმოში მომუშავე ინდოელი და თურქი მუშები, რომლებიც სამუშაოზე ხელმძღვანელობენ ინდუსტრიული შრომის წესებით, ხოლო სახლში, ოჯახურ ცხოვრებაში - თავიანთი ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით.
4. კოლონიზაცია: ახალმოსახლეები იწყებენ საკუთარი ქცევის მოდელების დანერგვას, ცდილობენ დაუპირისპირონ ისინი დამხვდური კულტურისათვის დამახასიათებელ ტრადიციებს. ეს ხდება როგორც საომარი, ასევე მშვიდობიანი დაპყრობის დროს, ასევე მოდერნიზაციის პროცესში. ტერმინ „კოლონიზაციას“ ამ შემთხვევაში არა აქვს შეფასებითი მნიშვნელობა, ეს ფასეულობითი თვალსაზრისით ნეიტრალური ცნებაა. საქმე ეხება კულტურულ კოლონიზაციას; პოლიტიკური კოლონიზაცია კულტურული კოლონიზაციის მხოლოდ კერძო, თავისი შედეგებით არც ისე რადიკალური შემთხვევაა.

კულტურული შოკი, ფართო აზრით, როგორც ფილოსოფიურ-კულტურული ან ფილოსოფიურ-ისტორიული კატეგორია, კულტურის მეცნიერებათა ჩამოყალიბებისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. XII -XVII სს. მოგზაურთა გადმოცემებმა, რომლებიც აღწერდნენ ახალი ქვეყნებისა და ხალხების უსასრულო რაოდენობას, ევროპაში კულტურული შოკი გამოიწვია, რაც საფუძვლად დაედო კულტურის ფენომენის როგორც შესწავლის ობიექტის ჩამოყალიბებას. კულტურულმა შოკმა ევროპელთა გონებაში გადატრიალება მოახდინა, რომელსაც შეიძლება ანთროპოლოგიური რევოლუცია ვუწოდოთ. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ შეირყა ევროპელთა წარმოდგენა საკუთარ განსაკუთრებულობაზე; აღმოჩნდა, რომ კაცობრიობა შედგება მრავალი კულტურისაგან. თუკი კოპერნიკის აღმოჩენამ მოსპო სამყაროს ცენტრად დედამიწის ყოფნის ილუზია, ანთროპოლოგიურმა რევოლუციამ მოსპო ევროპის ილუზია ოიკუმენის ცენტრში ყოფნისა. მთლიანად კულტურული შოკი კულტურაში დადებით როლს თამაშობს, ვინაიდან ხელს უწყობს კულტურათა ურთიერთქმედებასა და ურთიერთგამდიდრებას, ტრადიციულ კულტურაში სხვა კულტურულ ელემენტთა ინტეგრაციას, კულტურათა ღიაობის ზრდას.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი