მუჰამედ თაჰირ-ულ-ქადრი
კულტურის გლობალიზაცია?

მუჰამედ თაჰირ ულ-ქადრი (Tahir-ul-Qadri) დაიბადა 1951 წლის 19 თებერვალს პაკისტანში, ჯჰანგის (Jhang) პროვინციაში. დაწყებითი განათლება მიიღო Sacred Heart School-ში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო Science from Government College-ში, ფაისალაბადში. 1970 წელს მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი პენჯაბის უნივერსიტეტში (ლაჰორი, პაკისტანი), ხოლო 1970-72 წლებში, იგივე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი ისლამურ მეცნიერებებში. ამავე უნივერსიტეტში მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი (Ph.D.) მუსლიმურ სამართალში. მისი ნაშრომი გახლდათ “სასჯელი ისლამში, მისი კლასიფიკაცია და ფილოსოფია”. შეისწავლა როგორც წმინდა ყურანი, ასევე სხვა რელიგიათა წმინდა წიგნები. იკვლევს რევოლუციონერ მოაზროვნეთა (ჟ.ჟ.რუსო, მარქსი, ენგელსი, ლენინი, მაო ძე დუნი და სხვ.) ნაშრომებს.
მუჰამედ თაჰირ-ულ-ქადრიმ თავისი პროფესიული კარიერა დაიწყო ჯჰანგში, როგორც პრაქტიკოსმა ადვოკატმა, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას Government College Esakheil–ში. 1980-იან წწ. აქტიურად მოღვაწეობდა პაკისტანში, სამეცნიერო და პოლიტიკურ ასპარეზზე. მიწვეული იყო კონსულტანტად როგორც უნივერსიტეტებში, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში, ერთხანს განათლების მინისტრის პოსტი ეკავა. თანამშრომლობდა უცხოეთის უნივერსიტეტებთანაც, მაგალითად მერილენდის უნივერსიტეტთან (აშშ), ლონდონის სამეფო კოლეჯთან და ტექნიკურ უნივერსიტეტთან.
მუჰამედ თაჰირ-ულ-ქადრი პაკისტანის სახალხო მოძრაობის Pakistan Awami Tehreek (PAT) დამაარსებელია. ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც თავისი ორგანიზაციები პაკისტანის ოთხივე პროვინციასა და საზღვარგარეთაც აქვს და სერიოზულ როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.
1981 წელს მუჰამედ თაჰირ-ულ-ქადრიმ დააფუძნა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია Minhaj-ul-Quran (ყურანის გზა), რომლის მიზანი იყო პაკისტანის ხალხისთვის და სრულიად მსოფლიოსთვის გაეგზავნა მშვიდობის, სიყვარულისა და ტოლერანტობის მესიჯი, რაც ისლამის ჭეშმარიტი სულს შეესაბამება. მუჰამედ თაჰირ-ულ-ქადრი თავისი პროგრესული იდეებითა და შეხედულებებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისლამის რენესანსში. იგი ცნობილია როგორც თეოლოგი და თეოსოფისტი, მეცნიერი და სპირიტუალისტი, ფილოსოფოსი, რეფორმატორი და პოლიტიკური მოაზროვნე.
1999 წელს, მუჰამედ თაჰირ-ულ-ქადრის ინიციატივით, პაკისტანის ცნობილმა მუსლიმმა და ქრისტიანმა მეცნიერებმა დააარსეს მუსლიმურ-ქრისტიანული დიალოგის ფორუმი (MCDF), რომელიც მიზანად ისახავს გულწრფელი ურთიერთგაგების მიღწევას არა მხოლოდ პაკისტანის ამ ორ საზოგადოებას, არამედ საერთოდ, ქრისტიანთა და მუსლიმთა შორის.
მუჰამედ თაჰირ-ულ-ქადრი 250-მდე ნაშრომის ავტორია. ისინი შესრულებულია ურდუს, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ზოგიერთი თარგმნილია სხვა ენებზეც.




კულტურის გლობალიზაცია?

ისლამი დასაბამიდანვე იყო გლობალური მესიჯი. თუ თვალს გადავავლებთ წმინდა ყურანს, დავინახავთ, რომ ის მიმართავს მთელს კაცობრიობას, და არა რომელიმე ერს ან რასას. უფრო მეტიც, პირველი მუსლიმური სახელმწიფო, დაარსებული წინასწარმეტყველ მუჰამედის მიერ, ეფუძნებოდა წერილობით კონსტიტუციას (მედინას პაქტს), რომელიც უზრუნველყოფდა და იცავდა ყველა უმცირესობის უფლებებს, რითაც ახდენდა მედინის საზოგადოების ინტერნაციონალიზაციას. თავისი ბოლო ქადაგებით წმინდა წინასწარმეტყველმა დაგვიტოვა ახალი მსოფლიო წესრიგის სახე და ადამიანთა უფლებების დეკლარაცია. ეს იყო ადამიანთა საზოგადოების გლობალიზაციის პირველი მცდელობა.
კულტურა განსაზღვრავს რწმენას, ფასეულობებს, ქცევას და იმ მატერიალურ საგნებს, რომელიც გვხვდება ამა თუ იმ ხალხის ყოფაში. კულტურაში არსებობს სხვადასხვა კომპონენტი, როგორებიცაა სიმბოლოები, ენა და ფასეულობები. ამასთანავე, მსგავსებები და განსხვავებები სიმბოლოებში არ წარმოშობს რაიმე დაბრკოლებას მულტიკულტურული საზოგადოების ფორმირებისათვის. მაგალითად, ძაღლი დასავლეთში საყვარელი შინაური ცხოველია, მაშინ როდესაც ჩინეთში ის ყოველდღიური საკვებია მილიონობით ადამიანისათვის. ძროხა წმინდა ცხოველია ინდუსებისათვის ინდოეთში, დასავლეთსა და აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში კი იგი ყოველდღიური საკვებია. ასეთი გასნხვავებები არსებობს უნი-კულტურულ საზოგადოებებშიც, რადგანაც ისინი ეფუძნებიან არჩევანს, პრიორიტეტებსა და უპირატესობებს. ჩვენ უნდა მოვძებნოთ განსხვავებული კულტურების ჰარმონიზაციის გზები და ვიპოვოთ ის ერთობები, რომელზეც შევძლებთ საზოგადოების მულტიკულტურალიზმის დაფუძნებას.
საზოგადოება ეწოდება განსაზღვრულ ტერიტორიაზე ურთიერთქმედებაში მყოფ ხალხს, რომელიც აღიქმება რელიგიით, კულტურით, კანონებით, ჩვევებით, მორალით და ამ ყველაფრის ერთობლიობით. კულტურის განვითარების პროცესიდან არ უნდა გამოვრიცხოთ რომელიმე ეს ელემენტი, მაგრამ აუცილებელია თუ არა ყველა მათგანის გათვალისწინება კულტურის გლობალიზაციის პროცესში?

კულტურების ინტეგრაცია

არსებობს ინტეგრაციის ორი ასპექტი: სოციალური და კულტურული; რადგანაც სოციალურ ინტეგრაციას ვეხებით, ეთნიკური უმცირესობები საზოგადოების განუყოფელი ნაწილნი ხდებიან, თავიანთი ცხოვრებით, კანონის მორჩილებით, მრავალი სოციალური და კულტურული ფასეულობის გაზიარებითა და სოციალური ყოფის გაუმჯობესებისათვის გაწეული ერთობლივი მუშაობით.
კულტურული ინტეგრაცია კულტურული ურთიერთქმედების შედეგია; კულტურული ურთიერთქმედება არ შეიძლება აღმოცენდეს კულტურათა დიალოგის გარეშე. თუმცა ამას ესაჭიროება ინტეგრაციისათვის გარემოს შექმნა უმრავლესობის და უმცირესობის მიერ. აქ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა უმრავლესობას ეკისრება.
კულტურული ურთიერთქმედების საფუძველია კულტურული ღიაობა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველა კულტურაში არსებული პრობლემების, პრიორიტეტებისა და მოთხოვნების მოსმენისათვის, მიუხედავად იმისა, ეს კულტურა უმრავლესობის სახითაა წარმოდგენილი თუ რომელიმე ეთნიკური უმცირესობის ჯგუფის. ეს მიგვიყვანს მულტიკულტურული გარემოს შექმნამდე. ძალზე მნიშვნელოვანია კულტურათა შორის არსებულ მსგავსებებზე ყურადღების გამახვილება და, ამავე დროს, განსხვავებების შეფასება რეალისტურად და დემოკრატიულად. არ შეიძლება გადაწყვეტილების ხელოვნურად მიღება. კონფლიქტების გადაწყვეტა სწორედ რეალურ და დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს შეუძლია.

კულტურათა შორის მსგავსებები, რომლებიც შეიძლება ხიდად გამოდგეს

მუსლიმურ და დასავლურ საზოგადოებებს შორის ბევრი მსგავსებაა. ავტონომია, განათლება, სიცოცხლისუნარიანობა, მორალი, სულიერი კმაყოფილება, სამუშაო ეთიკა, სოციალური ჰარმონია, გლობალური პერსპექტივები და ეკოლოგიური ცვლილებები - ეს ის ძირითადი ერთობებია, რომლებზეც შეიძლება მულტიკულტურალიზმის დაფუძნება.
ადამიანთა უფლებები კიდევ ერთი ფაქტორია, რომელსაც კულტურის გლობალიზაციის პროცესი შეიძლება დაეფუძნოს. ისლამი არის ფუძემდებლური და საუკეთესო მხარდამჭერი (პრომოუტერი) ადამიანთა უფლებებისა და მონაწილეობითი დემოკრატიისა. მედინაში ემიგრაციის შემდეგ წინასწარმეტყველმა მუჰამედმა იქ დააარსა პოლიტიკური საზოგადოება, რომელიც დაეფუძნა ხელისუფლების დანაწილებას და მასში დემოკრატიული და სამოქალაქო პროცესების მონაწილეობას. მან დააარსა ათი წარმომადგენლისაგან შემდგარი ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც მრჩეველი მეთაურობდა. ამავე ხელისუფლებაში შედიოდა ათი მრჩეველი, რომელთაც უმაღლესი მრჩეველი ხელმძღვანელობდა. ისინი იყვნენ პროვინციებისა და ფედერალური საბჭოების წევრები. ისლამი წარმოადგენდა და პრაქტიკულად ახორციელებდა ხელისუფლებაში საზოგადოების მონაწილეობის პროცესს. მსგავსი ფაქტები გლობალიზაციის საფუძვლად შეიძლება იქცეს.
წარმატებისა და მიღწევების სტანდარტები, მოქმედება და მუშაობა, მატერიალური კომფორტი, პრაქტიკულობა და ეფექტურობა, მეცნიერება და ტექნოლოგია, თავისუფლება და ინდივიდუალური არჩევანი, ინდივიდუალური ინიციატივა და სხვა ელემენტები ის ძირითადი ელემენტებია, რომლებზეც შეიძლება ადვილად დავაფუძნოთ მულტიკულტურული საზოგადოების იდეა.

ორმაგი სტანდარტების გარეშე

მედია ორმაგი სტანდარტებით უდგება დასავლეთს და ისლამურ მსოფლიოს. როდესაც რომელიმე დასავლურ ქვეყანაში ძალადობრივ კრიმინალს აქვს ადგილი, მედია მომხდარის მიღმა, მის ასახსნელად ეძებს ისეთ სოციალურ ფაქტორებს, როგორიცაა გენდერი, ახალგაზრდობა, რასა, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ საფუძვლებს, პიროვნულ, ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ ან ფსიქიატრიულ, ან თუნდაც ეკოლოგიურ ფაქტორებს.
ათასი წლის წინ, როდესაც ევროპა მეცნიერულად, აკადემიურად და კულტურულად მთლიანად არ იყო განვითარებული, ამბობდნენ, რომ ევროპას ბნელი წლები ედგა. ამასთანავე, ამ პერიოდში ჩირაღდანი ხელთ ეპყრა ისლამს. არსებობდა მუსლიმური ესპანეთი, მუსლიმური გრენადა, მუსლიმური ბაღდადი, მუსლიმური დამასკო; მოკლედ რომ ვთქვათ, მუსლიმური სამყარო იყო მეცნიერების, ტექნოლოგიის, კულტურის და ცივილიზაციის გამავრცელებელი, რასაც თან ახლდა მუსლიმური და ქრისტიანული კულტურებისა და რწმენის ურთიერთქმედება, რომელიც იწვევდა გლობალიზაციის პროცესს. აღსანიშნავია, რომ ისლამი 1000 წლის მანძილზე იყო ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, ზოგჯერ მბრძანებლის/მმართველის სახით, ზოგჯერ კი მასთან თანაარსებობის ფორმით.
მხოლოდ ბოლო ორი-სამი საუკუნის მანძილზე აღარ მონაწილეობდნენ მუსლიმები ევროპის ცხოვრებაში, თუმცა ისინი კვლავ დაუბრუნდნენ მას. მათ შორის სრულიად აშკარა კავშირურთიერთობებია, რასაც დასავლური საზოგადოება არ აღიარებს. სწორედ ამას მივყავართ ისლამის შესახებ არსებულ დამახინჯებულ შეხედულებებსა და მცდარ აზრებამდე. დასავლურ საზოგადოებას არა აქვს ისლამის ჭეშმარიტი სურათი. ის იცნობს მხოლოდ დღევანდელ შეხედულებას, რომელიც მისივე მედიითაა მიწოდებული. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ნებისმიერი მცირეოდენი ინცინდენტი, რომლისგანაც ნეგატიური დასკვნა შეიძლება იყოს გამოტანილი მუსლიმურ ქვეყნებში, გაშუქებულია და პროპაგანდირებულია მედიით და მის ირგვლივ ფართო დებატები იმართება. მაშინ, როდესაც ათასობით პოზიტიური ფაქტორი უარყოფილია და ამის შედეგად შეუძლებელია ხიდის გადება კულტურებს შორის.

რა სახის გაუგებრობები არსებობს?

მრავალი დასავლელის აზრითა და რწმენით, ისეთ მუსლიმურ ქვეყნებში, როგორიც პაკისტანია, უმცირესობებს არავითარი უფლებები არ გააჩნიათ. თუმცა ეს მცდარი შეხდულებაა. პაკისტანის მუსლიმური სახელმწიფო უფრო ლიბერალურია უმცირესობების მიმართ, ვიდრე დასავლეთის ქვეყნები თავიანთი უმცირესობების მიმართ.

უმცირესობათა უფლებები პაკისტანის ისლამურ სახელმწიფოში

ამ ქვეყანაში უმცირესობების უფლებები კონსტიტუციით არის გარანტირებული და დაცული. მათთვის გარანტირებულია ასევე პოლიტიკური უფლებები, ადგილები მთავრობის ყველა დონეზე, ადგილობრივიდან პროვინციების ჩათვლით. მათთვის სპეციალური ადგილებია გამოყოფილი პარლამენტში. პარლამენტის მრავალი წევრი, სენატორი და მინისტრი უმცირესობის წარმომადგენელია და ისინი სრულად არიან ჩართულნი პაკისტანის პოლიტიკურ ცხოვრებაში. პაკისტანის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე კათოლიკე ქრისტიანი იყო. ბევრი გენერალი ასევე უმცირესობის წარმომადგენელია და ისინი ასევე ფართოდ მონაწილეობენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. უმცირესობებს არაფერი აბრკოლებთ მთავრობაში მონაწილეობის მისაღებად. მათ შეუძლიათ თავისუფლად ააშენონ თავიანთი ეკლესიები, აღასრულონ რელიგიური და კულტურული რიტუალები, ჩაატარონ თავიანთი ფესტივალები.
ამ ქვეყანაში მოქმედებს მრავალი ქრისტიანული მისიონერული სკოლა, კოლეჯი და ინსტიტუტი. აქ ტარდება ღია ფორუმები და დიალოგები, როგორიცაა, მაგალითად, MCDF (მუსლიმურ-ქრისტიანული დიალოგი-ფორუმი), რომლის ხელმძღვანელი ამ სტატიის ავტორია, ხოლო ვიცე ხელმძღვანელი - არქიეპისკოპოსი აზრაია. MCDF, PAT და Minhaj-ul-Quran-ის საერთაშორისო მოძრაობამ გამოაცხადა მუსლიმებისა და ქრისტიანების ერთობლივი, მშვიდობიანი მსვლელობის შესახებ, რომელიც უნდა გამართულიყო პაკისტანის უდიდეს გზაზე - “Mall Road”-ზე. მათ უნდა აღემართათ უმცირესობების უფლებების დამცველი და მათი მხარდამჭერი ლოზუნგები.

გადაწყვეტილება

კულტურული მრავალფეროვნებისა და რეალური ინტეგრაციის ნაკლებობის ასახსნელად ეთნოცენტრიზმი არ გამოგვადგება. ეთნოცენტრიზმი - ეს არის სხვა კულტურის განსჯა საკუთარი სტანდარტებით. არც უნი-კულტურალიზმი გადაწყვეტს ამ საკითხს, რამდენადაც ის ყველა ეთნიკურ კულტურას ერთ მთლიანობად აქცევს.
ამ პრობლემის გადაწყვეტა სამ საკითხშია. ესენია:
1. მულტიკულტურალიზმი;
2. პლურალიზმი;
3. გლობალიზაცია.
1999 წლის 23 აპრილს ბერლინში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ეხებოდა განსხვავებულ კულტურების, დასავლური და მუსლიმური საზოგადოებების მომავალ ურთიერთობებს. ამ საკითხთან დაკავშირებული მოქმედების შესახებ მიღებულ იქნა დეკლარაცია, ცნობილი “ბერლინის დეკლარაციის” სახელით. მე ვუერთდები ამ დეკლარაციას. ჩვენ უნდა მივიდეთ გლობალურ ერთიანობამდე, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ გლობალური ურთიერთდამოკიდებულებითა და ურთიერთობებით.
ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები განათლებისა და კვლევების სფეროში, განსაკუთრებით - დაწყებით და საშუალო განათლებაში. ამავე დროს, უმაღლესი განათლებისა და სასკოლო დონეზე უნდა არსებობდეს ინტერკულტურული სწავლების კურსი. საერთაშორისო კვლევები ასევე უნდა წარიმართოს დამამთავრებელ დონეებზე, სხვადასხვა კოლეჯში, უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებში. სხვადასხვა კულტურას შორის ადგილი უნდა ჰქონდეს აკადემიურ ურთიერთობებს, რაც მიგვიყვანს პრაქტიკულ ურთიერთობამდე და პრაქტიკულ ინტეგრაციამდე. დემოკრატია არ იძლევა ყალბი სურათის შექმნის საშუალებას. საჭიროა მულტინაციონალური დიალოგი, რომლის საშუალებით ხალხმა უნდა მიიღოს პირდაპირი ინფორმაცია სხვადასხვა კულტურასა და ეთნიკურ უმცირესობებზე, მათ რელიგიასა და კულტურულ საფუძვლებზე.
გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციისა და უმცირესობების საკითხის შესახებ ევროპის საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, უნდა შეიქმნას დეკლარაცია ეთნიკური უმცირესობების კონკრეტული საკითხის თაობაზე. ეს უნდა გახდეს ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში სწორი კურსის შემუშავების საფუძველი, რაც დასაბამს დაუდებს გლობალიზაციის პროცესს.
ჩემი აზრით, ჩვენ ვიმუშავებთ ამ კუთხით და ბოლოს შესაძლებელი გახდება არაჯანსაღი შეფასებების დაძლევა; შევქმნით ჯანსაღ გარემოს პრაქტიკული ურთიერთობებისათვის აკადემიურ და სოციალურ დონეზე.

ორიგინალი ინგლისურ ენაზე

ინგლისურიდან თარგმნა დავით მაცაბერიძემ

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი