თომას ჰიულანდ ერიკსენი
მავრიკელი კრეოლები და კულტურის კრეოლიზაციის კონცეფცია

თომას ჰიულანდ ერიქსენი ცნობილი ნორვეგიელი მკვლევარი, ოსლოს უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის პროფესორია. იგი მშობელი ხალხის თუ სხვა საზოგადოებების კვლევისას აქტიურიად იყენებს კომპარატივისტიკას, როგორც სამეცნიერო მეთოდს, რომელიც, მისივე სიტყვების თანახმად, "უფრო ნათლად წარმოაჩენს ამა თუ იმ საზოგადეობის თვისობრივ მხარეებს."
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს 1999 წლის დეკემბერში ოქსფორდში წაკითხული ლექციის სტენოგრამას, სადაც განხილულია კულტურის კრეოლიზაციის თეორია ინდოეთის ოკეანიის მასკარენის კუნძულების (ძირით. მავრიკის) გარშემო მცხოვრები კრეოლების მაგალითზე, მდიდარ ეთნოგრაფიულ და ლინგვისტურ მასალაზე დაყრდნობით.




კულტურული კრეოლიზაციის თეორია, რომელიც ანთროპოლოგიაში პირველად ულფ ჰანერზმა შემოიტანა, გულისხმობს ორი ან რამდენიმე განსხვავებული კულტურისა თუ ტრადიციის შერწყმას. თანამედროვე მასობრივი კომუნიკაციებისა და კაპიტალიზმის ეპოქაში კრეოლიზაცის არაერთი მაგალითი შეგვიძლია დავინახოთ მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში, მაგრამ კულტურათა ურთიერთშერევის დონე აშკარად სხვადასხვაგვარია. კულტურის კრეოლიზაციის თეორიას აკრიტიკებდნენ კულტურის მეტისმეტი ხაზგასმის გამო (თითქოს "შერწყმამდელი" კულტურები საწყის ეტაპზე სუფთა, "წმინდა" მდგომარეობაში არიან, შეად. ფრიდმანი, 1994). რა თქმა უნდა, შენიშვნები ყოველთვის გასათვალისწინებელია, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთხსენებული კონცეფცია, მიუხედავად ყველაფრისა, დიდად გვეხმარება გავიგოთ და ავხსნათ თანამედროვე კულტურული პროცესები, რომელთათვის დამახასიათებელია მოძრაობა, ცვალებადობა და მკრთალი საზღვრები.
ტერმინი „კრეოლიზაცია", რომელსაც ანთროპოლოგები იყენებენ, ენათმეცნიერებიდანაა ნასესხები. ლინგვისტიკამ, თავის მხრივ, ეს სიტყვა ისტორულ მოვლენებთან დაკავშირებით გაიხსენა, კერძოდ, კოლონიების ეპოქასთან კავშირში, როდესაც ხდებოდა ხალხთა ჯგუფების საცხოვრებელი ადგილიდან აყრა და გადასახლება სხვადასხვა პლანტაციებში. ასეთი სახის მოვლენებს ადგილი ჰქონდა ლუიზიანას, იამაიკის, ტრინიდატის, რეუნიონისა და მავრიკის ხალხის ცხოვრებაში. ინდოეთის ოკეანისა და კარიბის კუნძულების აუზის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი (თუ ყველა არა), ვინც კოლონიური ეკონომიკის წნეხის ქვეშ იყო მოქცეული, კრეოლად იწოდებოდა. თავდაპირველად "criollo"-ს ევროპელს, (ჩვეულ. ესპანელს) უწოდებდნენ, რომელიც "ახალ სამყაროში" (ამერიკაში - შ.ხ.) იყო შობილი, განსხვავებით ნახევარკუნძულელისაგან; დღეს ამ სიტყვას იგივე შინაარსი აქვს ლა რეუნიონში, სადაც ყველა ამ კუნძულზე დაბადებული, რასობრივი კუთვნილების მიუხედავად, "კრეოლია", განხვავებით "ზორიელებისგან", რომლებიც მეტროპოლიურ საფრანგეთში იშვნენ. ტრინიდატში „კრეოლი" ადგილობრივს ნიშნავს, გარდა აზიელისა. სურინამში „კრეოლი" შავკანიანია, მაშინ როდესაც მეზობელ გვიანაში კრეოლი ევროპულ ყაიდაზე მცხოვრები პირია. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, ისინი შინაარსობრივად ეხმიანებიან კრეოლიზაციის თეორიას: კრეოლები აყრილი, გადასახლებული ხალხია, ისინი "ახალი სამყაროს" კუთვნელებაა, შერევის რაღაც ფორმის შედეგი, განსხვავებული ძველი, ღრმა ფესვების მქონე ხალხისგან. წინამდებარე ნაშრომის მიზანია კრეოლის კონცეფციის განხილვა მავრიკიელთა მაგალითზე - როგორც ლინგვისტური, ისე ეთნოგრაფიული კუთხით, და შემდგომ, ამის საფუძველზე, მისი შედარება კულტურისა თუ ხალხების კრეოლიზაციის ზოგად თეორიასთან.
ისინი, ვისაც არ ჩვევია ტერმინების აღრევა, ხშირად სვამენ კითხვას: რას ნიშნავს სინამდვილეში კრეოლი? მართლაც, ყველა სფეროში შეიძლება შეგვხვდეს ეს ტერმინი, კულინარიითა და ლუიზიანური არქიტექტურით დაწყებული, კარიბული ენებითა თუ ინდოეთის ოკეანიის ხალხებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ლოკალურ დონეზე ამ ტერმინს სხვადასხვა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს, არსებობს კრეოლური ენების სამეცნიერო, ზუსტი განსაზღვრება ლინგვისტიკაში და კულტურული კრეოლიზაციისა - ანთროპოლოგიაში. თუმცა კონკრეტულ საზოგადოებებში "კრეოლის" გაგებასა და სამეცნიერო ლიტერატურაში კრეოლის ან "კრეოლიზებულის" დეფინიციებს შორის თვისობრივი კავშირი არ არის. ამ მცირე ნაშრომის ძირითად პრინციპად გამოგვადგება გრეგორი ბეითსონის რჩევა, რომლის მიხედვითაც, თუ კვლევის დროს რომელიმე ტერმინს ვსესხულობთ, საჭიროა სწორედ იმ სფეროს მივმართოთ, რომელსაც ვესესხებით, რათა ჩავწვდეთ ანალოგიის შინაგან ლოგიკას. იგი აღნიშნავდა: "ტერმინების სესხებისას მე ყოველთვის მაფერხებდა პირველადი დისციპლინიდან მემკვიდრეობით მიღებული მკაცრი ფორმულირებები" (ბეითსონი, 1972: 75). ასე რომ, კარგი იქნებოდა გადაგვეხედა მავრიკელი კრეოლებისათვის, რათა ჩვენთვის უფრო ნათელი გახდეს კულტურის კრეოლიზაციის მოვლენა.

მავრიკი და მავრიკელი კრეოლები

კაპრიკორნის ტროპიკულ სარტყელზე მდებარე მავრიკი მადაგასკარიდან აღმოსავლეთით 800 კილომეტრითაა დაშორებული. ესაა მჭიდროდ დასახლებული, ხმაურიანი, დემოკრატიული წყობის კუნძულოვანი ქვეყანა. მისი მოსახლეობის საერთო რაოდენობა თითქმის მილიონს აჭარბებს; ერთ კვადრატულ კილომეტრზე 550 მოსახლე მოდის. იქ არ არსებობს აბორიგენი მოსახლეობა, ამ კუნძულის ყველა მცხოვრები სხვა მხარეებიდან (საფრანგეთიდან, ჩინეთიდან, აფრიკიდან, მადაგასკარიდან და ინდოეთიდან) ამ ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში ემიგრირებული ხალხის შთამომავალია. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ინდუსია, რომელიც სამ ქვე-ჯგუფად იყოფა: ჩრდილო ინდოელები (ინდურენოვანები), თამილები, თელუგები და მარატები, რომლებიც ეთნიკური თვალსაზრისით ერთმანეთთან თავს არ აიგივებენ. ყველაზე დიდ ეთნიკური ჯგუფს წარმოადგენს ჩრდილო ინდუსები, რომლებიც მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახ. 35% შეადგენს. 17% მუსლიმი ინდოელია, დაახ. 28% კრეოლი ან ფერადკანიანი კათოლიკეა, მალაგასიური (მადაგასკარელი - შ.ხ.) ან შერეული ოჯახიდან, 3% - ჩინური და დაახ. 2% - ფრანკო-მავრიკული წარმომავლობის.
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მავრიკის კუნძულზე არსებული ყველა კულტურა თუ იქ მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი, სხვადასხვა დონეზე, კრეოლიზებულია. მაგალითად, ბოიპურის დიალექტი, რომელზეც ბევრი ინდო-მავრიკელი საუბრობს, სხვა ენების იმდენად დიდ გავლენის განიცდის, რომ უკვე გაუგებარი ხდება ბიჰარში (შტატი ინდოეთში - შ.ხ.) მცხოვრებთათვის, რომლებიც ამ დიალექტზე საუბრობენ. ფრანკო-მავრიკელები - ისევე, როგორც ყველა მავრიკელი - მიირთმევს "კარის" ბრინჯით1. თითქმის ყველა მავრიკელი თავისუფლად ფლობს ფრანგულზე დაფუძნებულ კრეოლურ ენას, იგი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მშობლიურია. მავრიკელების ცხოვრების წესში და მსოფლმხედველობაში დალექილი და შერწყმულია, ერთი მხრივ, იმ ეთნიკური ჯგუფების ელემენტები, რომლებიც ქმნიან მავრიკის მოსახლეობას, მეორე მხრივ, გარედან - როგორც დასავლეთიდან, ასევე ინდოეთიდან და აღმოსავლეთ აზიიდან - მომავალი კულტურული გავლენა.
მიუხედავად მავრიკის საზოგადოების აშკარა კულტურული კრეოლიზებულობისა, ჩვეულებისამებრ, უშუალოდ კრეოლად იქ აფრიკული და/ან მალაგასიური წარმოშობის ხალხი იწოდება. უკვე 1850-იან წლებში მღველი პატრიკ ბიტონი თავის წიგნში "კრეოლები და კულიები2" (ბიტონი, 1997) ერთმანეთს ადარებს ორ დიდ - აფრიკული და ინდური წარმოშობის - ხალხს. ეს არ არის შემთხვევითი. შეგვიძლია თავისუფლად განვაცხადოთ, რომ კრეოლის მავრიკული გაგება კულტურული კრეოლიზაციის თეორიას უკავშირდება. მავრიკელთა წინაპრები აფრიკისა და მადაგასკარის მხარეების მონები იყვნენ, რომელთა ჩამოყვანა და კუნძულზე დასახლება ფრანგული კოლონიზაციისთანავე (1715 წ.) დაიწყო და 1810 წლამდე გაგრძელდა, ვიდრე მონებით ვაჭრობა აიკრძალებოდა. როგორც მონობაზე დაფუძნებულ ნებისმიერ კოლონიაში, ილ-დე-ფრანსის (ასე უწოდებდნენ ადგილობრივები იმდოინდელ ფრანგულ მმართველობას) გამგებლებიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ერეოდნენ, რითაც იშლებოდა ტრადიციული ოჯახური სტრუქტურა, ძირი ეთხრებოდა პოლიტიკური მმართველობის ფორმებს. თუმცა არ არსებობდა საერთო კულტურული საფუძველი, საერთო ენა, სანათესაო სტრუქტურა, კოსმოლოგია, საზოგადოებრივი ცხოვრების ტრადიციული სისტემა, რომელიც განახლებული ფორმით ყველასათვის მისაღები იქნებოდა. კულტურული მემკვიდრეობა, ისტორიული უწყვეტობის, თანმიმდევრობის შეგრძნება მონათა საზოგადოებაში ძალაუნებურად შეზღუდული იყო. კრეოლური კულტურა, როგორც სხვა შემთხევაში, მავრიკის კუნძულზეც სწრაფად განვითარდა - ფრანგული ენის ლექსიკის, გამარტივებული გრამატიკისა და სპეციფიკური გამოთქმის შერწყმით. ბერნარდინ დე სან პიერის მოგზაურობის წიგნში "მგზავრობა ილ-დე-ფრანსში" (1773 წ.) მოხსენიებულია აქა-იქ დაფიქსირებული კილოკავი, რომელიც სტურქტურულად აშკარად ახლოს დგას თანამედროვე მავრიკულ კრეოლურ ენასთან.
რაც შეეხება კულტურის სხვა სფეროებს, აღსანიშნავია ზოგიერთი რელიგიური რწმენა-წარმოდგენა და ჩვეულება, რომელმაც შეცვლილი ფორმით ჩვენამდე მოაღწია, მიუხედავად კრეოლების კათოლიკობისა, რომელთა მონა-წინაპრებს აიძულებდნენ მოქცეულიყვნენ ქრისტიანულ აღმსარებლობაზე. თუმცაღა, ყველაზე სახასიათო "აფრიკული კვალი" მუსიკასა და ცეკვაშია შემორჩენილი - ე.წ. "სეგა", რომელიც, ფაქტობრივად, მავრიკულ ნაციონალურ მუსიკადაა მიჩნეული, აშკარად აფრიკული წარმოშობისაა.
როგორც სხვა კრეოლების, მავრიკელების ისტორიაც სათავეს ემიგრაციული პროცესებიდან იღებს - მოგონება, კავშირი პირვანდელ საცხოვრისთან კრეოლებმა კოლონიაში მოხვერისთანავე დაკარგეს. სწორედ ამან განსაზღვრა ახალი კულტურული და სოციალური ფორმების ჩამოყალიბების აუცილებლობა, რაც უკიდურესად მძიმე პირობებში მიმდინარეობდა.

არა-კრეოლები

მოკლედ შევადაროთ ერთმანეთს კრეოლებისა და სხვა მავრიკული ჯგუფების მდგომარეობა. ჩინური წარმოშობის მავრიკელები - ყველაზე გვიან მოსულები კუნძულზე (მათი უმრავლესობა XX ს. დასაწყისში ეწვია მას) - კათოლიკობას ეზიარნენ და მნიშვნელოვანწილად კრეოლური ენაც აითვისეს, მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნეს თავიანთი ნათესაური სტრუქტურა, მატერიალური კულტურის ბევრი მხარე, ძირითადი რიტუალები, ასევე საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებენ აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრებ ნათესავებთან. რაც შეეხება ფრანკო-მავრიკელებს, მათი ურმავლესობის წინაპრები XVIII საუკუნეში მავრიკში ჩასული კოლონიზატორები არიან, რომელთა კავშირი თავდაპირველ სამშობლოსთან სულ უფრო და უფრო სუსტდება, თუმცა მთელი ამ ხნის მანძილზე ისინი ეკონომიკურ-კულტურული თვალსაზრისით დომინირებად დიასპორას წარმოადგენდნენ კუნძულზე (ეს მდგომარეობა, გარკვეულწილად, დღესაც შენარჩუნებულია). ნაპოლეონის ომების დროს, როდესაც ბრიტანელებმა მავრიკი დაიპყრეს, სრული კაპიტულაციის პირობით ფრანკო-მავრიკელებს გარანტირებული ჰქონდათ ტრადიციების, ენისა და რელიგიის ხელშეუხებლობა.
რაც შეეხება სხვა ინდო-ჩინურ ეთნო-ჯგუფებს, ისინი მავრიკზე ჩასვლის დროისათვის მონებზე უკეთეს მდგომარეობაში არ უნდა ყოფილიყვნენ (შეად. თინქერის წიგნი "საკონტრაქტო" ხასიათის ექსპლუატატორული სისტემის შესახებ "მონობის ახალი ფორმა", 1974). ისინი 1840-იანი წლებიდან ჩამოჰყავდათ მადრასიდან, კალკუტიდან, ბომბეიდან, რათა ახლადგათავისუფლებულ მონებს დაქირავებული მუშახელის სახით ჩანაცვლებოდნენ. ჩასვლისთანავე, მათდა სამწუხაროდ, გადაანაწილეს ბანაკებში, საკმაოდ მძიმე პირობებში. იქ, მართალია, თავისუფლები იყვნენ, მაგრამ ის თავისუფლება ნომინალური ხასიათის იყო; რეალურად მათი უფლებები საკმაოდ იზღუდებოდა, არ გააჩნდათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები. ისინი მართლაც "მონობის ახალ ფორმაში აღმოჩნდნენ". თუმცა მონებისგან მაინც განსხვავდებოდნენ, რაც ხაზგასასმელი მომენტია კრეოლურობასა და კრეოლიზაციაზე საუბრისას. ისინი მოსულები არიან ინდოეთის სხვადასხვა მხარეების: ბიჰარის, აღმოსავლეთ უტა-პრადეშის, ანდრა პრადეშის და მაჰარაშთრას სამოსახლოებიდან, მათ მავრიკზე ჩაიტანეს რწმენა-წარმოდგენები და სარიტუალო ჩვეულებების პრაქტიკა, ენა, ნათესაობრივი სტრუქტურა, კვების კულტურა, გამარტივეული კასტური წყობა და შესაბამისი პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმები (მათ შორის პანჩაიატები - სოფლის საბჭოები). უფრო მეტიც, ახალ მიწაზე დამკვიდრებულმა ინდუსებმა შეთხზეს, თითქოს სამხრეთ მავრიკში არსებული პატარა ტბა გრანდ ბასინი იზიარებდა მდ. განდის წმინდა წყალს (დღესდღეისობით ყველაზე დიდ ინდურ ფესტივალად ინდოეთის ფარგლებს გარეთ მიჩნეულია ყოველწლიური მაჰა სჰივარატრის პილიგრიმობა დიდ ბასინზე). დაქირავებული მუშახელის პირველივე ტალღის ჩასვლისთანავე აიგო ტაძრები, ხოლო მას შემდეგ, რაც უფრო ფართო უფლებები მოიპოვეს, ისინი სოფლებში დასახლდნენ, რომლებსაც დღესდღეისობით ტიპიური ინდური სოფლის იერი აქვთ მიღებული.
მიუხედავად კულტურული თვითმყოფადობის ასეთი დონისა, ძნელი არ იქნება გამოვყოთ ინდო-მავრიკელი ხალხის კულტურის და საზოგადოებრივი ცხოვრების ის მხარეები, რომლებიც აშკარად კულტურის კრეოლიზაციის შედეგია: ჩაცმის კულტურით დაწყებული - ფულადი ურთიერთობების (და დაქირავებული შრომის) პრინციპების საყოველთაობით დამთავრებული. ჯამჯამის სისტემა, ესოდენ მნიშვნელოვანი ინდურ პროვინციებში, ფრანგების გამოჩენისთანავე გაქრა; შესაბამისად, გაქრა კასტური სისტემისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი (მავრიკელ ინდუსებში მხოლოდ ოთხი კასტაა, რომლებიც გავლენას ახდენენ იქაური მოსახლეობის პოლიტიკურ, საქორწინო თუ ადამიანურ ურთიერთობებზე, თუმცა არა ისეთი ხარისხით, როგორც ეს თავად ინდოეთშია).
ინდო-მავრიკულ საზოგადოებებში, რომლებსაც წარმოადგენენ ჩრდილო ინდუსები, ჩრდილო ინდოელი მუსლიმები და თამილები, შესამჩნევი განსხვავებებია კულტურული თვითმყოფადობის თვალსაზრისით, ასევე თვითიდენტიფიკაციის საკითხების, დასავლური ენებისა (ინგლისურისა თუ ფრანგულის) და დასავლური კულტურისადმი დამოკიდებულების, კულტურული მემკვიდრეობის მხრივ, თუმცა მათი განხილვა ჩვენი კვლევის მიზანს არ წარმოადგენს. ნაშრომი, პირველ რიგში, მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კრეოლების, მეორე მხრივ - არა-კრეოლი მავრიკელების ისტორიულ განვითარებაში კულტურული და პოლიტიკური იდენტურობის პრობლემის კვლევას.
არაკრეოლ მავრიკელებს საშუალება აქვთ, თავიანთი პოლიტიკური და საარსებო ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს ხაზი გაუსვან საკუთარი კულტურის არა-მავრიკულ წარმოშობას და ძირძველ ტრადიციებს, ისინიც, კრეოლების მსგავსად, კულძულზე დიასპორას წარმოადგენენ - შორეულ წარსულში აყრილ-გადასახლებულებს; მაგრამ გენეალოგიური და კულტურული კავშირი წინაპრების სამშობლოსთან მათ საშუალებას აძლევს ილაპარაკონ თავიანთი ისტორიის უწყვეტობაზე, რომელიც პრეისტორიული დროიდან იღებს სათავეს და მეტიც, ხალხის ცნობიერებაში დაკავშირებულია წარსულის დიდ ცივილიზაციასთან - იქნება ეს ჩინური, ინდური, მუსლიმური თუ ევროპული. ასეთი სახის თვითგანსაზღვრა, რომლის რეალური საფუძვლის დანახვა ხშირად არცთუ ისე ადვილია, განსაკუთრებით აქტუალური იყო 1990-იან წლებში, რაც არა მარტო ერთა თვითგამორკვევის, არამედ ამავდროულად მავრიკის კუნძულის აყავავების პერიოდს დაემთხვა. გასული საუკუნე აღინიშნა მავრიკელი ინდუსების წარმატებული მოღვაწეობით ინდოეთის პოლიტიკურ ასპარეზზე; მუსლიმი მავრიკელები, რომლებიც, ტრადიციულად, უფრო რელიგიურ, ვიდრე ეთნიკურ (ინდურ ან პაკისტანურ) საფუძველზე ახდენენ თვითიდენტიფიკაციას, ოთხი წლის განმავლობაში ავითარებდნენ ურთიერთობებს არაბულ სამყაროსთან. დღეს საკმაოდ აქტიურია მავრიკელი თამილების ეროვნულ-პოლიტიკური მოღვაწეობაც, მაგალითად, მათ არქიტექტორები და მუშები დაიქირავეს თამილ ნადუდან, რათა შესანიშნავი თამილური ტაძარი აეგოთ ჩრდილოეთ მავრიკში. ფრანკო-მავრიკელები, თავის მხრივ, ხშირად მოინახულებენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოს. იგივე შეიძლება ითქვას მუსლიმ ინდო-მავრიკელებზე, რომლებიც, სხვადასხვა წმინდა ადგილის მოლოცვის პარალელურად, პაკისტანში მშობლიურ სოფლებს ეწვევიან ხოლმე.

მარტოსული კრეოლები

ზემოაღნიშნული ტრადიცია, რომელიც აძლიერებს კავშირს დიასპორასა და მეტროპოლიას შორის, ამავე დროს, ხელს უწყობს მავრიკული მოსახლეობის ერთ მუშტად შეკვრას, შეკავშირებას, რადგან ანეიტრალებს უფესვობის, გარიყულობის, უსამშობლობისა და კრეოლიზაციის გრძნობას. რაც შეეხება თავად კრეოლებს, მათ ნაკლები საფუძველი აქვთ, სხვა ხალხებს მიაკუთვნონ თავი და მათი მისწრაფებები გაიზიარონ. იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ მხოლოდ რამდენიმე ერთეული კრეოლი ცნობს თავს აფრიკული კულტურის მემკვიდრედ. მეცნიერები შეეცადნენ ჩინური წარმოშობის მავრიკელის, ინდო-მავრიკელის და სხვათა მსგავსად, კრეოლის სინონიმად გამოეყენებინათ ტერმინი "აფრო-მავრიკელი", თუმცა წარუმატებლად. თითზე ჩამოსათვლელია ის მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებს აშანტის თუ იორუბას არქმევს, ამ დროს კი ჟაკი და მარი მასიურად გავრცელებული საკუთარი სახელებია. პირდაპირი კავშირი კრეოლებსა და აფრიკელებს შორის მინიმალურია; მავრიკის აყვავებული, წარმატებული საფეიქრო წარმოების გაფართოება მადაგასკარზე უცხო ეთნიკური წარმოშობის ინვესტორების მიერ ხორციელდება.
აფრიკული კულტურის მემკვიდრედ კრეოლის გამოცხადებას მართლაც მყიფე საფუძველი ექნებოდა. აღმოსავლეთ თუ დასავლეთ აფრიკის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მონების მავრიკზე მოხვედრისთანავე მოხდა მათი აღრევა, რის შედეგადაც ამჟამად ნებისმიერ კრეოლს გაუჭირდება თავისი წინაპრის კონკრეტული სამშობლოს მიკვლევა. სხვა მავრიკული საზოგადოებებისგან განსხვავებით, კრეოლები განიცდიან კოლონიამდელი ისტორიის, მემკვიდრეობის არქონას, დღეს მათ არ შეუძლიათ, თავი კონკრეტულ დიდ ცივილიზაციას მიაკუთვნონ, ან რომელიმესთან მჭიდრო კავშირებზე ისაუბრონ.
1990-იანი წლებიდან მავრიკის საზოგადოების ყველაზე მწვავე პრობლემა იყო le malaise créole - მარტოსული კრეოლი (სიტყვასიტყვით: "შეწუხებული კრეოლი" - შ.ხ.) - კრეოლური სინდრომი. 1980-იანი და 1990-იანი წლები კუნძულზე ცხოვრების დონის ამაღლებითა და განათლების სისტემის გაუმჯობესებით აღინიშნა, რომლის ფონზე აშკარად გამოჩნდა კრეოლური საზოგადოების ჩამორჩენა, რომელიც ამ პროცესების მიღმა აღმოჩნდა. ზოგიერთები ამის მიზეზად თვლიდნენ კრეოლურ კულტურას, რომელშიც დიდ როლს თამაშობს ინდივიდუალიზმი, თავისუფლება და მომხმარებლობა, აღნიშნავენ აგრეთვე მის სპეციფიკურ საზოგადოებრივ წყობას. ამ უკანასკნელში სუსტია ნათესაური მოვალეობანი, რომელიც ესოდენ დამახასიათებელია სხვა ჯგუფებისთვის. ნათქვამი უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, მაგალითისათვის ავიღოთ ინდუსები, რომლებიც დღესდღეისობით პოლიტიკურ ჰეგემონიას ახორციელებენ კუნძულზე. მათთვის, პირიქით, დამახასიათებელია ნათესაური გრძნობები, ნეპოტიზმი, საიდანაც გამომდინარეობს მათი დომინირება სახელმწიფო სექტორში. უნდა ვაღიაროთ, რომ ინდუსების დამოკიდებულება კრეოლური კულტურისადმი ბევრ რამეში მართებულია. მეტიც, როგორც წინა გამოკვლევებში აღვნიშნე (ერიქსენი, 1988), ძლიერი ინდივიდუალიზმი, ესოდენ დამახასიათებელი კრეოლებისათვის, სულაც არ გამომდინარეობს "აფრიკული ფესვებიდან": იგი სათავეს იღებს მონობისდროინდელი სოციალური პირობებიდან, როდესაც ოჯახი და ნათესაობის სისტემა დანგრეული იყო, რის შედეგადაც ინდივიდუალიზმი გამოიკვეთა, როგორც მთავარი, უპირველესი ღირებულება; სოციალური ურთიერთობებიც, თავისი ბუნებით, უფრო ინდივიდუალიზებული და ფორმალური გახდა. თანამედროვე დემოკრატიული, კაპიტალისტური სამყაროს ასპარეზზე კრეოლებს აშკარად სუსტი პოზიციები აქვთ, რაც გამომდინარეობს მათი სუსტი სოციალურ მოწყობიდან და, როგორც ეს უკვე დავასკვენით, "სიმბოლური დედაქალაქის" არქონის ფაქტიდან, რომელიც წარმოსახვითი "მემკვიდრეობითობის" მომენტს უკავშირდება.
აქვე კარგი იქნებოდა მოგვეხსენიებინა ის პოლიტიკოსები, რომლებიც მავრიკის უახლეს ისტორიაში აქტიურად ცდილობნდნენ განესაზღვრათ საკუთარი კულტურისა და ხალხის ადგილი თანამედროვე მსოფლიოში. მათგან გამოვყოფდი სამი ათწლეულის განმავლობაში მოღვაწე წარმატებული პოლიტიკური ლიდერის, აწ განსვენებული გაეტან დიუვალის თვალსაზრისს. კერძოდ, იგი ხაზს უსვამდა კრეოლის სიცოცხლისმოყვარეობას (joie-de-vivre) და ცხოვრების ევროპულ სტილს, რომელსაც უპირისპირებდა კოლექტივისტურ, ტრადიციონალისტურ და უღიმღამო, განუვითარებელ ინდო-მავრიკულ კულტურას. უნდა ითქვას, რომ დიუვალი მემარჯვენე იყო და ნაკლებად ითვლებოდა ღარიბებისა და უუფლებოთა დამცველად. მავრიკელი კრეოლების თვითგანსაზღვრის საინტერესო ფორმაა ტრადიციული სეგასა და რეგის3 ბოლოდროინდელი მუსიკალური სინთეზი, რომლის შედეგია "სეგი" (seggae). იგი იყო არა მარტო 1990-იანი წლების ყველაზე პოპულარული ადგილობრივი მუსიკალური მიმდინარეობა, არამედ მან გადო გარკვეულწილად დაგვიანებული ხიდი, ერთის მხრივ, სეიშელის კრეოლებსა და მავრიკელ კრეოლებს, ხოლო მეორე მხრივ, კარიბის რასტაფარიულ მოძრაობას შორის4. როგორც ჩანს, ისტორიული პარალელები და კულტურული მსგავსებანი ინდოეთის ოკეანიასა და კარიბის კუნძულებს შორის დღესაც აქტუალურია: მხოლოდ ა.წ. ოქტომბერში, პირველად, მავრიკის კუნძულმა უმასპინძლა ტრინიდატულ სტილ-ბენდს, მედოლეთა ჯგუფს5. მართალია, ცოტა ვინმე თუ დაინტერესებულა მითოლოგიის სფეროში ეთიოპიის აფრიკული მოსახლეობის ფესვების ძიებით, მაგრამ ახალი ურთიერთობები აფრო-კარიბულ კულტურასთან ბევრ კრეოლს გაუადვილებს "თავისიანის" პოვნას და გადაალახვინებს თივთიდენტიფიკაციის დილემას, რითაც განისაზღვრება ამავდროულად "სიმბოლური დედაქალაქის" საკითხიც. საერთო-კრეოლური საწყისებისა და მათი მატარებლების ძიება კრეოლებს თვითგანსაზღვრასა და რომელიღაც გლობალური ერთობისადმი კუთვნილების პრობლემის დაძლევაში დაეხმარება.

მავრიკი, მრავალი თვალსაზრისით, გაცილებით იზოლირებული და კონსერვატიული საზოგადოებაა კარიბულთან შედარებით. ძველი პლანტატორების შთამომავლების წინააღმდეგ ამხედრების ნაცვლად, მავრიკელი კრეოლები კვლავაც ფრანკოფილებად რჩებიან და სულაც არ აპირებენ პლანტატორული ელიტის მიერ მიჩენილი ადგილისთვის ალტერნატივის პოვნას. თუმცა, მდგომარეობა შეიძლება შეიცალოს (იხ. ერიქსენი, 1999 წ., იმავე წლის თებერვლის მავრიკის არეულობების ანალიზი). მზარდი მობილურობა კრეოლებს შორის ძირითადად ინდივიდუალურ ან ბირთვულ-ოჯახურ დონეზე შეიმჩნევა, განსხვავებით სხვა საზოგადოებებისაგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ბოლო დროს არსებობს ტენდენცია, რომლის მიხედვით, წარმატებული კრეოლი უკვე აღარ ითვლება კრეოლად. მარვიკელი კათოლიკეების წარმოდგენები, ეროვნული თვალსაზრისით, წმინდა წყლის სტერეოტიპებითაა აღსავსე და ისინი შეიძლება განვიხილოთ კონტინუუმში: თავში - თეთრკანიანი (ევროპელი), განსწავლული, ქალაქელი, მდიდარი, ფრანგულენოვანი პიროვნება; ბოლოში - შავკანიანი (აფრიკელი), გაუნათლებელი, სოფლელი, ღარიბი, კრეოლურზე მოსაუბრე ადამიანი. ამ ორ უკიდურესობას შორის არსებობს უამრავი სოციალური გასხვავება, თუმცაღა კანი, ფერი, ენა, საცხოვრებელი ადგილი, განათლება და სიმდიდრე მთავარი მახასიათებლებია. როდესაც კრეოლი ამ სკალაზე ზევით მიიწევს, იგი, ჩვეულებრივ, განიხილება, როგორც "ფერადკანიანი" (gen de couleur), ანუ, როგორც პიროვნება, რომელიც მიისწრაფვის ევროპული ან ფრანკო-მავრიკული ფასეულობების შეთვისებისაკენ. ფაქტობრივად, ეს კლასიფიკაცია არ წარმოაჩენს სინამდვილეში არსებულ კანის ფერს, თუმცა წარმატებულ კრეოლს თითქმის ყოველთვის შეუძლია თეთრკანიან მანდილოსანზე დაქორწინება. მაშასადამე, მავრიკზე ხმარებადი "კრეოლი" გულისხმობს არამარტო მონის შთამომავალსა და კულტურულად აღრეულს, არამედ დაბალ სოციალურ კლასსაც - milieu populaire-ს პროლეტარიატს. ამას ისტორიული წინაპირობა აქვს: ქალაქში მცხოვრებ საშუალო კლასს კოლონიურ მავრიკში ძირითადად შავკანიანი მონა-ქალისა და თეთრკანიანი მებატონის შთამომავლები წარმოადგენდნენ. ისინი თავისუფლები იყვნენ, განათლებაც ჰქონდათ მიღებული, თუმცა არ გააჩნდათ კერძო საკუთრება; მიუხედავად საყოველთაო სოციალური ცვლილებებისა, კოლონიური კლასიფიკაცია მავრიკში კვლავ ცოცხალია.

კრეოლის ორი სახე

ზოგიერთი პირი, რომელიც ყველა მახასიათებლით კულტურულად კრეოლიზებულია (გენეტიკურად აღრეული, სხვადასხვა ტრადიციათა სისტემის გამზიარებელი) და, ერთი შეხედვით, მავრიკის კულტურული "მოზაიკის" განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ადგილობრივთა შორის არ იწოდება "კრეოლად". ეს, როგორც აღვნიშნე, სწორედ რომ დღემდე მოქმედი კოლონიური სოციალური კლასიფიკაციის ბრალია, რომელიც იმდროინდელი მოუქნელი და კარჩაკეტილი კოლონიური ეკონომიკის ტრადიციებსაც შეიცავს.
მეორე მხრივ, ვარაუდობენ, რომ ლოკალური კლასიფიკაცია უფრო კარგად უდგება კრეოლიზაციის ანალიტიკურ კონცეფციას. მშვენიერ მაგალითად გამოდგებიან ჩემი ნაცნობები, რომლებიც საშუალო კლასს ეკუთვნიან და მავრიკული ქალაქის ერთ-ერთ კვარტალში ცხოვრობენ. კაცი თამილია, ხოლო მეუღლე - ჩრდილო ინდუსი. ვაჟი, შესაბამისად, შერეული ქორწინების პირმშოა. ვინაიდან მამამისი თამილია, ბიჭმა, წესით, განათლება სკოლაში თამილურ ენაზე უნდა მიიღოს, თუმცა ეს ენა მის ოჯახში არც გაჟღერებულა. თავად ოჯახის ცხოვრების წესი ნამდვილად რომ კრეოლიზებულია - კვების, ჩაცმულობის, სახლის ინტერიერის გაფორმების, რიტუალებისა თუ მუსიკის ჩათვლით; მათში ორივე - ინდური და ევროპული გავლენაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, არცაა გასაკვირი, რომ ამ ყმაწვილს არ სურს თამილურად გაკვეთილების მოსმენა და აცხადებს, რომ იგი კრეოლია, ვინაიდან მისთვის მშობლიური ენა კრეოლურია. მშობლები, ჩემთან ამაზე საუბრისას, აღნიშნავენ, რომ არაფერი აქვთ ამის საწინააღმდეგო, რადგან მათთვის ეთნიკური მომენტი მეორეხარსხოვანია, თუმცა აღელვებთ განათლების დონე. ბიჭმა, როგორც ბევრმა სხვა არააფრიკული წარმომავლობის მავრიკელმა - და არა როგორც, უბრალოდ, შერეული ქორწინების ნაყოფმა - თავი კრეოლად მიიჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ კრეოლურ ენაზე მეტყველებდა და არ ეკუთვნოდა კუნძულზე არსებულ არც ერთ სხვა აზიურ და ევროპულ დიასპორას. ამ სახის პროცესები, რომელსაც მავრიკზე "კრეოლიზაციის" ახალ ფორმას უწოდებენ, საკმაოდ ენათესავება კრეოლიზაციის ანთროპოლოგიურ კონცეფციას.
ეთნიკური იდენტურობისაგან განსხვავებით, კრეოლური იდენტურობის მნიშვნელოვანი მხარეა ცვალებადობა და ღიაობა. ზოგჯერ ამბობენ: "დღესდღეისობით ბევრი კრეოლი დაემგვანა ინდოელს". ბევრი მავრიკელი, ქრისტიანული სახელითა და "კრეოლური" ოჯახით, კრეოლური კავშირებითა და ცხოვრების წესით მართლაც წააგავს ინდოელს. ყოველივე ამის მიზეზი გადაგვარება და შერეული ქორწინებებია. ჩვეულებრივ, კრეოლები უფრო ტოლერანტები არიან შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით, ვიდრე სხვა მავრიკული საზოგადოებები; უფრო სავარაუდოა ადამიანი კრეოლი გახდეს, ვიდრე ინდუსი, ჩინო-მავრიკელი თუ ფრანკო-მავრიკელი. მაშასადამე, შავკანიანი მუშათა კლასის გარდა, რომლის უმრავლესობის წინაპარი მონა იყო, კრეოლებად ითვლებიან აგრეთვე თანამედროვე "პოსტმოდერნული" ჯგუფები, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მრავალ მიზეზთა გამო, ვერ ჯდებიან ვერც ერთ სხვა ჯგუფში. გარდა ამისა, შერეული ქორწინებების რიცხვის ზრდის გათვალისწინებით, ბევრი მავრიკელი სამყაროს საყოველთაო კრეოლიზაციის კონტექსტში განიხილავს: tu dimunn pu vini kreol. კულტურული შერევისა თუ აღრევის თვალსაზრისი მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ინდივიდუალიზმის იდეა.
სანამ თავად საკითხის განხილვაზე გადავიდოდეთ, მართებული იქნებოდა ორიოდე სიტყვით შევხებოდით კრეოლურ (მორისიულ) ენას, რამეთუ იგი ნათელს ფენს არა მარტო კრეოლების მდგომარეობას და ადგილს მავრიკულ საზოგადოებაში, არამედ გვეხმარება კრეოლიზაციის კონცეფციის სწორად გაგებაშიც. კრეოლური ენა XVIII საუკუნეში შეიქმნა თავად კრეოლების მიერ, თუმცა მთელი მავრიკის მოსახლეობისთვის ამჟამად იგი "lingua franka"-ს წარმოადგენს, ხოლო ბევრი მათგანისათვის - მშობლიურ ენასაც. მიუხედავად ამისა, კრეოლური ენის ოფიციალურ ენად გამოცხადების ცდები წარუმატებლად მთავრდებოდა: 1982 წელს ხელისუფლებაში პირველად მოსულმა რადიკალურმა პარტიამ სცადა კრეოლური ენის დამკვიდრება მედიასა და სკოლებში, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიდ წინააღმდეგობას შეხვდა არა ინდო და ფრანკო-მავრიკელებისგან, არამედ, თავად კრეოლების მხრიდან. საერთოდ, კრეოლთა უფლებებისათვის მებრძოლი ჯგუფი საკმაოდ მცირერიცხოვანია და ცნობილია, როგორც მემარცხენე ფრთის წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ კრეოლური ერთადერთი ენაა, რომელიც თითქმის ყველა მავრიკელისთვის გასაგებია, მათ არ სურთ მისი ოფიციალურ ენად აღიარება. საინფორმაციო საშუალებებში, საგანმანათლებლო სისტემასა და სახელმწიფო ადმინისტრაციაში ინგლისური და ფრანგულია გაბატონებული. ფრანგული კულტურის სფეროში დომინირებადი ენაა, ინგლისური კი სამოქალაქო ადმინისტრირებისათვის გამოიყენება. კრეოლის ასეთი დამოკიდებულება სამი მიზეზით შეიძლება ავხსნათ: პირველ რიგში, კრეოლური ენა ისევ და ისევ მიიჩნევა, როგორც "ფრანგულის ღატაკი შვილობილი" - გაღარიბებული, ზედაპირული და მარტივი დიალექტი. მეორე მიზეზია შიში იმისა, რომ ინგლისურისა და ფრანგულის ხარჯზე კრეოლურის აქტიური გამოყენება შეიძლება მავრიკის იზოლაციის მიზეზი გახდეს, რადგან კრეოლური სხვაგან მხოლოდ სეიშელის კუნძულებზეა გავრცელებული. მესამე მიზეზს ისევ კრეოლის კულტურული იდენტურობის, თვითმყოფადობის საკითხთან მივყავართ, მითუმეტეს, რომ ეს ენა ადგილობრივებისათვის, ფაქტობრივად, კრეოლთა ეთნიკურ ჯგუფთან და კრეოლიზაციასთანაა ასოცირებული. საინტერესოა, რომ მხოლოდ რამდენიმე ეთნიკური კრეოლი მოითხოვს მისი ენის ოფიციალურ ენად აღიარებას. იგი კრეოლია შეფასებით კონტექსტში - როგორც ევროპულ სოციალისტურ ბანაკში: ზოგი მომხრეა მულტიკულტურალიზმის ძლიერი ფორმებისა, სხვები კი ცალსახად უარყოფენ კულტურულ ტრადიციებს, როგორც ადამიანის თვითიდენტიფიკაციის საფუძველს.
მავრიკის კუნძულების მოსახლეობა იცვლება, იცვლება კრეოლების შეხედულებებიც. მაშინ, როდესაც "კრეოლის" ტრადიციული გაგება რასობრივი ხასიათისაა, იგი შეიძლება სხვადასხვა სახის აღრევის შედეგიც იყოს - ქრისტიანობის მიღების, შერეული ქორწინებების და სხვადასხვა მშობლების ყოლისა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობის აღწერამ დაგვანახა, რომ კრეოლური ენა მავრიკელი მოსახლეობის სალაპარაკო ენაა, ასე ყოფილა წარსულშიც; ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ პიროვნება, რომლის ისტორიული ენა კრეოლურია (და არა რომელიმე აღმოსავლურ ენათაგანი ან ფრანგული), თავის თავს მიიიჩნევს მავრიკელად და არა სხვა ძველი ცივილიზაციის მემკიდრედ, ანუ იმ საზოგადოების წევრად, რომელიც დაეფუძნა აღრევის პრინციპს.

კრეოლები და კრეოლიზაცია

შევაჯეროთ ყოველივე ზემოთქმული: მავრიკული წარმოდგენა კრეოლურობაზე, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ენასა და ეთნიკურობასთან, თუმცა არა მარტო მათთან. მართალია, ინდო-მავრიკელების უმრავლესობა კრეოლურ ენაზე მეტყველებს, მათ შორის სალაპარაკო, საურთიერთობო ენად კვლავ ჰინდი რჩება. ეს კი ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხოვრობენ აყრილ, მიგრირებულ და არეულ საზოგადოებაში, ისინი კვლავ ინარჩუნებენ ისტორიულ თვითმყოფადობას, დამყარებულს სიწმინდის, წარსულის უწყვეტობისა და საზღვრების წარმოდგენებზე.
კრეოლის, როგორც ეთნიკური ჯგუფის გაგებას განსაზღვრული კრიტერიუმი არ გააჩნია: შენ შეგიძლია იყო კრეოლი, თუ ხარ თუნდაც მუსლიმი - დავუშვათ, აფრიკული წარმოშობისა - და მეტყველებ კრეოლურ ენაზე. შენ შეგიძლია იყო კრეოლი, თუ ხარ თუნდაც ინდური წარმომავლობის, ქრისტიანი და შენი ცხოვრების წესით კრეოლური ფასეულობებისადმი ერთგულებას ამჟღავნებ. ამ თვალსაზრისით, კრეოლის ეთნიკური კატეგორია, რომელსაც არა აქვს ძლიერი აქცენტი წარმომავლობაზე, ღიაა ახალი წევრებისთვის და, გარკვეულწილად, სწორედ ამის გამო, პოლიტიკურად ძალზედ სუსტადაა ორგანიზებული. კრეოლურობა ნიშნავს არევას და აღრევას, ღიაობას და ინდივიდუალიზმს.
რაც შეეხება კრეოლურ ენას, იგი განიხილება შედარებით პრიმიტიულ და შეზღუდულ სალაპარაკო დიალექტად, რომელსაც არ გააჩნია ისტორია და ლიტერატურა, განსხვავებით დიდი ცივილიზაციის ენებისაგან, როგორიცაა ინგლისური, ფრანგული, ინდუსთა ენა, ურდუს და მანდარინის. მისი გამოყენება გაპირობებულია უნარით, გააერთიანოს საერთო ურთიერთობის პრიზმაში ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ჯგუფები.
დღესდღეისობით, კულტურის კრეოლიზაციის კონცეფციის ანთროპოლოგიური მნიშვნელობა საკმაოდ უახლოვდება მავრიკულ გაგებას. კრეოლიზაცია არის პროცესი, რომლის მეშვეობით ახალი საერთო კულტურული ფორმები და ურთიერთობების ახალი შესაძლებლობანი კონტაქტის შედეგად ერთმანეთს ერწყმიან. კრეოლიზაცია ხაზს უსვამს კულტურული პროცესების დაუსრულებელ, მოქნილ და განუსაზღვრელ ბუნებას, განსხვავებით წარმოდგენისაგან კულტურაზე, როგორც განსაზღვრულ, ურთიერთობათა სტაბილური სისტემის მქონე ფენომენზე.
მავრიკელთა მსჯელობაში წარმოდგენა ცვლილებაზე, პიროვნულ არჩევანსა და ჰიბრიდულობაზე მუდმივად დაპირისპირებულია ტრადიციის, სტაბილურობის, დამკვიდრებული, განსაზღვრული ფასეულობებისადმი ერთგულების და სიწმინდის ცნებებთან. ასეთი სახის კამათი, ფაქტობრივად, მეორდება სამეცნიერო წრეებშიც, სადაც განიხილავენ უძრაობისა და ცვალებადობის, ჩაკეტილობისა და ღიაობის ურთიერთმიმართების საკითხებს. მავრიკული გაგებით, კრეოლის მოვლენა - იქნება ეს ეთნიკური ჯგუფი კრეოლებისა, კრეოლური ენა თუ კრეოლიზებული ხალხი - თითქმის ყოველთვის წარმოაჩენს ძირითად თვისებას, რასაც მუდმივად შეიცავს კულტურის კრეოლიზაციის პერსპექტივა. როგორც დავინახეთ, კულტურულად მყარი თვითშეგნების მქონე საზოგადოებების მიერ დომინირებად გარემოში კრეოლების, როგორც ეროვნული კატეგორიის ძირითადი პრობლემაა სუსტი შინაგანი ორგანიზაცია და ლიდერის მუდმივი საკითხი, აგრეთვე წარმომავლობის შესახებ წარმოდგენის არარსებობა, რომელიც არ იძლევა სხვასთან თვითიდენტიფიცირების საშუალებას. ზოგიერთი კრეოლური ორგანიზაცია ცდილობს მიეკედლოს, მიეთვისოს უცხო, სხვა ეთნო-ჯგუფებს და თავისი კრეოლური თვითმყოფადობა მის თარგზე გამოჭრას. ამასობაში, შეინიშნება აქტიური საწინააღმდეგო მოძრაობაც - მავრიკულის, როგორც "სისხლაღრეული" კულტურისადმი ერთგულება, "მემკვიდრეობითი კულტურებისაგან" ელემენტების სესხება და თანაარსებობა (მაგალითად, ბევრი ინდო-მავრიკელი უკრავს სეგას), ასევე ღიაობა ცვლილებებისადმი. ორივე ტენდენცია თანაარსებობს და ნათლად ისახება პოლიტიკურ დისკუსიებში. მნიშვნელოვანი პარამეტრებია გამოსახული სქემაზე: დებატები ძირითადად ეხება კულტურის მსგავსების და კულტურათა სხვადასხვაობის ურთიერთმიმართებას - ამ შემთხვევაში, მავრიკელი პოლიტიკოსები, თავიანთი ევროპელი კოლეგებისგან განსხვავებით, უპირატესობას მრავალფეროვნებას ანიჭებენ, ვიდრე ჰომოგენიზაციას. მეორე მხრივ, ლაპარაკია სიწმინდისა და აღრევის ცნებათა ურთიერთმიმართებაზე. როგორც სქემა გვიჩვენებს, კამათის ეს მხარე მავრიკის კუნძულს სცილდება და, შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს დასავლურ პოლიტიკურ იდეოლოგიასაც კი (და, ამასთანავე, შესაძლოა, აკადემიურ კამათს კულტურის ბუნების შესახებ).

მოდით, საბოლოოდ განვსაზღროთ, როგორ ესმის კრეოლიზაცია ლინგვისტიკას. ამ დარგში ტერმინ კრეოლს (კრეოლურს) მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. მაგალითად, ახლადგამოცემული Penguin-ის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, კრეოლური ენა არის პიჯინი (lingua franca), რომელიც დროთა განმავლობაში დედა-ენად იქცა. ასეთი ენის სტრუქტურული და სტილისტური მხარეების გავრცელების პროცესს კრეოლიზაცია ეწოდება" (ხაზგასმა ენციკლოპედიისაა). შემდგომში განმარტებულია, რომ დეკრეოლიზაცია ხდება მაშინ, როცა რომელიმე ჩვეულებრივი ენა გავლენას ახდენს კრეოლურზე, რის შედეგიცაა "პოსტ-კრეოლური კონტინუუმი", რომელიც სტანდარტული ენისგან სხვადასხვა დონეებით დაშორებული დიალექტების უაზრო, უწესრიგო სისტემას წარმოადგენს. პოსტ-კრეოლური კონტინუუმის მშვენიერი, თვალსაჩინო მაგალითია ენობრივი მდგომარეობა ტრინიდატში, სადაც სალაპარაკო ენა სტანდარტული ინგლისურიდან ჩამოყალიბებულ, ორიგინალისაგან საკმაოდ დაშორებულ დიალექტს წარმოადგენს.
ანთროპოლოგიისათვის კულტურული კრეოლიზაციის მავრიკული გაგება უფრო ახლოა, ვიდრე კრეოლის ლინგვისტური განმარტება. თუნდაც ის რად ღირს, რომ კულტურის კრეოლიზაციის ჩვენეული გაგება სულაც არ არის იმ მასშტაბის, როგორიც მანამდე არსებული კულტურული პიჯინიზაციის პროცესი. სხვა მხრივ, კულტურული კრეოლიზაცია იშვიათად იღებს დასრულებულ, კონკრეტულ სახეს. გასაკვირია, რომ დღეს მავრიკელების გარკვეული ნაწილი ცდილობს გააფეტიშოს და დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს საკუთარ კულტურულ ფესვებს, რაც წინააღმდეგობაშია კრეოლიზებულობასთან. პოსტ-კრეოლური კონტინუუმის ფორმულა დიდ რეზონანსს უნდა იწვევდეს ანთროპოლოგთა რიგებში, რადგან იგი უარყოფს აბსოლუტურ საზღვრებს და, სამაგიეროდ, ხაზს უსვამს სხვადასხვაობას ერთ ენაზე მოლაპარაკე საზოგადოებებს შორის. თუმცა, გამომდინარე კულტურული კრეოლიზაციის პროცესის მოძრავი და მრავალფეროვანი ხასიათიდან, კულტურული თვალსაზრისით იგი ე.წ. "პოსტ-კრეოლურ კონტინუუმსაც" .გულისხმობს.
დეკრეოლიზაციის კონცეფციის გამოყენება არ არის მაინცდამაინც მომგებიანი ანთროპოლოგიურ კვლევებში, რადგან არ არსებობს არანაირი ემპირიული ხერხი "სტანდარტულ კულტურასა" და "კრეოლურ კულტურას" შორის ზღვრის გავლებისა, როგორც ამას ენათმეცნიერები აკეთებენ. მიუხედავად ამისა, მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით "დეკრეოლიზაცია" შეიძლება ვიხმაროთ, როგორც მიგრანტების მცდელობა - დაბრუნდნენ სამშობლოში, ანუ გაექცნენ კულტურულ აღრევას და დაიცვან თავი სხვა დიდი კულტურის მომძლავრებისაგან.
საერთო ჯამში, მიუხედავად ყველაფრისა, ლინგვისტური ანალოგიების გამოყენება ყოველთვის წარმატებული არ არის. თუმცა ტერმინი "კრეოლური საზოგადოება" მნიშნელოვანია, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მავრიკელი კრეოლების მდგომარეობა კულტურის კრეოლიზაციის თეორიის საყურადღებო მხარეებს წარმოაჩენს: ღიაობა და ცვლილებებისადმი მიდრეკილება, კულტურული მოქნილობა, შერეული ბუნება, ინდივიდუალიზმი და სიმყიფე კოლექტიური თვითგააზრების/კუთვნილების დონეზე. როგორც მთელ მსოფლიოში, კრეოლი, კრეოლურობის გარეთ თუ მის საზღვრებში, უპირისპირდება კულტურულ თვითმყოფადობას. სხვათა შორის, ეს დასკვნა ადასტურებს კრეოლური საზოგადოებების ხშირად აღნიშნულ მოდერნულობას. კარიბის რეგიონისა და ინდოეთის ოკეანიის საკითხებით დაკავებული ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს ამ არეალზე მოსახლე ხალხებისათვის დამახასიათებელ სუსტ ნათესაობით სტრუქტურას, ინდივიდუალიზმსა და ურთიერთობათა პრაგმატულ ხასიათს; სხვები ყურადღებას ამახვილებენ "დროებით", კულტურული კუთვნილების გარდამავალ და არამყარ/მოძრავ კატეგორიაზე. ჩემი მხრივ, აღვნიშნავდი, რომ კრეოლიზაციის კონცეფცია, რომელიც ამ ბოლო დროს ანთროპოლოგიაში გამოიყენება, როგორც თანამედროვე რთული მოვლენების ანალიტიკური მეთოდი, კრეოლური საზოგადოებებისათვის საუკუნეების მანძილზე არსებული რეალობა იყო.

ლიტერატურა:

I. გრეგორი ბეიტსონი (1972). "მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალის გააზრების ცდები". იხ. Steps to an Ecology of Mind. New York: Basic Books.
II. პატრიკ ბიტონი (1977 [1859]) კრეოლები და კულიები, ანუ ხუთი წელი მავრიკზე. ლონდონი, კენიკატი.
III. გაეთან ბენუა (1985) აფრო-მავრიკელი: ესსე. მავრიკი, მოკა: მაჰათმა განდის ინსტიტუტი.
IV. თომას ჰიულარდ ერიქსენი, კულტურულ სხვაობათა და კუთვნილებათა ურთიერთმიმართების საკითხი: ეთნიკურობა და ნაციონალიზმი მავრიკში. ოსლო, სოციალური ანთროპოლოგიის დეპარტამენტი,
V. მისივე - მულტიეთნიკურობის პრობლემები: გაკვეთილი 1999 წ. მავრიკის არეულობებისა. ლექცია წაკითხული კონფერენციაზე "ნაციონალიზმი, იდენტურობა და უმცირესობათა უფლებები", ბრისტოლის უნივერსიტეტი, 16-19 სექტემბერი, 1999 წ.
VI. ჯონათან ფრიდმენი (1994) კულტურული იდენტურობა და გლობალური პროცესი, ლონდონი, SAGE.
VII. ულფ ჰანერზი (1992) კულტურული დილემა: კვლევები კულტურული ორგანიზაციის ანალიზისა. ნიუ-იორკი: Columbia University Press
VIII. Penguin Dictionary of Language (1999). Harmondsworth: Penguin.
IX. ბერნარდინ დე სან-პიერი (1983 [1773]) Voyage à L'Ile de France, პარიზი, მასპერო
X. ჰიუ ტინკერი (1974) მონობის ახალი ფორმა: ინდური სამუშაო ხელის ექსპორტი ოკენანის გაღმა 1880-1920. ოქსფორდი: Oxford University Press

კომენტარები მთარგმნელისაგან:

1. კარი (curry) - ცხარე ინდური (თამილური) კერძი ხორცითა და ბოსტნეულით, ჩვეულებრივ იჭმევა ბრინჯთან ერთად
2. კულიები - არაპროფესინალი, არადახელოვნებული მუშახელი ინდოეთში, ჩინეთში და სხვა აღმოსავლური ქვეყანაში . ასევე წარსულში ინდოელის აღსანიშნავადაც იხმარებოდა (უხეში ფორმა). წარმოიშვა თელუგიური და თამილური სიტყვიდან "დღიური მუშა; დაქირავებული"
3. რეგი - ვესტინდური წარმოშობის მუსიკალური სტილი, რომელიც, სოციალური და პოლიტიკური თემატიკის სიმღერების წყალობით, პოპულაურ მიმდინარეობად იქცა 1960-იანი წლების იამაიკაში.
4. რასტაფარიანიზმი – იამაიკური წარმოშობის სექტა, რომელიც შავკანიან ადამიანებს რჩეულ ხალხად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ ვესტინდოელები ოდესღაც დაუბრუნდებოდნენ აფრიკას. ისინი ეთიოპიის ყოფილ იმპერატორს ჰაილ სელასის (1916-30წწ.ში სწორედ რას ტაფარის სახელით ცნობილს) მესიად მიიჩნევდნენ.
5. სტილ ბენდი (steel band)- მუსიკალური ჯგუფი, რომელიც უკრავს ვესტინდურ ლითონის ტამტამებზე.

ინგლისურიდან თარგმნა შოთა ხინჩაგაშვილმა
2003 წ.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი