სოციალიზაცია

დაბადებისას ახალშობილი არც ერთ კულტურას არ განეკუთვნება. მშობლების, მასწავლებლების და სხვათა ხელშეწყობით, ის უნდა იქცეს კულტურულ და სოციალურ არსებად. სოციალიზაციის პროცესში ჩვენ ვსწავლობთ იმ კულტურის ენას, რომელშიც დავიბადეთ და იმ როლებს, რომელიც ცხოვრებაში უნდა ვითამაშოთ. მაგალითად, გოგონა სწავლობს, თუ როგორი ქალიშვილი, და, მეგობარი ან მეუღლე უნდა იყოს. გარდა ამისა, სოციალიზაციისას ადამიანები ეუფლებიან საკუთარ პროფესიულ როლებსაც.

კონკრეტულ კულტურაში მიმდინარე სოციალიზაციის პროცესის აღსანიშნავად ანთროპოლოგებმა შემოგვთავაზეს ინკულტურაციის, ანუ კონკრეტული კულტურის ნაწილად, მის მატარებლად ქცევის ცნება, თუმცა, ხშირად, ამ ორ ტერმინს სინონიმური მნიშვნელობით იყენებენ.

სოციალიზაციის პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. გარემოების და სტატუსის ცვლილებასთან ერთად, ადამიანი ითვისებს ახალ სოციალურ როლებს.

სოციალიზაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში. სოციალიზაციის პროცესი განსაზღვრავს ინდივიდის პიროვნული განვითარების მიმართულებას, უყალიბებს შეხედულებებს და დამოკიდებულებებს.

ბავშვთა სოციალიზაცია

სოციალიზაციის პროცესი დაბადებიდან იწყება. ადრეული ბავშვობის წლები ყველაზე ინტენსიური სოციალიზაციის პერიოდია, როდესაც ვეუფლებით ენას და ვსწავლობთ ჩვენი კულტურის ფუნდამენტურ მახასიათებლებს. ამ დროს იწყება პიროვნების ჩამოყალიბება.

სხვადასხვა კულტურაში ბავშვთა სოციალიზაციის განსხვავებული მეთოდები და ტექნიკა გამოიყენება, თუმცა გამოყოფენ სოციალიზაციის ორ ზოგად ტიპს – ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას. პირველ შემთხვევაში, ბავშვის სოციალიზაციის პროცესი, ძირითადად, საკლასო ოთახებში, მასწავლებლების და აღმზრდელების გარემოცვაში მიმდინარეობს. ამ დროს ბავშვის სოციალიზაცია კონტროლირებადი და უფროსების მიერ მართულია. ამის საპირისპიროდ, არაფორმალური განათლების დროს სოციალიზაციის პროცესი ნაკლებად ექვემდებარება კონტროლს. ბავშვი, უმთავრესად, მიბაძვით, უფროსების ქცევის იმიტაციით ითვისებს კულტურის ნორმებს და ქცევის წესებს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი დაყოფა პირობითია და სოციალიზაციის ამ ორ ზოგად ტიპში ქვეშ ბევრი ქვეტიპი გამოიყოფა, რომელიც კონკრეტული კულტურისთვის არის დამახასიათებელი.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი