არნოლდ ჯოზეფ ტოინბი
"ისტორიის კვლევა"

არნოლდ ჯოზეფ ტოინბი (1889-1975) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ისტორიკოსი და ისტორიის თეორეტიკოსია. დაიბადა ლონდონში, განათლება მიიღო ვინჩესტერის კოლეჯსა და ოქსფორდის ბალიოლის კოლეჯში. სხვადასხვა დროს ლონდონის სამეფო კოლეჯის, ლონდონის ეკონომიკის სკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის პროფესორი. ცნობილი 12 ტომიან ნაშრომი "ისტორიის კვლევა" (A Study of History), რომელიც 1934-1961 წლებში შეიქმნა, წარმოადგენს მსოფლიო ისტორიისა და მეტაისტორიის სინთეზს, როემლშიც, "გამოწვევა-პასუხის" თეორიის საფუძველზე, გადმოცემულია ცივილიზაციათა წამოშობისა და დაცემის ტოინბისეული ხედვა.
მიუხედავად იმისა, რომ ა. ტოინბის ნაშრომს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და ჰყავს, იგი თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს თეორეტიკოს-მკვლევრად არის მიჩნეული. მის გარეშე წარმოუდგენელია XX საუკუნის აზროვნების ისტორიის წარმოდგენა. გერმანელი ფილოსოფოსის კარლ იასპერსისაგან განსხვავებით, რომელიც ამტკიცებდა, რომ "ისტორიას ღრმა აზრი აქვს, მაგრამ იგი მიუწვდომელია ადამიანური შემეცნებისათვის", ტოინბიმ სცადა ეჩვენებინა, რომ ისტორია გახსნილია შემეცნებისათვის და კაცობრიობას შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს სამყაროს გამოწვევებს.




ისტორიული აზროვნების ფარდობითობა

ყველა ეპოქასა და ნებისმიერ საზოგადოებაში ისტორიის შემეცნება, ისევე როგორც ყოველგვარი სოციალური მოღვაწეობა, ექვემდებარება მოცემული დროისა და ადგილის გაბატონებულ ტენდენციებს. ჩნდება ორი კითხვა: "როგორია ისტორიული კვლევის ინტელიგიბელური (გონებით წვდომადი) არეალი?" და "არსებობს თუ არა ისტორიული კვლევის არეალი, რომელიც არ შეეფარდება კონკრეტულ ისტორიულ და სოციალურ გარემოებებს და დამოუკიდებელია ისტორიკოსისაგან?"

ისტორიული კვლევის არეალი

ისტორიული კვლევის ინტელიგიბელური არეალის ძიებისას ჩვენ უნდა ავირჩიოთ ერზე უფრო დიდი მასშტაბის ერთეული. ისტორიის მოქმედი ძალები არ არიან ნაციონალური, არამედ გამომდინარეობენ უფრო ზოგადი მიზეზებიდან. თუ მათ კონკრეტულ ეროვნულ გამოვლინებაში ავიღებთ, ვერ შევძლებთ მათ გაგებას, ამიტომ ისინი უნდა განვიხილოთ მხოლოდ მთელი საზოგადოების მასშტაბით. ამავე დროს, სხვადასხვა საზოგადოებანი სხვადასხვაგვარად რეაგირებენ გარედან ზემოქმედებაზე და სხვადასხვაგვარად იძლევიან პასუხს.
საზოგადოება თავისი არსებობის მანძილზე აწყდება ამოცანათა სერიას, რომელთაც იგი წყვეტს მისთვის ყველაზე უფრო მისაღები სახით. თითოეული ასეთი პრობლემა ისტორიის გამოწვევაა. ასეთი გამოცდების მეშვეობით საზოგადოებების წევრები სულ უფრო დიფერენცირდებიან. ერთნი მარცხდებიან, მეორენი პოულობენ წარმატებულ პასუხს. დროთა განმავლობაში ზოგიერთი გადაწყვეტილება ძველდება, ზოგი სიცოცხლისუნარიანია შეცვლილ ვითარებაშიც კი. გამოცდას გამოცდა მოსდევს. ერთნი კარგავენ ორიგინალობას და მთლიანად ითქვიფებიან ძირითად მასაში, მეორენი ამაოდ ცდილობენ ბრძოლის გაგრძელებას, მესამენი - ყველაზე ზომიერნი - სრულყოფილების მწვერვალებს აღწევენ. ამ პროცესში ინდივიდუალური ქცევის გაგება, როგორც ცალკეული გამოცდის პასუხისა, შეუძლებელია. საჭიროა მისი შედარება სხვათა ქმედებასთან, გამოწვევათა თანმიმდევრულ პროცესში.
მაგალითად, ინგლისის ისტორია ვერ აიხსნება, თუ იგი არ განვიხილეთ სხვა ეროვნულ სახელმწიფოთა ისტორიებთან კავშირში, რომლებთან ერთად იგი შეადგენს უფრო ფართო ერთობას, რომლის წევრები სპეციფიკურად რეაგირებდნენ მიმდინარე მოვლენებზე. ასეთი კუთხით ხედვისას ჩვენ აღმოვაჩენთ წესრიგს მოვლენათა მღვრიე ქაოსში და გავიგებთ იმას, რაც ადრე გაუგებარი ჩანდა. ამრიგად იმისათვის, რომ გავიგოთ ნაწილი, ყურადღება უნდა მივაპყროთ მთელს, რადგან ეს მთელია თავისთავად ინტელიგიბელური კვლევის არეალი.
მთელის ნაწილები შეიძლება ცალ-ცალკე გაუგებარი იყვნენ, მაგრამ ისინი ცხადია, მკაფიო. მაგალითად, დიდ ბრიტანეთს აქვს გარკვეული გეოგრაფიული მდებარეობა, ინგლისელი ერი ჩამოყალიბდა გარკვეულ ეპოქაში. საჭიროა ასევე მკაფიოდ განისაზღვროს ის უფრო დიდი საზოგადოება, რომელთა მიმართებაში დიდი ბრიტანეთი ნაწილს წარმოადგენს. შევეცადოთ მის განსაზღვრას სივრცესა და დროში.
თუ შევეცდებით, განვსაზღვროთ ის საზოგადოება, რომლის ნაწილს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი და რომელიც გვაინტერესებს როგორც ისტორიული კვლევის ინტელიგიბელური არეალი, მის საზღვრებს აღმოვაჩენთ სოციალური ცხოვრების სამი ასპექტის - ეკონომიკურის, პოლიტიკურის და კულტურულის - გადაკვეთაზე. ამასთან, ამ სამი ასპექტიდან თითოეულს გავრცელების საკუთარი საზღვრები აქვს, რომლებიც ხშირად არ ემთხვევა ჩვენთვის საინტერესო საზოგადოების საზღვრებს. მაგალითად, დედამიწის ზურგზე თითქმის არ არსებობს კუთხე, რომელთანაც ბრიტანეთს არ აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. პოლიტიკურ ასპექტში ასევე შეიძლება გლობალური ურთიერთდამოკიდებულების კონსტატირება. მაგრამ, როგორც კი კულტურულ ასპექტზე გადავალთ, ნათელი ხდება, რომ დანარჩენ სამყაროსთან იმ საზოგადოების კავშირი, რომელსაც ბრიტანეთი ეკუთვნის, გაცილებით უფრო სუსტია. არსებითად, იგი შემოისაზღვრება დასავლეთ ევროპით, ამერიკის ქვეყნებით და სამხრეთის ზღვების ზოგიერთი ქვეყნით, სადაც კათოლიკური და პროტესტანტული მოსახლეობაა.
აქედან გამომდინარე, შეიძლება განვსაზღვროთ ჩვენი საზოგადოების სახელი. რამდენადაც ამ მიწებზე ვრცელდება რომის პაპის სასულიერო ხელისუფლება, მას შეიძლება ეწოდოს "დასავლური ქრისტიანობა". ამის საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას, რომ რეფორმაციის დროიდან მოყოლებული, რელიგიური ლოიალობა იქცა სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მოძრაობების ძირითად მოტივად. ამიტომ მიზანშეწონილი იქნება, გამოვტოვოთ სიტყვა "ქრისტიანობა" და ამ საზოგადოებას ვუწოდოთ "დასავლური საზოგადოება". ეს გეოგრაფიული სახელწოდება, მოკლებული სხვა რამე ელფერს, უფრო ადეკვატურად განსაზღვრავს როგორც ჩვენს თანამედროვე, ისე კარლოს დიდის დროინდელ საზოგადოებასაც.
თუ ყურადღებას გავამახვილებთ კულტურულ ასპექტზე, არ გაგვიჭირდება დავინახოთ ჩვენი საზოგადოების მსგავსი სახის კიდევ 4 ცოცხალი საზოგადოება:
1. აღმოსავლურ ქრისტიანული - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში;
2. მუსლიმური - არიდულ ზონაში, რომელიც დიაგონალურად გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან ჩინეთის დიდ კედლამდე, ჩრდილოეთ აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის გავლით;
3. ინდუისტური საზოგადოება (და არა ინდური, რომელიც სცილდება კონტინენტური ინდოეთის საზღვრებს, თვით ინდოეთში კი არსებობს მუსლიმური საზოგადოებაც) - ტროპიკულ სუბკონტინენტურ ინდოეთში, არიდული ზონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით;
4. შორეულაღმოსავლური საზოგადოება სუბტროპიკულ და ზომიერ რაიონებში არიდულ ზონასა და წყნარ ოკეანეს შორის.
აღმოვაჩენთ აგრეთვე რელიქტურ საზოგადოებებს:
1. ჯგუფი, რომელიც მოიცავს სომხეთის, მესოპოტამიისა და ეგვიპტის მონოფიზიტ ქრისტიანობას, ქურთისტანისა და მალბარის ნესტორიანელ ქრისტიანებს, აგრეთვე ებრაელებს და ფარსებს;
2. ლამაისტ და ჰინაიამას ბუდისტთა ჯგუფები ტიბეტსა და მონღოლეთში, ცეილონზე, ბირმასა და ტაილანდში, ჯაინები ინდოეთში.
დროითი საზღვრების დადგენა უფრო რთულია. მაგალითად, დასავლური საზოგადოების არსებობის მისი ზედა ქრონოლოგიური ზღვრის დადგენა შეუძლებელია, ქვედა კი საძიებელია რომის იმპერიის აღსასრულის ეპოქაში.
დროითი საზღვრების თაობაზე აუცილებელია განვასხვაოთ უწყვეტობის ორი ხარისხი: 1. უწყვეტობა ერთი და იგივე საზოგადოების განვითარების თანმიმდევრულ პერიოდებსა და ფაზებს შორის, 2. უწყვეტობა როგორც ცალკეულ საზოგადოებათა ურთიერთკავშირი დროში. განსაკუთრებით საინტერესოა მეორე სახის უწყვეტობა, როემლიც იგი მეტად მნიშვნელოვან ფენომენია.
ამ ორი სახის უწყვეტობას შორის თვისებრივი განსხვავება შეიძლება წარმოვაჩინოთ ადამიანის სიცოცხლესთან მისი ანალოგიით. რომელიმე ცალკეული საზოგადოების ისტორიის თავები გვაგონებენ ადამიანის ცხოვრების თანმიმდევრულ საფეხურებს, ხოლო კავშირი სხვადასხვა საზოგადოებას შორის - ურთიერთობას მშობლებსა და შვილს შორის. მშობლების საერთო გავლენა შვილებზე მეტად დიდია: ჯერ ერთი, შვილი მშობლებისაგან ფიზიკური/ბილოგიური მემკვიდრეობით იღებს გარკვეულ თვისებებს; მეორე, თუმცა დაბადების აქტით ბავშვი გარკვეულ დამოუკიდებლობას იძენს, მაგრამ იგი კიდევ დიდხანს ვერ ახერხებს არსებობას მშობლების მზრუნველობის გარეშე. შემდგომში იგი მშობლების გრძნობებისა და აზრების ძლიერ ზეგავლენას განიცდის. მხოლოდ სიმწიფის პერიოდში იგი ნამდვილად დამოუკიდებელი ხდება მშობლებისაგან და უყალიბდება სამყაროს საკუთარი ხედვა. იგი ყალიბდება "ახალ მოზრდილად", რომელსაც შეუძლია შვას და აღზარდოს შთამომავლობა.
ზოგიერთი წინასწარი დასკვნა:
ა) ისტორიული კვლევის ინტელიგიბელური (გონებით წვდომადი) არეალი წარმოადგენს საზოგადოებას, რომელიც დროსა და სივრცეში აღემატება ეროვნულ სახელმწიფოს, ქალაქ-სახელმწიფოს ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ კავშირს;
ბ) ასეთი პოლიტიკური კავშირები (ეროვნული სახელმწიფოები, ქალაქ-სახელმწიფოები და სხვ.), სივრცითი თვალსაზრისით, უფრო ვიწროა, დროითი თვალსაზრისით - უფრო ხანმოკლე, ვიდრე ის საზოგადოებები, რომელთა შემადგენლობაში ისინი შედიან, როგორც ნაწილი მთელში. სწორედ საზოგადოება და არა სახელმწიფო, არის ის სოციალური "ატომი", რომელზეც უნდა ფოკუსირდებოდეს ისტორიკოსის ყურადღება;
გ) არც ერთი საკვლევი საზოგადოება არ მოიცავს მთელ კაცობრიობას, არ ვრცელდება მთელ დედამიწაზე და არ გააჩნია თანატოლი თავისი სახის საზოგადოებათა შორის;
დ) საზოგადოება, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელ ეროვნულ სახელმწიფოებს (როგორიც დიდი ბრიტანეთია) და საზოგადოება, რომელიც შედგება ქალაქ-სახელმწიფოებისაგან (როგორც ათენი), შედარებადნი არიან, რადგან წარმოადგენენ ერთი სახის საზოგადოებებს;
ე) უწყვეტობა, მემკვიდრეობითობა საზოგადოებებს შორის გაცილებით სუსტია, ვიდრე ერთი საზოგადოების ისტორიის ფაზებს შორის. სხვადასხვა ეპოქის ორ კონკრეტულ საზოგადოებას შორის დროითი კავშირის კვლევის დროს (მაგალითად, დასავლურ და ელინურ საზოგადოებათა შორის) აღმოვაჩენთ კავშირს, ურთიერთობას, რომელსაც შეიძლება მეტაფორულად "მამაშვილური" ვუწოდოთ.

ცივილიზაციათა ახალი კვლევა

ერთი სახის საზოგადოებათა მიმოხილვა

საერთო ნიშნების არსებობის გამო, შეიძლება ვილაპარაკოთ "მშობელი - შვილის" ურთიერთობაზე დასავლურ და ელინურ საზოგადოებათა შორის.
შევეცადოთ განვსაზღვროთ, რომელი საზოგადოება უძღოდა წინ მართლმადიდებლურ- ქრისტიანულს. აქ იგივე სამი ნიშანს ვხედავთ, რაც შეგვხვდა დასავლური საზოგადოების ძირების ძიების დროს: უნივერსალური სახელმწიფო, უნივერსალური ეკლესია, ტომთა მოძრაობა. აქედან გამომდინარე, მართმადიდებლურ-ქრისტიანული საზოგადოება, ისევე როგორც დასავლური, ელინური საზოგადოების "შვილი" საზოგადოებაა. შესაბამისად, ერთი საზოგადოება შეიძლება იყოს რამდენიმე სხვადასხვა საზოგადოების "მამა". იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება ეს, მივმართოთ ისევ გეოგრაფიულ ფაქტორს.
მართლმადიდებლურ-ქრისტიანული საზოგადოების ღერძი, ისევე როგორც დასავლური საზოგადოებისა, სათავეს ელინურ სამყაროში, ეგეოსის ზღვის აუზში იღებს. მაგრამ იგი სხვა მიმართულებით და სხვა სიგრძეზეა გადაჭიმული. თუ პირველ შემთხვევაში იგი ჩრდილო-დასავლეთით - ეგეოსის ზღვიდან ლოტარინგიისკენ მიემართება, მეორე შემთხვევაში ჩრდილო-დასავლეთით გადაჭიმული, დიაგონალურად კვეთს ანატოლიას (დღ. თურქეთი), კონსტანტინეპოლსა და ნეოკესარიას შორის. ეს ხაზი გაცილებით უფრო მოკლეა, ვიდრე პირველი. ეს განპირობებულია იმ ისტორიული ფაქტით, რომ მართლმადიდებლური საზოგადოების ექსპანსია გაცილებით ნაკლებ მასშტაბური იყო, ვიდრე დასავლურ-ქრისტიანული საზოგადოებისა.
აღმოსავლურ-მართმადიდებლური საზოგადოების ექსპანსია სწორხაზობრივად არ მიდიოდა, და თუ ჩვენს პირობით ღერძს ორივე მიმართულებით გავაგრძელებთ, მივიღებთ ნახევარმთვარეს, რომლის ბოლოები ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენაა მიმართული. ჩრდილო-აღმოსავლეთით მართლმადიდებლური ქრისტიანობა პირველ რიგში დამკვიდრდა საქართველოში, VIII საუკუნის დასაწყისისთვის კი გადალახა კავკასიონის ქედი, მიაღწია ალანიას, საიდანაც იხსნებოდა გზა ევრაზიის დიდი სტეპისაკენ. ამის შემდეგ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ საზოგადოებას შეეძლო თავისი გავლენა გაევრცელებინა სტეპზე ყველა მიმართულებით, ისე როგორც დასავლურ საზოგადოებას, რომელმაც საყრდენი პუნქტი შექმნა იბერიის ნახევარკუნძულზე, თანდათან დაეუფლა სამხრეთ ატლანტიკას და დამკვიდრდა ზღვისიქითა მიწებზე, რომელთაც ლათინური ამერიკა ეწოდება. მაგრამ, სანამ მართმადიდებლობა კავკასიის ჩრდილოეთ მისადგომებთან, სტეპის პირას შეყოვნდა, იუდაიზმი და ისლამი აგრეთვე გამოვიდნენ ისტორიულ ასპარეზზე. იუდაიზმი გავრცელდა ხაზართა შორის, რომლებიც ქვემო ვოლგასა და დონს შორის ბინადრობდნენ, ისლამი კი - თეთრ ბულგარელებს შორის, შუა ვოლგაზე. მან შეაჩერა მართმადიდებლური ქრისტიანობის ექსპანსია ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ჩრდილო-დასავლეთით მართმადიდებლურმა ქრისტიანობამ მოიცვა ბალკანები და მოემზადა ნახტომისათვის ცენტრალურ ევროპაში, მაგრამ აქ იგი აღმოჩნდა დასავლური ქრისტიანობის პირისპირ, რომელმაც უფრო ადრე დაიწყო მოქმედება და ამ დროისათვის საკმაოდ მყარი პოზიციები ჰქონდა. საზღვარი დასავლურ და მართმადიდებლურ ქრისტიანობას შორის საბოლოოდ განისაზღვრა X-XI საუკუნეებში.
მართმადიდებლური ქრისტიანობა გავრცელდა თავისი განივი ღერძის გასწვრივაც, რომელიც ძირითადად ღერძს კონსტანტინეპოლში კვეთდა. საზღვაო გზამ დარდანელისა და ეგეოსის ზღვის გავლით მართლმადიდებლური ქრისტიანობა თავის წინარე სამშობლოში - "მშობელ" ელინურ საზოგადოებასთან მიიყვანა; აქედან კი ბერძნული საზღვაო ექსპანსიის ძველმა გზამ - სამხრეთ იტალიაში, სადაც იგი შეეცადა ადგილის დამკვიდრებას მუსლიმურ და დასავლურ ქრისტიანულ თემებს შორის, მაგრამ მტკიცედ ფეხის მოკიდება ვერ შესძლო და XI საუკუნეში იძულებული გახდა, უკან დაეხია ნორმანების შემოტევის გამო, რომელთაც მოიპოვეს ფორპოსტი დასავლური ქრისტიანობისათვის. უფრო დიდ წარმატებას მართმადიდებლურმა ქრისტიანობამ საწინააღმდეგო მიმართულებით წინსვლისას მიაღწია - ბოსფორისა და შავი ზღვის გავლით. გადალახა რა შავი ზღვა და ზღვისპირა სტეპი, იგი დამკვიდრდა რუსეთში, განაგრძო გზა ჩრდილოეთ ევროპში და, აზიის ტყეების გავლით, მიაღწია ჯერ ჩრდილო ყინულოვან ოკეანეს, შემდეგ, XVII საუკუნეში - წყნარ ოკეანეს.
შევადარეთ რა ერთმანეთს მართლმადიდებლობის ექსპანსიისა და დასავლური საზოგადოების ისტორიის ანალოგიური პროცესები, ჩვენ გავარკვიეთ, როგორ და რატომ იქცა ელინური საზოგადოება ორი "შვილის" "მამად". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლური და მართლმადიდებლური ქრისტიანობის დიფერენციაციამ წარმოშვა ორი განსხვავებული საზოგადოება. ერთი ჭუპრიდან - კათოლიკე ეკლესიიდან - ჩამოყალიბდა ორი დამოუკიდებელი ორგანიზმი: რომაულ-კათოლიკური ეკლესია და მართლმადიდებლური ეკლესია.
1054 წლის განხეთქილებამ დაასრულა სქიზმა კათოლიკურ ეკლესიაში და, შესაბამისად, დაასრულა სოციალურ სტრუქტურათა დიფერენციაციის პროცესიც. წარმოიშვა ორი ახალი საზოგადოება - დასავლური და მართლმადიდებლური.
კათოლიკური ეკლესია დასავლეთში ფუნქციონირებდა რომის იერარქიის მეთაურობით, რამაც რამდენიმე საუკუნით შეაფერხა დასავლეთის საზოგადოების ლოკალურ სახელმწიფოებად ჩამოყალიბების პროცესი. ამავე დროს, მართლმადიდებლური ეკლესია იქცა სახელმწიფო ინსტიტუტად ჯერ აღდგენილ აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, შემდეგ იმ ქვეყნებში, რომელთაც ქრისტიანობა მოგვიანებით მიიღეს.
ირანული და არაბული საზოგადოება - შემდეგი ცოცხალი საზოგადოება, რომელიც უნდა განვიხილოთ - მუსლიმური საზოგადოებაა: უნივერსალური სახელმწიფო - აბასიდების ბაღდადის სახალიფო, უნივერსალური ეკლესია - ისლამი, ტომთა მოძრაობა - დიდი სტეპის თურქი და მონღოლი მომთაბარეების მოძრაობა, საჰარის ბერბერების, არაბეთის ნახევარკუნძულია მომთაბარეთა მოძრაობა, რომელმაც მოიცვა სახალიფო მისი დაცემის დროისთვის.
თუ შევეცდებით ვიპოვოთ მუსლიმური საზოგადოების "მამა" საზოგადოება, აღმოვაჩენთ, რომ მუსლიმური საზოგადოება, რომელიც დღეს არსებობს, წარმოშობით ერთიანი არ არის. მისი ერთიანობა შედეგია იმ საზოგადოებათა მოგვიანო ხანის გაერთიანებისა, რომლებიც წარმოიშვნენ ოდესღაც არსებული "მამა" საზოგადოებისაგან, რომლის განვითარების ბოლო ფაზა აბასიდების სახალიფო იყო.
მუსლიმური საზოგადოება ჩაისახა აზიის ზეგანზე, ტერიტორიაზე მარმარილოს ზღვასა და განგის დელტას შორის, XIII საუკუნის ბოლოსათვის. თანდათანობით ამ საზოგადოებამ წარმოშვა რიგი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისა, რომელთაგან მომდინარეობს დღევანდელი მუსლიმური სამყაროს თითქმის ყველა სახელმწიფო.
თანამედროვე მუსლიმურ სამყაროს ყოფს განხეთქილება შიიტებსა და სუნიტებს შორის. წარმოსახვითი ხაზი, რომელიც შიიტებს და სუნიტებს მიჯნავს, სწორე იმ ზონაზე გაივლის, რომელშიც მუსლიმური საზოგადოება ჩაისახა. თანამედროვე რუკაზე შიიზმი მოიცავს სპარსეთის ტერიტორიას ფორპოსტებით ამიერკავკასიაში, ერაყში, ინდოეთსა და იემენში. ეს შიიტური ზონა ორ ნაწილად ყოფს სუნიზმის გავრცელების არეალს: აღმოსავლეთით - ცენტრალური აზიისა და ინდოეთის სუნიტები, დასავლეთით - ოსმალთა ყოფილი იმპერიის ტერიტორიები.
ეს ორი მუსლიმური საზოგადოება - ირანული და არაბული - ერთი უფრო ძველი საზოგადოების "შვილი" საზოგადოებებია, იმ ძველი საზოგადოების არსებობა ისტორიული ხედვის ჰორიზონტს სცილდება. თუ ამ ორ "შვილ" საზოგადოებას ერთმანეთს შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ სპარსულ-თურქულ ზონაში წარმოშობილ მუსლიმურ საზოგადოებას ზოგი საერთო ნიშანი აქვს დასავლურ საზოგადოებასთან, არაბულ ზონაში წარმოშობილს კი - მართლმადიდებლურ ქრისტიანულთან.
არაბული კულტურის ენა ბაღდადის აბასიდთა სახალიფოს ენა იყო. ირანულ ზონაში ეს კულტურა სპარსული ენის მეშვეობით ვრცელდებოდა. ასევე, ლათინური იყო დასავლური საზოგადოების კლასიკური ენა, ბერძნული - მართლმადიდებლურისა, თუმცა მართლმადიდებლური ქრისტიანობის დაშლის შემდეგ მრავალ ავტოკეფალურ ეკლესიად, რომლებიც ლოკალურ სახელმწიფოთა საფუძვლად იქცნენ, გაჩნდა სხვა კლასიკური ენებიც, მაგალითად - ძველი ქართული ან ძველი სლავური.
სირიული საზოგადოება. დავაფიქსირეთ რა ორი მუსლიმური საზოგადოება - ირანული და არაბული, რომლებიც იძულებით გაერთიანებული ისლამის ფარგლებში არსებობენ, შევეცადოთ იმ უფრო ადრეული საზოგადოების იდენტიფიცირებას, რომელიც მათთან მიმართებაში "მამა" საზოგადოებად გვევლინება.
მისი ყველაზე ზუსტი სახელწოდება იქნება "სირიული საზოგადოება": უნივერსალური სახელმწიფო - ბაღდადის აბასიდთა სახელმწიფო, უნივერსალური ეკლესია - ისლამი, ტომთა მოძრაობა - ბარბაროსთა მიერ ბაღდადის სახალიფოს ისტორიული მიწების მიტაცება 975-1275 წლებში.
საინტერესოა განსხვავება ქრისტიანობასა და ისლამს შორის, რომელთაგან პირველმა ელინური საზოგადოება დასავლურ და მართლმადიდებლურ საზოგადოებათა "მამად" აქცია, მეორემ კი სირიული საზოგადოება - ირანულ და არაბულ საზოგადოებათა "მამად". ქრისტიანობა, როგორც იმპულსი, რომელმაც ბიძგი მისცა ელინისტური სამყაროს შემოქმედებით ძალებს, უცხოური წარმომავლობისა იყო; ფაქტობრივად, სირიულისგან განსხვავებით, ისლამის შემოქმედებითი ძალების წყარო არ იყო უცხო წარმოშობისა, იგი მშობლიური სირიული საზოგადოებიდან მომდინარეობდა. ისლამის ფუძემდებელი მუჰამედი შთაგონებული იყო იუდაიზმით - წმინდა სირიული რელიგიით, შემდეგ კი ნესტორიანელობით - ქრისტიანობის ფორმით, რომელშიც სირიული ელემენტი ჭარბობდა. ქრისტიანული მსოფლიო ეკლესია სათავეს იღებს არა თავის საზოგადოებაში, ისლამისა კი მშობლიურ ნიადაგზეა წარმოშობილი.
ირანული საზოგადოების ძირითადი არეალი სირიული "მამა" საზოგადოებისაგან მნიშვნელოვნად დაშორებული აღმოჩნდა, არაბული საზოგადოების სამშობლო კი (სირიასა და ეგვიპტეში) არა მხოლოდ მთლიანად ემთხვევა სირიული საზოგადოების სამშობლოს, არამედ თავის თავში მოიცავს მას.
ინდური საზოგადოება. შემდეგი ცოცხალი საზოგადოება - ინდუისტური საზოგადოებაა: უნივერსალური სახელმწიფო - გუპტების იმპერია (375-475 წწ.); მსოფლიო ეკლესია - ინდუიზმი, რომელიც გუპტების ეპოქაში მთელ ინდოეთში გავრცელდა, გამოდევნა რა ბუდიზმი, რომელიც შვიდი საუკუნის მანძილზე დომინირებდა ინდოსტანის ნახევარკუნზულზე, ორივე რელიგიის აკვანში; ტომთა მოძრაობა - ჰუნების თავდასხმები ევრაზიის სტეპიდან გუპტების იმპერიის დაცემის წინ.
თუ უფრო შორს, საუკუნეთა სიღრმეში მივადევნებთ თვალს, შევძლებთ ინდუისტური საზოგადოების "მამა" საზოგადოების - ინდური საზოგადოების - იდენტიფიცირებას. ინდუიზმის მსოფლიო ეკლესია, რომლის მეშვეობით ინდური საზოგადოება თანამედროვე ინდუისტური საზოგადოების "მამა" საზოგადოებად იქცა, გვაგონებს ისლამს და განსხვავდება ქრისტიანობისაგან, რადგან მისი სათავეები მშობლიურ ნიადაგშია. ინდური საზოგადოების სამშობლოა ინდისა და განგის ხეობები. აქედან ეს საზოგადოება გავრცელდა მთელ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე. ტერიტორია, რომელიც თავისი დაქვეითების ჟამს ეკავა ინდურ "მამა" საზოგადოებას, ასევე არ ემთხვევა ინდუისტური "შვილი" საზოგადოების საზღვრებს. უკანასკნელმა დაიკავა მთელი ნახევარკუნძული და გავრცელდა ზღვით აღმოსავლეთისაკენ - ინდონეზიასა და ინდოჩინეთში. ამრიგად, ინდუისტური საზოგადოების გეოგრაფიული დაშორება ინდურისაგან შეიძლება შევადაროთ არაბული საზოგადოების დაშორებას სირიულისაგან.
ძველი ჩინური საზოგადოება. მისი წინარე სამშობლო შორეული აღმოსავლეთია; უნივერსალური სახელმწიფო - ცინ შიხუანდის იმპერია, რომელიც შეიქმნა ძვ.წ. 221 წელს და ოთხი საუკუნე იარსება; მსოფლიო ეკლესია - მაჰაიანა, ბუდიზმის ნაირსახეობა; ტომთა მოძრაობა - დიდი სტეპის მომთაბარეთა თავდასხმები, რომლებიც უნივერსალური სახელმწიფოს დაცემის შემდეგ დაიწყო.
მაჰაიან - ეკლესია, რომლის მეშვეობითაც ძველი ჩინური საზოგადოება თანამედროვე შორეულაღმოსავლური საზოგადოების "მამად" იქცა, გვაგონებს ქრისტიანობას და განსხვავდება ისლამისა და ინდუიზმისაგან იმით, რომ მისი წყარო ადგილობრივი წარმოშობისა იყო.
ძველი ჩინური საზოგადოების სამშობლო ყვითელი მდინარის აუზში მდებარეობდა. შემდგომში იგი იანძის აუზში გავრცელდა. ორივე ამ მდინარის აუზი იქცა შორეულაღმოსავლური "შვილი" საზოგადოების სამშობლოდ, რომელიც გავრცელდა სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩინეთის საზღვაო სანაპირომდე, ჩრდილო-აღმოსავლეთით კორეასა და იაპონიამდე. ამრიგად, ტერიტორიულად შორეული აღმოსავლეთის საზოგადოება დაშორებულია ძველი ჩინური "მამა" საზოგადოებისაგან, მაგრამ არც იმდენად, როგორც, მაგალითად, დასავლური - ელინურისაგან ან ირანული - სირიულისაგან.

რელიქტიური საზოგადოებები - მკვდარი საზოგადოებები, რომელთა შესახებ მხოლოდ ცალკეულმა არქეოლოგიურმა ცნობებმა მოაღწია

მინოსური საზოგადოება ელინურის წინამორბედი საზოგადოებაა. საზღვაო სახელმწიფოს, რომელიც კუნძულ კრეტადან აკონტროლებდა ეგეოსის ზღვას და რომელსაც უნივერსალური სახელმწიფოს ყველა ნიშანი ჰქონდა, ელინური ტრადიციით, "მინოსის თალასოკრატიის" სახელი დაუმკვიდრდა. მინოსური საზოგადოების სამშობლოა კუნძული კრეტა და კიკლადები. მისი "შვილი" საზოგადოებებია ელინური და სირიული.
შუმერული საზოგადოება. მისი სათავეები საძიებელია შუმერისა და აქადის ორ განსხვავებულ რაიონში, ორ განსხვავებულ ხალხში, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ წარმომავლობით, კულტურით, ენით. აქადელები სემიტური ოჯახის ენაზე ლაპარაკობდნენ, შუმერულს არ ჰქონდა მასთან საერთო ელემენტი, არც ლექსიკით, არც სტრუქტურით. რადგან ამ საზოგადოების ავანსცენა თითქმის მთლიანად უკავიათ შუმერებს, ამიტომ საზოგადოებას თავისუფლად შეგვიძლია შუმერული ვუწოდოთ.
ხეთური საზოგადოება. შუმერების შემდეგ სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ჩამოყალიბდა საზოგადოება, რომელმაც ბევრი რამ აითვისა შუმერულისაგან, მაგრამ ვერ ჩაითვლება "შვილ" საზოგადოებად, რადგან არ ჩანს მსოფლიო ეკლესიის არსებობა, რომელიც ამ ორ საზოგადოებას გააერთიანებდა. ახალ საზოგადოებას, რომლის სამშობლო კაბადოკიაში მდებარეობდა, შეიძლება ხეთური ვუწოდოთ - იქ არსებული ერთ-ერთი სახელმწიფოს სახელის მიხედვით. ეს საზოგადოება პირისაგან მიწისა აღგავეს ასურელებმა.
ბაბილონური საზოგადოება. დასავლეთ აზიაში, ირანში, შუმერების ყოფილ მიწა-წყალზე, ხეთურის გვერდით არსებობდა კიდევ ერთი - ბაბილონის საზოგადოება.
ანდების საზოგადოება იმ საზოგადოებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც არ დარჩენიათ არც ცოცხალი მემკვიდრეები, არც რელიქტები და რომელთა შესახებ ვიცით მხოლოდ ლიტერატურული და არქეოლოგიური წყაროებიდან.
ამერიკის კონტინენტზე არსებული ასეთი საზოგადოებები ჩაყლაპა დასავლურმა საზოგადოებამ XVI საუკუნის დაპყრობების დროს. ესპანური კოლონიზაციის დაწყების დროს ერთ ადგილობრივ საზოგადოებას ეკავა ცენტრალური ამერიკა, მექსიკის ტბების რაიონიდან იუკატანის ნახევარკუნძულამდე, მეორეს - ანდების ზეგანი, მიმდებარე ხეობები და ვიწრო ზოლი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.
ანდების უნივერსალური სახელმწიფო იყო ინკების იმპერია, რომელიც ესპანელთა შემოსევების შედეგად დაეცა.
ცენტრალურამერიკული უნივერსალური სახელმწიფო იყო აცტეკების იმპერია.
იუკატანის, მექსიკისა და მაიას საზოგადოებები. ცენტრალური ამერიკის ისტორია, ანდებთან შედარებით, უფრო რთულია. ესპანეთის შეჭრის დროისათვის იქ არსებობდა ორი ჩამოყალიბებული ცენტრი. ისინი შეესაბამებოდნენ ორი ოდესღაც დამოუკიდებელი საზოგადოების სამშობლოს, რომელთაც შეიძლება ვუწოდოთ იუკატანის და მექსიკის საზოგადოებები. მათ შორის კავშირი ანალოგიურია არაბულ და ირანულ საზოგადოებათა შორის კავშირისა. სხვადასხვა ადგილას ჩამოყალიბებულ ამ ორ საზოგადოებას საერთო საფუძველი ჰქონდა უნივერსალური სახელმწიფოს სახით, ეს იყო მაიას პირველი იმპერია, რომელიც აყვავების ორასწლოვანი პერიოდის შემდეგ უეცრად დაეცა VII საუკუნის მიწურულს. ამ იმპერიის დიდი ქალაქები (დღ. გვატემალასა და ჰონდურასის ტერიტორიაზე) მოულოდნელად, რაიმე თვალსაჩინო მიზეზის გარეშე, დატოვეს მცხოვრებლებმა. მათმა დიდმა ნაწილმა ჩრდილოეთით, იუკატანზე გადაინაცვლა.
ეგვიპტური საზოგადოება. და ბოლოს, რჩება კიდევ ერთი საზოგადოება, რომელმაც ძალიან დიდხანს იარსება და რომელსაც, როგორც ჩანს, არ გააჩნდა არც "მამა", არც "შვილი" საზოგადოებები. იგი წარმოიშვა ნილოსის ქვემოწელზე ძვ.წ. IV ათასწლეულში და ახ.წ. V საუკუნემდე იარსება, ე.ი. სამჯერ მეტ ხანს, ვიდრე არსებობს თანამედროვე დასავლური საზოგადოება. ეგვიპტური საზოგადოების უკვდავება ქვაშია აღბეჭდილი.

ამ სახის საზოგადოებათა წინასწარი კლასიფიკაცია

როგორც დავინახეთ, მსოფლიო ეკლესია ის ძირითადი ნიშანია, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დავაჯგუფოთ ერთი სახის საზოგადოებანი. რელიგიის კრიტერიუმით კლასიფიკაციამ შემდეგი სურათი მოგვცა:
1. საზოგადოებები, რომლებიც არაფრით უკავშირდებიან არც წინამორბედ, არც მომდევნო საზოგადოებებს;
2. საზოგადოებები, რომლებიც არაფრით უკავშირდებიან წინამორბედ, მაგრამ დაკავშირებული არინ მომდევნო საზოგადოებასთან;
3. საზოგადოებები, დაკავშირებული წინამორბედ საზოგადოებასთან, მხოლოდ ნაკლებ ინტიმური კავშირით, ვიდრე "მამაშვილური" ნათესაობის კავშირია - კავშირით, რომელიც განპირობებულია ტომთა მოძრაობით;
4. საზოგადოებები, დაკავშირებული წინამორბედ საზოგადოებასთან "მამაშვილური" კავშირით, მსოფლიო ეკლესიის მეშვეობით;
5. საზოგადოებები, რომელიც დაკავშირებულია წინამორბედ საზოგადოებასთან უფრო ღრმა კავშირით, ვიდრე "მამაშვილური" კავშირია - მმართველი უმცირესობის ორგანიზებული რელიგიით, რომელიც წინამორბედისაგან მიღებულია უცვლელად ან მცირე ცვლილებით.
თუ მივმართავთ ტერიტორიულ ნიშანს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ მონათესავე საზოგადოებებთან მიმართებაში, შეიძლება გამოიყოს შემდეგი ქვეჯგუფები:
1. საზოგადოება, რომლის სამშობლო მთლიანად არ ემთხვევა წინამორბედი "მამა" საზოგადოების ტერიტორიას;
2. საზოგადოება, რომლის საზღვრები მთლიანობაში ემთხვევა "მამა" საზოგადოების უნივერსალური სახელმწიფოს საზღვრებს;
3. საზოგადოება, რომლის ტერიტორია მთლიანად შედის "მამა" საზოგადოების ტერიტორიაში.

მოცემული სახის შედარებითობა

ამ სახის საზოგადოებებს "ცივილიზაციებს" უწოდებენ, რათა განასხვაონ "პრიმიტიული საზოგადოებებისაგან", რომლებიც ასევე წარმოადგენენ ისტორიული კვლევის ინტელიგიბელურ არეალს, როგორც ეს ტერმინი ადრე განვსაზღვრეთ.
ცნობილ ცივილიზაციათა რიცხვი დიდი არ არის. ჩვენ 21 ცივილიზაცია დავთვალეთ, მაგრამ უფრო დეტალურმა ანალიზმა მათი რიცხვი შეიძლება 10-მდე შეამციროს. ცნობილ პრიმიტიულ საზოგადოებათა რაოდენობა გაცილებით მეტია - რამდენიმე ასეული მაინც.
პრიმიტიული საზოგადოების სიცოცხლის ხანგრძლიობა მოკლეა, ისინი შეზღუდულია ტერიტორიულად და მცირერიცხოვანია. ცივილიზაციის სიცოცხლე ხანგძლივია, მათ ვრცელი ტერიტორია უკავიათ და ადამიანთა დიდ რიცხვს მოიცავენ. მათ ახასიათებთ გავრცელების ტენდენცია სხვა საზოგადოებათა დაქვემდებარების და ასიმილაციის გზით; ხანდახან ეს ისეთივე სახის საზოგადოებებია, უფრო ხშირად კი - პრიმიტიული საზოგადოებები. ამ უკანასკნელთა სიცოცხლე, კურდღლების მსგავსად, ხშირად მთავრდება ძალადობრივი სიკვდილით, რაც განსაკუთრებით გარდუვალია ცივილიზაციებთან მათი შეხვედრის დროს. ცივილიზაციები წარმოადგენენ არა სტატიკურ ფორმაციებს, არამედ ევოლუციური ტიპის დინამიურ წარმონაქმნებს.
რაც შეეხება პრიმიტიულ საზოგადოებებს, ის, რომ ისინი ამჟამად სტატიკურ მდგომარეობაში არიან, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მუდამ ასეთ მდგომარეობაში იყვნენ. ხომ არსებობს ალბათობა, რომ ამჟამად არსებული ყველა პრიმიტიული საზოგადოება ოდესღაც არსებული ცოცხალი ხის გამხმარი ტოტებია და მათი გაყინული მდგომარეობა ოდესღაც მჩქეფარე ისტორიის ეპილოგია?
პრიმიტიული საზოგადოებების აღწერა, როგორც ხალხებისა, რომელთაც არ აქვთ ისტორია, მცდარია და მოწმობს მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობების შეზღუდულობას.

ცივილიზაციათა გენეზისის პრობლემა

ცივილიზაციათა გენეზისის ბუნება

ვივარაუდოთ, რომ დამოუკიდებელი ცივილიზაციები გაჩნდა პრიმიტიულ საზოგადოებათა მუტაციის შედეგად, მონათესავე ცივილიზაციები კი - წინამორბედ ცივილიზაციათაგან გამოყოფის გზით. შევეცადოთ ავხსნათ ამ ორი ტიპის ცივილიზაციათა წარმოშობა: როგორ და რატომ წარმოიშვნენ ისინი?
ადამიანთა ყველა საზოგადოებისათვის არსებობის აუცილებელი პირობაა, ერთი მხრივ, შრომის დანაწილება, მეორე მხრივ, სოციალური მიბაძვა ანუ მიმესისი, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც სოციალურ ფასეულობებთან ზიარება იმიტაციის მეშვეობით. მიმესისი სოციალური ცხოვრების საერთო ნიშანია. მისი მოქმედება მჟღავნდება როგორც პრიმიტიულ საზოგადოებებში, ისე ცივილიზაციებში. მაგრამ სხვადასხვა სახის საზოგადოებაში მიმესისი სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებს. პრიმიტიულ საზოგადოებაში მიმესისი ორიენტირებულია უფროს თაობასა და უკვე გარდაცვლილ წინაპრებზე. საზოგადოებაში, სადაც მიმესისი მიმართულია წარსულისაკენ, ბატონობს ადათი, ზნე-ჩვეულება, ამიტომ ასეთი საზოგადოება სტატიკურია. ცივილიზაციებში მიმესისი მიმართულია შემოქმედებით პიროვნებებზე, რომლებიც გამოდიან გზამკვლევებად საერთო საკაცობრიო მიზნისაკენ მიმავალ გზაზე. საზოგადოებაში, სადაც მიმესისი მომავლისკენაა მიმართული, ადათი ჭკნება და საზოგადოება დინამიურად მიემართება ცვლილებათა და ზრდის გზით.
დინამიური მოძრაობა დამახასიათებელია ცივილიზაციისათვის, სტატიკური მდგომარეობა კი - პრიმიტიული საზოგადოებებისათვის. მაგრამ თუ ვიკითხავთ, მუდმივი და ფუნდამენტურია ეს განსხვავება თუ არა, პასუხი უარყოფითი იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია დროსა და ადგილზე.
ყველა პრიმიტიული საზოგადოება, რომელთაც ჩვენამდე სტატიკური სახით მოაღწიეს, ოდესღაც დინამიური იყო; ცივილიზაციად ქცეული ყველა საზოგადოება, ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ სახით მივა სტატიკურ მდგომარეობამდე. ჩვენი დროის პრიმიტიული საზოგადოებები სტატიკურია იმიტომ, რომ ისინი ძალას იკრებენ დაძაბულობის შემდეგ, რომელმაც ისინი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა; ეს ძილია და არა სიკვდილი. გაქვავებული ცივილიზაციები სტატიკურია იმიტომ, რომ მათ დაკარგეს სიცოცხლის უნარი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის წარუმატებელი ცდის შედეგად. ისინი მკვდარია.
ეს - რაც შეეხება მუტაციებს, რომლებიც პრიმიტიულ საზოგადოებებს ცივილიზაციებად აქცევენ. აქ ჩანს სტატიკური მდგომარეობიდან დინამიკურში გადასვლის პროცესი, რომელიც დამახასიათებელია ცივილიზაციათა წარმოშობის ალტერნატიული გზისთვისაც. ეს არის გზა პროლეტარიატის გაუცხოებისა ადრე არსებული საზოგადოების მმართველი უმცირესობისაგან, რომელმაც დაკარგა შემოქმედებითი ძალა. ასეთი სახის საზოგადოების მმართველი უმცირესობა სტატიკურია, და პროლეტარიატის გამოცალკევება წარმოადგენს დინამიურ პასუხს (რეაქციას) სწორედ ამ სტატიკურობაზე, რაც საბოლოოდ ახალი საზოგადოების წარმოშობის მთავარი პირობაა.

ცივილიზაციათა გენეზისის მიზეზი

ნეგატიური ფაქტორი. ასეთ ფაქტორად პრიმიტიულ საზოგადოებათა არსებობის ხანგრძლივი პერიოდის ანალიზის დროს უნდა ჩაითვალოს ინერციის ძალა. ეს ძალა, ხორცშესხმული ადათის სახით, კარგად გვიხსნის კაცობრიობის შეფერხებას პრიმიტიულ საფუძველზე დაახლოებით 300 ათასი წლით. მაგრამ რატომ მიმართაზოგიერთმა ინდივიდმა 6000 წლის წინ თავისი ძალისხმევა იქით, რომ დაეძლიათ ეს ინერცია და ინ-ის მდგომარეობა იან-ის აქტივობად გარდაექმნათ? რაც უფრო მძლავრია ინერციის შემაკავშირებელი ძალა, მით უფრო მძლავრი იმპულსია მოსალოდნელი საპირისპირო ვექტორის მქონე ძალისაგან. ამ უცნობ ძალას ჯერჯერობით პოზიტიური ფაქტორი ვუწოდოთ და შევეცადოთ მის გამოკვლევას.
პოზიტიური ფაქტორები: რასა და გარემო. რასა ის ტერმინია, რომელიც გამოიყენება ცოცხალ არსებათა რომელიმე სახეობის, კლასის ან ჯგუფის შინაგანად დამახასიათებელი ნიშნის აღსანიშნავად. ჩვენ გვაინტერესებს ისეთი რასობრივი ელემენტი, როგორიცაა ფსიქიკური ან სულიერი თვისებები, რომლებიც მჟღავნდება ადამიანთა ცალკეულ საზოგადოებებში და შეუძლიათ შეასრულონ დადებითი ფაქტორის როლი აღნიშნული საზოგადოების ცივილიზაციური განვითარების გზაზე.
რასობრივი თეორიის მიხედვით, რომელიც XIX საუკუნის პირველ ნახევარში მწყობრად ჩამოაყალიბა ფრანგმა არისტოკრატმა, გრაფმა დე გობინომ ბრწყინვალედ დაწერილ წიგნში "ტრაქტატი ადამიანთა რასების უთანაბრობის შესახებ" და რომელსაც მის უამრავ ეპიგონს, პლაგიატორს, პოპულიზატორსა და მიმდევართაგან ვერც ერთმა ვერ შემატა თუნდაც ერთი ახალი იდეა, ცივილიზაციის წარმოშობა ადამიანთა მოდგმის ცალკეული რასების სპეციფიკური ფუნქციაა. ამ თვალსაზრისის უარსაყოფად უნდა განვიხილოთ ადამიანის ურთიერთობა ბუნებრივ გარემოსთან, რაც გასაგებს გახდის, რატომ არ შეუქმნია შავ რასას არც ერთი ცივილიზაცია, პოლინეზიურმა თეთრმა რასამ შექმნა ერთი, ყავისფერმა - ორი, ყვითელმა - სამი, წითელმა და ნორდიულმა თეთრმა - ოთხ-ოთხი, ალპურმა თეთრმა - ერთი, ხმელთაშუაზღვისპირა თეთრმა კი - ათი.
საბოლოოდ, ჩვენ მივალთ დასკვნამდე, რომ ცივილიზაციის გენეზისი მოითხოვს ერთზე მეტი რასის შემოქმედებით ძალისხმევას. მაგალითად, ელინური ცივილიზაციის შემქმნელნი არიან თეთრი ნორდიული, თეთრი ალპური და თეთრი ხმელთაშუაზღვისპირა რასები და ა.შ. თუმცა არსებობს ისეთი ცივილიზაციებიც, რომლებიც ერთი რასის შემქმნელია (ჩინური - ყვითელი რასის, მაიას და მექსიკური - წითელი რასის და სხვ.).
გარემო. ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა ჩამოაყალიბეს თვალსაზრისი გეოგრაფიული გარემოს გავლენის შესახებ ადამიანის ბუნებაზე. ვნახოთ, გვიხსნის თუ არა გარემოს თეორია ცივილიზაციათა გენეზისს. გარემოს განმსაზღვრელი როლი დადასტურებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ მსგავს პირობებში მსგავს საზოგადოებათა წარმოშობის ფაქტს.
თავდაპირველად განვიხილოთ, ერთი მხრივ, ევრაზიის სტეპი, მეორე მხრივ კი ცხოვრების პირობებით მისი მსგავსი ტერიტორია, რომელსაც "აფროაზიურ" სტეპს დავარქმევდით და რომელიც გადაჭიმულია სპარსეთის ყურის დასავლეთი ნაპირებიდან ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ სანაპირომდე; ირანის ზეგნის, ანატოლიის, სირიის და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის მისადგომებიდან იემენის მაღლობის, აბისინიისა და ტროპიკული აფრიკის ჩრდილოეთი ტყიანი ზოლის ჩრდილო მისადგომებამდე. დავსვათ კითხვა: განაპირობებს თუ არა ბუნებრივი პირობების მსგავსება ამ ტერიტორიაზე წარმოშობილ საზოგადოებათა მსგავსებას? პასუხი დადებითია. ორივე რეგიონისათვის დამახასიათებელია მომთაბარეობა, საინტერესოა ევრაზიელ და აფროაზიური სტეპების მომთაბარეთა მიერ მოშინაურებულ ცხოველთა შედარებაც კი.
ამრიგად, როგორც დავინახეთ, მსგავსმა ბუნებრივმა პირობებმა განსაზღვრა სოციალური არსებობის მსგავსებაც, თანაც არა მიმესისის წყალობით, არამედ ბუნების ერთგვაროვნების გამო.
მაგრამ სხვა მაგალითები ამ დასკვნას არ ადასტურებენ. მსოფლიოს სხვა რეგიონებში, სადაც, თითქოს, არსებობდა მომთაბარე საზოგადოების ჩამოყალიბების პირობები (ჩრდილოეთ ამერიკის პრერიები, არგენტინის პამპასები, ავსტრალიის საძოვრები და სხვ.), დამოუკიდებელი მომთაბარე საზოგადოებები არ ჩამოყალიბებულა. ამ მიწების პოტენციური შესაძლებლობანი გაუხსნელი დარჩა. ისინი რეალიზებულ იქნა ახალ დროში დასავლური საზოგადოების ინიციატივით. ადგილობრივმა მოსახლეობამ კი ვერაფერი მოიფიქრა იმაზე უმჯობესი, რომ ეს ნომადური სამოთხე ნადირობისათვის გამოეყენებინა და დარჩენილიყო პრიმიტიულ მონადირეთა და შემგროვებელთა დონეზე.
მეორე მაგალითი: ნილოსის ქვემო დინებასა და ტიგროს-ევფრატის ქვემო დინებაზე ერთნაირ პირობებში (ირგვლივ აფროაზიური სტეპი, მშრალი ჰავა, საკმაო წყალმომარაგება, შლამის ნაყოფიერი ფენა) წარმოიშვა "მდინარის" ცივილიზაციები; ეგვიპტური და შუმერული. მაგრამ იორდანეს ხეობაში, სადაც პირობები ისეთივეა, როგორიც ტიგროსისა და ევფრატის ან ნილოსის აუზებში, ასეთი რამ არ მომხდარა. არც ინდის ხეობაში წარმოშობილა "მდინარის" ცივილიზაცია ადგილობრივი საზოგადოების ინდის აუზის პოტენციურ შესაძლებლობათა გამოყენების გზით; ეს მოხდა ტიგროსისა და ევფრატის ქვემოწელიდან მოსულთა ძალისხმევით, რომელთაც ინდის ხეობის ყამირი შუმერული ცივილიზაციის (რომლის მატარებელნი თვითონ იყვნენ) თესლით გაანაყოფიერეს.
შეიძლება დავთვალოთ ნილოსის ტიპის დაახლოებით ექვსი გარემო, რომელთაგან მხოლოდ ორში წარმოიშვა "მდინარის" ცივილიზაცია.
იგივე ლოგიკით შეიძლება უარვყოთ ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებლური ქრისტიანობის თავისებურება რუსული ტყის, მდინარისა და ზამთრის პროდუქტია; გავიხსენოთ, რომ ანალოგიურმა პირობებმა არ წარმოშვა ცივილიზაცია კანადაში. თუ დავუშვებთ, რომ დასავლეთ ევროპის ბუნებრივი გარემო დასავლური ცივილიზაციის წარმოშობის მიზეზი იყო, უნდა გავიხსენოთ, რომ დასავლეთ ევროპისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს ვხვდებით ჩრდილოეთ ამერიკაშიც, მაგრამ იქ არ შექმნილა დამოუკიდებელი ცივილიზაცია.
როგორც ვხედავთ, თეორია, რომლის თანახმად, გარემო დადებითი ფაქტორის როლს ასრულებს ცივილიზაციის გენეზისისათვის, კრიტიკას ვერ უძლებს. წარმოდგენა საერთო გარემოზე, რომელიც მოიცავს როგორც ბუნებრივ, ასევე ადამიანურ ელემენტს, არაადეკვატურია ოცდაერთი ცივილიზაციიდან თითოეულის გენეზისის ახსნისათვის. ცივილიზაციები შეიძლება წარმოიშვას სრულიად სხვადასხვაგვარ გარემოში. ბუნებრივი გარემო შეიძლება იყოს მიზეზი ისეთი ტიპის ცივილიზაციათა გაჩენისა, როგორებიცაა "მდინარის" - ეგვიპტური, შუმერული და, შესაძლოა, ინდური; "მთის" - ანდური, ხეთური, მექსიკური; "არქიპელაგური" - მინოსური, ელინური და შორეულაღმოსავლური იაპონური; "კონტინენტური" - ჩინური, აღმოსავლურ-ქრისტიანული რუსეთში, "ტყის" - მაიას ცივილიზაცია და სხვ.
ეს ჩამონათვალი ცხადყოფს, რომ, არსებითად, ნებისმიერი კლიმატური და ტოპოგრაფიული პირობები შეიძლება ხელსაყრელი აღმოჩნდეს ცივილიზაციის წარმოშობისათვის, თუ არსებობს ის საოცრება, რომელსაც ჩვენ დადებით ფაქტორს ვუწოდებთ და რომელსაც ვეძიებთ.

გამოწვევა-პასუხი

ჯერჯერობით ჩვენ ერთ დასკვნამდე მივედით: ცივილიზაციათა გენეზისის მიზეზი საძიებელია არა ერთ ფაქტორში, არამედ ფაქტორთა კომბინაციაში. განვიხილოთ გამოწვევა-პასუხის ფენომენის მოქმედება კონკრეტულ შემთხვევებში, კერძოდ, 21 ცივილიზაციასთან მიმართებაში. ყურადღება მივაქციოთ გარემოდან მომდინარე გამოწვევას და მასზე პასუხს.
დავიწყოთ ეგვიპტური ცივილიზაციით და განვიხილოთ ჯერ ბუნებრივი, შემდეგ ადამიანური გარემოს გამოწვევები. პირველი გამოწვევები, რომელთა დაფიქსირება შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში, მომდინარეობდა მდინარეთა დელტებიდან - ნილოსის, იორდანეს, ტიგროსისა და ევფრატის, ინდის. ეს მდინარეები კვეთენ მშრალ სტეპებს. ნილოსის ხეობაში პასუხი იყო ეგვიპტური ცივილიზაციის წარმოშობა, ტიგროსისა და ევფრატის აუზში - შუმერულისა, ინდისა - ე.წ. ინდური კულტურის (თუ ჩავთვლით, რომ მას საკუთარი ფესვები ჰქონდა და არ წარმოადგენდა შუმერული ცივილიზაციის განშტოებას). გამყინვარების პერიოდის შემდეგ აფროაზიის ტერიტორიამ მკვეთრი კლიმატური ცვლილებები განიცადა, რასაც მიწების გამოშრობა მოჰყვა. იმ დროს იქ, სადაც ადრე პრიმიტიული საზოგადოებანი არსებობდა, ორი ან მეტი ცივილიზაცია აღმოცენდა. არქეოლოგიური გამოკვლევები შესაძლებლობას იძლევა, გამოშრობის პროცესი განვიხილოთ გამოწვევად, რომელზე პასუხს წარმოადგენდა ცივილიზაციათა წარმოშობა.
აფროაზიური სავანების მონადირეთა და შემგროვებელთა თემები, რომელთაც გამოწვევის პასუხად არ შეიცვალეს არც ადგილსამყოფელი და არც ცხოვრების წესი, მთლიანად განადგურდნენ. ხოლო ისინი, ვინც ცხოვრების წესი შეიცვალა და მონადირიდან მწყემსებად იქცნენ, რომლებიც თავიანთ ჯოგებს მიგრაციის სეზონური მარშრუტით გადააადგილებდნენ, აფროაზიური სტეპის მომთაბარეები გახდნენ. ასევე, ცხოვრების წესის შეცვლამ სტიმული მისცა შემგროვებელთა მიწათმოქმედებად ქცევის შემოქმედებით აქტს. ჰუნების ჭირვეულობას სძლია ადამიანის შრომამ.
შუმერული და ეგვიპტური ცივილიზაციების გენეზისი წარმოადგენს ერთი ტიპის პასუხს ბუნებრივი გარემოს გამოწვევაზე. აფროაზიურმა გვალვამ აიძულა შუმერული ცივილიზაციის მამები, გადასახლებულიყვნენ ტიგროსისა და ევფრატის შესართავებთან და ჭაობიანი დაბლობი ნაყოფიერ მიწად ექციათ. ამ ორი ცივილიზაციის მატერიალური კულტურა ერთი ტიპისაა. სულიერი მახასიათებლები კი - რელიგია, ხელოვნება და საზოგადოებრივი ცხოვრებაც კი - ნაკლებ მსგავსებას ამჟღავნებენ.
გამოცდა, რომელიც გაიარეს შუმერული ცივილიზაციის მამებმა, შუმერულმა ლეგენდამ ასახა. დრაკონ ტიამატის მოკვლა ღმერთ მარდუკის მიერ და მისი სხეულისაგან სამყაროს შექმნა ალეგორიული გააზრებაა პირველქმნილი უდაბნოს დამორჩიელებისა და სენაარის მიწის შექმნისა. ამბავი წარღვნის შესახებ განასახიერებს ბუნების ჯანყს ადამიანის ჩარევის წინააღმდეგ. დასავლელი არქეოლოგების წინაშე დგას ამ ლეგენდის დამადასტურებელი მატერიალური საბუთების მიკვლევისა და ახსნის ამოცანა.
შუმერული ცივილიზაციის ძეგლები ჩუმი და ზუსტი მოწმენი არიან იმ დინამიური აქტებისა, რომლებიც, შუმერული მითოლოგიის მიხედვით, უკავშირდება ღმერთ მარდუკს, რომელმაც მოკლა ტიამატი, და გმირ უტ-ნაპიშტიმს, რომელმაც წარღვნის მოლოდინში კიდობანი გააკეთა და ასე გადარჩა.
ცივილიზაციის ჩასახვა ჩინეთში, ყვითელი მდინარის აუზში, წარმოადგენდა პასუხს კიდევ უფრო მკაცრ გამოწვევაზე, ვიდრე შუამდინარეთისა და ნილოსის გამოწვევა იყო. უდაბნოში, რომელიც ჩინური ცივილიზაციის აკვნად იქცა, დაჭაობებითა და წყალდიდობით გამოცდას ემატებოდა გამოცდა სიცივით, რადგან სეზონური კლიმატური ცვლილებები ამ რეგიონში მეტად მნიშვნელოვანია - ძლიერი სიცხეებიდან ზაფხულში საშინელ სიცივეებამდე ზამთარში. ჩინური ცივილიზაციის შემქმნელები, რასობრივი თვალსაზრისით, დიდად არ განსხვავდებოდნენ ყვითელი მდინარის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ან ტიბეტის პლატოდან ჩინეთის ზღვამდე მცხოვრებთაგან, რომლებიც კულტურული განვითარების მეტად დაბალ დონეზე დგანან. ის, რომ ჩინური ცივილიზაციის მამებმა ცივილიზაციის შექმნა შეძლეს, იმით აიხსნება, რომ მათ ჰქონდათ უნარი, შემოქმედებითად გამოხმაურებოდნენ გამოწვევას, რომელიც სხვებმა, შესაძლოა, ვერც შეამჩნიეს. თვალნათლივ რომ დავრწმუნდეთ, როგორი იყო იყო ჩინეთი მანამ, სანამ იქ ცივილიზაცია შეიქმნებოდა, ყვითელი მდინარიდან ჩრდილოეთით, ამურისაკენ უნდა გავემგზავროთ, ვნახოთ ჭაობები ტბა ხანკას მიდამოებში. ეს დაჭაობებული, ალაგ-ალაგ ტყიანი ადგილი დღესაც ახლოა თავის პირველქმნილ მდგომარეობასთან.
რაც შეეხება მაიას და ანდურ ცივილიზაციებს: მაიას ცივილიზაციის წარმოშობა წარმოადგენდა პასუხს გამოწვევაზე, რომელიც ტროპიკული ტყიდან მომდინარეობდა. მაიას კულტურა შესაძლებელი გახდა ნაყოფიერი დაბლობების სამიწათმოქმედო ათვისების შედეგად, სადაც ბუნების თვითნებობას დაუპირისპირდა ადამიანის ორგანიზებული ძალისხმევა. ამავე დროს, ტროპიკული ტყის გამოწვევამ, რომელმაც მაიას ცივილიზაციის წარმოშობა განაპირობა, არავითარი გავლენა არ იქონია ყელისა და ეკვატორის ქვეყნებზე. სამხრეთ ამერიკაში წარმოშობილი ანდური ცივილიზაცია იყო პასუხი არა ამაზონის აუზის გამოწვევაზე, არამედ ორ სრულიად სხვა გამოწვევაზე, რომელთაგან ერთი ანდების მთიანეთიდან მომდინარეობდა, მეორე - წყნარი ოკეანის სანაპიროდან. "მსოფლიოს არც ერთ სხვა ნაწილში ბუნების ძალები არ ასრულებდნენ ესოდენ მნიშვნელოვან როლს... ანდების ტერიტორიაზე ადამიანი ყოველთვის იყო თუ არა მონა, ყოველ შემთხვევაში, მოწაფე მაინც დედა-ბუნებისა; მისი ისტორია შედგებოდა მუდმივი ბრძოლისაგან, რომელიც ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა" (Means, P.A. Ancient Civilizations of the Andes. London, 1931, გვ. 26). მთიანეთის ტერიტორიაზე ანდური ცივილიზაციის მამები წააწყდნენ მკაცრი კლიმატის და მწირი ნიადაგის გამოწვევას, სანაპიროზე - სიცხის, გვალვისა და უწყლობის. ცივილიზაციის შემქმნელებმა სანაპიროზე შექმნეს თავიანთი ოაზისები უდაბნოში, დაიმორჩილეს რა მთიანეთის დასავლეთ კალთების წყლები და აითვისეს რა ირიგაცია. მთიანეთის ცივილიზაციის შემქმნელებმა მთის კალთები მინდვრებად აქციეს, აითვისეს რა ტერასული მიწათმოქმედება.
ჩვენ განვიხილეთ, გამოწვევა-პასუხის თეორიიდან გამომდინარე, ექვსიდან ხუთი ცივილიზაციის გენეზისი, რომელთაც ჩვენ, ნათესაობის თვალსაზრისით, დამოუკიდებლად მივიჩნევთ. მეექვსე - მინოსური ცივილიზაცია - იყო პასუხი გამოწვევაზე, რომელიც აქამდე არ შეგვხვედრია: ზღვის გამოწვევაზე.
"სრული სვლით", ანუ "მეტისმეტად კარგი მიწა". გამოწვევა ბიძგს აძლევს ზრდას. გამოწვევის პასუხად საზოგადოება წყვეტს მის წინაშე მდგომ ამოცანას, რითაც საკუთარი თავი გადაჰყავს უფრო მაღალ და უფრო სრულყოფილ (სირთულის თვალსაზრისით) მდგომარეობაში.
გამოწვევათა არსებობა ნიშნავს ზრდისა და განვითარების სტიმულთა არარსებობას. ტრადიციული თვალსაზრისი, რომლის მიხედვით, ხელსაყრელი გეოგრაფიული და კლიმატური პირობები უცილობლად უწყობს ხელს საზოგადოების განვითარებას, სწორი არ არის. პირიქით, ისტორიული მაგალითები ცხადყოფენ, რომ მეტისმეტად კარგი პირობები, როგორც წესი, ხელს უწყობენ ბუნებისაკენ მიბრუნებას და ყოველგვარი ზრდის შეწყვეტას.
ეგვიპტე ტრადიციულად განიხილება როგორც ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობების რეგიონი. მაგრამ თავდაპირველად ეს იყო მიწათმოქმედებისათვის რთული რეგიონი, რომელიც აყვავდა სპეციალური სარიგაციო სისტემის მეშვეობით.
ცივილიზაცია არსებობს ადამიანის მუდმივი ძალისხმევის შედეგად. საკმარისია ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოთ, რომ ცივილიზებული ცხოვრება მასში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. საკმარისი იყო პოლინეზიელ ვაჭრებს შეეწყვიტათ თავიანთი სახიფათო ვოიაჟები აღდგომის კუნძულზე, რომ მისი ძველი კულტურის დიდებული მიღწევები სულ რამდენიმე თაობის შემდეგ გამოცანად იქცნენ. საკუთარი თავის ანაბარა დარჩენილი ხალხები, რომლებიც ცენტრალური აფრიკის ჯუნგლეში ცხოვრობდნენ, მოკლებულნი აღმოჩნდნენ ბუნებრივ სტიმულს და ათასწლეულების მანძილზე რჩებოდნენ პრიმიტიულ დონეზე, გაქვავებულ მდგომარეობაში.
ზრდის სტიმულები შეიძლება ორ ძირითად სახეობად დავყოთ: ბუნებრივი გარემოს სტიმული და ადამიანური გარემოცვის სტიმული. ბუნებრივი გარემოს სტიმულთა შორის შეიძლება გამოიყოს "უნაყოფო მიწისა" და "ახალი მიწების" სტიმულები.
"უნაყოფო მიწის" სტიმული ისტორიაში არაერთხელ გვხვდება. მკაცრი ბუნებრივი პირობები ხშირად ასრულებენ ცივილიზაციის წარმოშობისა და განვითარების მძლავრი სტიმულის როლს. მაგალითად, თუ ერთმანეთს შევადარებთ იანძისა და ხუანხეს ხეობებს, პირველი გაცილებით ხელსაყრელია ციკლური სეზონური მიწათმოქმედებისათვის, ვიდრე მეორე. ძველი ჩინური ცივილიზაცია თითქოს სწორედ იანძის აუზში უნდა აღმოცენებულიყო, მაგრამ იგი ხუანხეს აუზში წარმოიშვა. ანალოგიური სიტუაცია გვხვდება სამხრეთ აფრიკის ორ რაიონში. ინდური ცივილიზაცია წარმოიშვა არა ვალპარაისოში, რომელსაც, წვიმების სიუხვის გამო, ესპანელი კონკისტადორები მიწიერ სამოთხეს უწოდებდნენ, არამედ ჩრდილოეთით, პერუს საზღვარზე, სადაც წყლის უკმარისობის გამო მიწათმოქმედება შესაძლებელი იყო მხოლოდ რთული საირიგაციო სისტემის არსებობის შემთხვევაში.
"ბუნების დაბრუნება". არსებობს თუ არა ცივილიზაციათა წარმოშობის ცენტრები, რომელთა ბუნებრივი პირობები არსებითად განსხვავდება ეგვიპტისა და შუამდინარეთისაგან? დიახ, რადგან ადამიანის გამარჯვება ბუნებაზე ამ ორ რეგიონში იმდენადვე ღირსშესანიშნავია, რამდენადაც იშვიათი გამონაკლისი ისტორიული სიხშირის თვალსაზრისით. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას ურჩი ბუნება, რომელიც ოდესღაც შეავიწროვა ადამიანთა გმირობამ, კიდევ იკრებდა ძალას, თავისუფლდებოდა, რასაც ხელს უწყობდა ისიც, რომ ცივილიზაციის მამათა მომდევნო თაობები ვერ ინარჩუნებდნენ მემკვიდრეობას. ისტორია ამის მრავალ მაგალითს იძლევა. მოვიტანთ ზოგიერთ ნიმუშს ბუნების დაბრუნებისა, ანუ ბუნებისა და ცივილიზაციის ბრძოლისა.
თვალსაჩინო მაგალითია მაიას ცივილიზაციის სამშობლოს თანამედროვე მდგომარეობა. ეგვიპტისა და შუამდინარეთის დამბების და დრენაჟებისაგან განსხვავებით, რომელთაც ადამიანი დღემდე ინარჩუნებს მუშა მდგომარეობაში, ძველი მაიას ცივილიზაციის შემქმნელთა დაუღალავი შრომის ნაყოფი, პრაქტიკულად, დაიკარგა. ამ ცივილიზაციის ერთადერთ გადარჩენილ ძეგლებს წარმოადგენენ ოდესღაც გრანდიოზული, დიდებულად მორთული საზოგადოებრივი ნაგებობების ნანგრევები. ისინი ადამიანთა საცხოვრებელი ადგილებიდან შორს აღმოჩნდნენ და ტროპიკული ტყეების სიღრმეში იმალებიან. ტყემ, როგორც გველეშაპმა, შთანთქა ისინი. კონტრასტი ძველ ცივილიზაციასა და ქვეყნის თანამედროვე მდგომარეობას შორის იმდენად დიდია, რომ ძნელად თავსდება ადამიანის წარმოდგენაში. მაიას ხუროთმოძღვრების შედევრები იყვნენ დასტური ბუნებაზე ადამიანის გამარჯვებისა. ადამიანის ტრიუმფი ურყევი და სამუდამო ჩანდა. მაგრამ მან ვერ შესძლო, თავიდან აეცილებინა ტყის დაბრუნება, რომელმაც ჩაყლაპა დამუშავებული მინდვრები, შენობები, მოედნები, შემდეგ - სასახლეები და ტაძრები.
ჩრდილო არაბეთის უდაბნოში ანალოგიურ მაგალითს წარმოადგენენ ქალაქები პეტრა და პალმირა, სირიული ცივილიზაციის ეს ძველი კერები დღეს მაიას ცივილიზაციის კერებზე უკეთეს მდგომარეობაში როდი არიან. ისინი უდაბნომ შთანთქა, ისევე როგორც მაიას ცივილიზაციის ცენტრები - ტყემ. ნანგრევები ცხადყოფენ, რომ ეს ქალაქები მაიას ქალაქებივით ძლიერი და მდიდარი იყვნენ. არქეოლოგიური მონაცემები წერილობითი წყაროების მოწმობით დასტურდება. მაგრამ იმ დროიდან, რაც ამოქმედდა ადამიანური გარემოს ზემოქმედების ფაქტორი (რომის იმპერიის ზეწოლა), სირიის სახელმწიფომ და საზოგადოებამ შეასუსტეს ბუნებაზე ბატონობა, შემდეგ კი უფლება მისცეს უდაბნოს, ჩაეყლაპა თვით პეტრა და პალმირა. ამრიგად, ნაგებობათა ნანგრევები, დაღუპული ოაზისები და მიტოვებული საქარავნო გზები გვაჩვენებენ, რომ ბუნებრივი გარემო, რომელშიც ჩაისახა სირიული ცივილიზაცია, ძალიან მკაცრი იყო.
ანალოგიური დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ პოლინეზიური ცივილიზაციის პირველსაწყისების თაობაზე, აღდგომის კუნძულის მონაცემებზე დაყრდნობით. იმ დროს, როცა დასავლელი მკვლევარები გაეცნენ ამ კუნძულს, იგი დასახლებული იყო პოლინეზიური ტიპის მეტისმეტად პრიმიტიული ტომებით. მაგრამ აქ ცხოვრობდა კიდევ ერთი ხალხი - ე.წ. "ქვის ხალხი" - ქვის ქანდაკებათა უზარმაზარი რაოდენობა, რომლებიც შესრულების სრულყოფილებით გამოირჩეოდა. კუნძულის მკვიდრნი არ ფლობდნენ არც ქვის კვეთის, არც ზღვაოსნობის ხელოვნებას. "ქვის ხალხის" არსებობა დაღუპულ ცივილიზაციაზე უნდა მიგვანიშნებდეს. შესაძლოა, ეს ქანდაკებანი შესრულებულია პოლინეზიელი ნავიგატორების მიერ, რომელთაც კომპასის, რუკისა და ქრონომეტრის გარეშე გაკვალეს გზა აღდგომის კუნძულისაკენ. მათვე მოიტანეს ქვის ქანდაკებათა შესრულების ხელოვნება. კოლონისტების თანდათანობითი კულტურული დეგრადაცია, როგორც ჩანს, უნდა აიხსნას პოლინეზიურ საზოგადოებასთან რეგულარული კონტაქტის დაკარგვით. ქანდაკებათა მრავალრიცხოვნება იმაზე მიუთითებს, რომ ისინი რამდენიმე თაობის მიერ იქმნებოდა, შესაბამისად, კოლონისტები საკმაო ხნის მანძილზე ინარჩუნებდნენ კავშირს პირველსამშობლოსთან. საბოლოოდ, რაღაც დღემდე უცნობი მიზეზის გამო, ზღვამ თითქმის მთლიანად ჩაყლაპა კუნძული, როგორც უდაბნომ - პალმირა. შესაძლოა, პოლინეზიური ცივილიზაციის ბედზე გავლენა იქონია მკვეთრმა კონტრასტმა საზღვაო გზის სირთულეებსა და თვით კუნძულის ხელსაყრელ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებს შორის: წყნარ ოკეანეში ზღვაოსნობის საფრთხე და შრომის სიმძიმე იმდენად დიდი იყო, კუნძულებზე სულის მოთქმის შესაძლებლობა კი - იმდენად მიმზიდველი, რომ შვილებმა არ მიბაძეს მამა-პაპათა მაგალითს და კუნძულზე ცხოვრების განმარტოებასა და სიმშვიდეს მიეცნენ. ასე წარმოგვიდგება პოლინეზიური ცივილიზაციის დაცემის ისტორია.
ჩვენ განვიხილეთ რიგი ადგილებისა ამერიკისა და აზიის ტროპიკებში, აფროაზიურ სტეპში, წყნარი ოკეანის არქიპელაგზე, ამერიკაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, სადაც ბუნებამ რევანში აიღო ადამიანის ხანმოკლე ტრიუმფის შემდეგ, ტრიუმფისა, რომელიც მოპოვებული იყო სასტიკი ბრძოლით; მაშინაც კი, როცა პიონერთა ძალისხმევას თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვებოდა, დამორჩილებული ბუნება მოითხოვდა მუდმივ ძალისხმევას მოპოვებულის შესანარჩუნებლად.
ეს მაგალითები, ალბათ, საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ცივილიზაციები იოლ პირობებში არ წარმოიშობოდა. პირიქით, მათი წარმოშობის ადგილებში ბუნება სერიოზულ და მძიმე გამოცდას უწყობდა ადამიანს.

მკაცრი პირობების სტიმული

როგორც დავინახეთ, რაც უფრო ხელსაყრელია პირობები, გარემო, მით უფრო სუსტია ცივილიზაციათა წარმოშობის სტიმული. დავუშვათ, რომ ცივილიზაციის ჩასახვის სტიმული იზრდება იმის კვალობაზე, რაც უფრო რთულდება და მკაცრდება ცხოვრების პირობები. განვიხილოთ ამ დებულების სასარგებლო და საწინააღმდეგო არგუმენტები. საისტორიო მასალა დავყოთ ორ ჯგუფად: პირველს მივაკუთვნოთ ის შემთხვევები, როცა ცივილიზაცია წარმოიშობოდა ბუნებრივი გარემოს ზეგავლენით, მეორეს კი - როცა უფრო დიდ გავლენას ადამიანური გარემოცვა ახდენდა.
ეგეოსის მიწა, რომელმაც კაცობრიობას ორი - მინოსური და ელინური - ცივილიზაცია მისცა, გეოგრაფიული თვალსაზრისით, მეტად რთულია. ესაა ასათვისებლად მეტად რთული რაიონი. ამიტომ ათქმევინა ჰეროდოტემ სპარსელ დემარატეს სპარსეთის მეფე ქსერქსესთან საუბარში: "სიღატაკე ელადაში ძველთაგან არსებობდა, სიმამაცე კი შეძენილია თანდაყოლილი სიბრძნითა და მკაცრი კანონებით. სწორედ ამ სიმამაცით აღწევს თავს ელადა სიღატაკეს და ტირანიას".
მკვეთრ კონტრასტს ქმნის ერთმანეთთან ატიკა და ბეოტია. პირველი თავისი ქვიანი, მშრალი ნიადაგითა და ასკეტური ბუნებით, "ელადის ელადად" იქცა, ყოველივე ბერძნულის კონცენტრირებულ გამოხატულებად. მეორე კი, თავისი მშვენიერი ლანდშაფტით, რომელიც იშვიათ გამონაკლისად მოჩანს მკაცრი ბუნების ფონზე, ასეთივე დისონანსად აღიქმებოდა ელინთა ცნობიერებაში: ელინისათვის ბეოტიელი ნიშნავდა უხეშ, უბრალო, მოჩლუნგო, გულგრილ ეთოსს, რომელიც გენიალურობის ნიშნით აღბეჭდილი საერთო ელინურიდან ამოვარდნილის შთაბეჭდილებას ტოვებდა. როცა ატიკის მიწები გამოიფიტა, მოსახლეობა მესაქონლეობიდან და მიწათმოქმედებიდან ზეთისხილის პლანტაციათა გაშენებაზე გადავიდა. ეს მცენარე შიშველ ქვაზეც ხარობს და უხვ ნაყოფს იძლევა. მაგრამ მხოლოდ ზეითუნის ზეთი საარსებოდ საკმარისი არ იყო, და ათენელებმა დაიწყეს ზეთის გადაცვლა სკვითურ მარცვალზე. ზეთი თიხის ჭურჭლით ზღვით გადაჰქონდათ. ამან, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ზღვაოსნობისა და მეთუნეობის განვითარებას. საერთაშორისო ვაჭრობამ მოითხოვა ფულის მიმოქცევა და ხელი შეუწყო ატიკის ვერცხლის საბადოთა ათვისებას. მრეწველობის, ვაჭრობის, ზღვაოსნობის განვითარებას მოჰყვა სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნა. ამრიგად, ნიადაგის გამოფიტვა კომპენსირდებოდა ზღვის ათვისებით. ათენელებმა ათმაგად აინაზღაურეს დაკარგული სიმდიდრე. სწორედ ეს სიმდიდრე, რომელიც სიზმრადაც არ ენახა ბეოტიელს, რადგან მისთვის არასოდეს უღალატია მიწას, გახდა პოლიტიკური, სულიერი, მხატვრული კულტურის ეკონომიკური საფუძველი, რამაც ათენი "ელადის სკოლად", "ელადის ელადად" აქცია. ათენელებმა "გაანათლეს" ელადა. ატიკურმა კულტურამ შეიწოვა ელინური კულტურის ყველა სხვა მიღწევა და დამახასიათებელი ნიშნები, რათა სრულეყო და შთამომავლობისათვის გადაეცა ისინი.

ახალი მიწების სტიმული

კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ბუნებრივი გარემოს საკითხს, მხოლოდ სხვა კუთხით: შევადაროთ ერთმანეთს ძველი და ახალი მიწების მასტიმულირებელი ზეგავლენა ტერიტორიათა თვისებრივი მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე.
არის თუ არა ახალი მიწების ათვისება სტიმული? ადამიანთა სპონტანური გამოცდილება, რომელიც კონცენტრირებულ გამოხატულებას პოულობს მითოლოგიაში, ამ კითხვაზე დადებით პასუხს იძლევა. XVIII საუკუნის კრიტიკული ემპირიზმის წარმომადგენელი დევიდ იუმი თავის ტრაქტატში "ხელოვნებათა და მეცნიერებათა წარმოშობისა და განვითარების შესახებ" ასკვნის: "ხელოვნებანი და მეცნიერებანი, ზოგიერთი მცენარის მსგავსად, საჭიროებენ ახალ ნიადაგს. რა მდიდარიც არ უნდა იყოს ნიადაგი და როგორც არ უნდა ზრუნავდეთ მასზე, იგი გამოფიტვის შემდეგ ვერ მოგვცემს ვერაფერს სრულყოფილს". ასევე დადებით პასუხს იძლევიან მითები "სამოთხიდან გაძევებისა" და "ეგვიპტიდან გამოსვლის" შესახებ. სამოთხიდან განდევნილი ადამი და ევა საფუძველს უყრიან სამიწათმოქმედო და სამესაქონლეო ცივილიზაციას. ეგვიპტიდან გამოსვლამ ისრაელის შვილებს მოაკლო ეგვიპტური ცივილიზაციის უპირატესობანი, მაგრამ მისცა აღთქმული ქვეყანა, სადაც მათ საფუძველი ჩაუყარეს სირიულ ცივილიზაციას. მითების მონაცემებს პრაქტიკაც ადასტურებს.
როგორც ქრისტიანული, ასევე ბუდისტური რელიგიის ისტორია გვიჩვენებს, რომ მათმა იდეებმა ვერ ჰპოვა ადგილი ძველ მიწებზე, მაგრამ როცა მათ ფარგლებს გასცდნენ, ფართოდ გავრცელდნენ.
თუ განვიხილავთ ურთიერთდაკავშირებულ ცივილიზაციებს, ანუ ისეთებს, რომლებიც ადრე არსებულ ცივილიზაციათა ადგილზე აღმოცენდნენ, და შევეცდებით ერთმანეთს შევადაროთ ამ ცივილიზაციების ძველი და ახალი საფუძვლების (ცენტრების) სტიმულები, დავინახავთ, რომ უმაღლეს განვითარებას ისინი სწორედ ახალ ცენტრებში აღწევდნენ. მაგალითად, ბაბილონურ ცივილიზაციას, რომლის წარმოშობის ადგილი მთლიანად ემთხვევა შუმერული ცივილიზაციის ფარგლებს, სამი ცენტრი ჰქონდა: ბაბილონი, ელამი, ასურეთი. მაქსიმალურ განვითარებას ბაბილონურმა ცივილიზაციამ სწორედ ასურეთში მიაღწია.

ზღვისიქითა მიგრაციის განსაკუთრებული სტიმული.

ძველი და ახალი საფუძვლების შემოქმედებით შესაძლებლობათა მიმოხილვა ურთიერთდაკავშირებულ ცივილიზაციათა მაგალითზე ემპირიულად ამაგრებს თვალსაზრისს, გამოხატულს მითებში ეგვიპტიდან გამოსვლისა და სამოთხიდან გაძევების შესახებ. ახალ საფუძვლებზე გადასვლა ძლიერ ეფექტს იძლევა. ეს სტიმული განსაკუთრებით ძლიერია, თუ ახალი საფუძველი ზღვისიქითა ტერიტორიებზე იძებნება.
ზღვისიქითა კოლონიზაციის განსაკუთრებული სტიმული ნათლად ჩანს ხმელთაშუაზღვისპირეთში ძვ.წ. ბოლო ათასწლეულის პირველ ნახევარში. ამ დროს მისი დასავლეთი აუზი კოლონიზებულ იქნა ზღვისგაღმელი პიონერების მიერ, რომლებიც ლევანტის სამ ცივილიზაციას წარმოადგენდნენ. განსაკუთრებით მკაფიოდ ამას წარმოგვიდგენს ამ კოლონიურ წარმონაქმთაგან ორის - სირიული კართაგენისა და ელინური სირაკუზის - შედარება მათ პირველსამშობლოსთან. კართაგენი აღემატება ტიროსს ვაჭრობის მოცულობითა და ხარისხით. ამ ეკონომიკურ საფუძველზე მან შექმნა პოლიტიკური იმპერია, რომელზეც "მშობელ" ქალაქ ტიროსს ოცნებაც კი არ შეეძლო. ასევე, სირაკუზმა გადააჭარბა კორინთოს პოლიტიკური ძალითაც და თავისი წვლილითაც ელინურ კულტურაში.(გვ.110)
ეტრუსკები არაფრით გამორჩეულან თავიანთ სამშობლოში, მაგრამ საოცარ სიმაღლეებს მიაღწიეს ზღვისიქითა კოლონიებში, რაც იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად მძლავრი იყო მათ მიერ ზღვისიქითა კოლონიზაციის პროცესში მიღებული სტიმული.
ზღვისიქითა მიგრაციის დროს მიგრანტთა მთელი სოციალური გამოცდილება თითქოს შეკუმშული სახით ინახება. როცა მიგრანტები სხვათა მიწებს აღწევენ, ეს გამოცდილება ისევ "იშლება" და ძალას იკრებს. მაგრამ ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაფერი, რაც გულდასმით ინახებოდა და არსებით ფასეულობას წარმოადგენდა მიგრანტთათვის, ახალ ადგილზე კარგავს მნიშვნელობას ან არ შეიძლება აღდგენილ იქნას თავდაპირველი სახით. ეს კანონი დამახასიათებელია თითქმის ყველა ზღვისიქითა მიგრაციისათვის. იგი მოქმედებდა ხმელთაშუაზღვისპირეთის დასავლეთ აუზის ძველბერძნული, ფინიკური, ეტრუსკული კოლონიზაციის დროს, აგრეთვე ამერიკის თანამედროვე ევროპული კოლონიზაციის დროს. ახალი მიწების დაუფლების სურვილი კოლონისტებს ზღვის გამოწვევის პირისპირ აყენებს, გამოწვევა კი პასუხს განაპირობებს. როცა ზღვისიქითა მიგრაცია ტომთა მოძრაობის ნაწილია, მაშინ გამოწვევა გაცილებით სერიოზულია, ხოლო სტიმული - პროპორციულად ძლიერი. იმიგრაციის ზემოქმედება უფრო ძლიერია, თუ მიგრანტები ხმელეთით კი არა, ღია ზღვაში გადაადგილდებიან. ხარებშებმულ ურემს გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს ბუნებრივ გარემოზე, ვიდრე გემს ზღვაში. მეურმეს შეუძლია შეინარჩუნოს მუდმივი კონტაქტი სახლთან; შეუძლია შეჩერდეს და ბანაკი დასცეს იქ და მაშინ, სადაც და როდესაც ეს მისთვის მოსახერხებელია; და ბოლოს, მისთვის უფრო ადვილია შეინარჩუნოს ჩვეული სოციალური წესრიგი, რაზეც უარის თქმა უხდება მის მეზღვაურ მეგობარს. ამრიგად, შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ ზღვისიქითა მიგრაციის მასტიმულირებელი ზეგავლენა ტომთა მოძრაობის პროცესში, ერთი მხრივ, და სახმელეთო მიგრაცია და, მით უმეტეს, ერთ ადგილას სტაბილური ყოფნა, მეორე მხრივ.
ზღვისიქითა მიგრაციის კიდევ ერთი დამახასიათებელი ფენომენია პრიმიტიული ინსტიტუტების ატროფია, რომლებიც არადიფერენცირებული სოციალური ცხოვრების გამოხატულებას წარმოადგენენ.
ზღვისიქითა მიგრაციის დამახასიათებელი ნიშნები, რომელთა შესახებ ახლა ვისაუბრეთ, ნეგატიური ხასიათისაა, მაგრამ ამ უარყოფითი ნიშნების მხრივ გამოწვევამ წარმოშვა ღირსეული დადებითი პასუხი.
გადახრა, რომელიც გამოიხატება სამშობლოში დატოვებული პრიმიტიული სოციალური აპარატის არარსებობით, ახალი შემოქმედებითი აქტების სტიმულად იქცევა. ენერგია, გამოთავისუფლებული ჩვეულების კრისტალის დარღვევით ახალ ზღვისიქითა გარემოცვაში, აქტივობის ახალ სახედ გადაიქცევა. ნაყოფიერების რიტუალის ატროფიით გაწმენდილ ველზე აღმოცენდება ლიტერატურული ხელოვნების თხრობათა ფორმა - საგა ან ეპოსი. ნათესაური კავშირის დარღვევით გათავისუფლებულ ველზე წარმოიშვა გემის ეკიპაჟის მსგავსი პოლიტიკური სისტემა, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა და უფრო მყარ საფუძველზე დამკვიდრებული - რესპუბლიკა. ამ სისტემის შემაკავშირებალია უკვე არა ნათესაობა, არამედ თავისუფლად არჩეული ბელადის საყოველთაო მორჩილება, თავისუფლად მიღებული კანონების საყოველთაო პატივისცემა, რასაც თანამედროვე დასავლური პოლიტიკური მითოლოგია "საზოგადოებრივ ხელშეკრულებას" უწოდებს.
საგა და ეპოსი პასუხია ახალ ინტელექტუალურ მოთხოვნებზე. ხელოვნების ეს თვალსაჩინო ნაწარმოებები ზღვით გამოცდის პროცესში წარმოშობილი სტიმულის შედეგია, რომელიც არსებობას გნაგრძობს სტიმულის მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც. ამით აიხსნება ის, რომ ელინური ეპოსი განვითარდა ზღვისიქითა იონიაში და არა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე; ტევტონური ეპოსი - ბრიტანეთის კუნძულზე და არა ევროპის კონტინენტზე; სკანდინავიური საგა - კუნძულ ისლანდიაზე და არა (სკანდინავიური დრამის მსგავსად) დანიასა ან შვეციაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აზრს იმის შესახებ, რომ "დრამა ვითარდება მშობლიურ ქვეყანაში, ეპოსი - მიგრანტებში, დამოუკიდებლად იმისგან, საფრანგეთში მიემგზავრებიან ისინი, ინგლისში, გერმანიასი თუ იონიაში".
მეორე დადებითი ეფექტი, დაკავშირებული ზღვისიქითა მიგრაციის ფაქტორთან, პოლიტიკურ სფეროს განეკუთვნება. ყალიბდება პოლიტიკური სისტემის პრინციპულად ახალი ტიპი - რესპუბლიკა, რომელშიც შემაკავშირებელ ელემენტად გამოდის ხელშეკრულება და არა ნათესაობა.
პოლიტიკური ორგანიზაციის ამ ახალმა პრინციპმა პირველად თავი იჩინა ზღვისიქითა ბერძნულ კოლონიებში, მოგვიანებით კი დამკვიდრდა თავად ნახევარკუნძულზე (ბალკანეთის) მიმესისის მეშვეობით. ანატოლიის სანაპიროს მკვიდრ მოსახლეობასთან დაპირისპირებისას ბერძენი ზღვაოსნები სპონტანურად მივიდნენ ახალ პრინციპამდე. ხომალდის ეკიპაჟი, რომლის წევრები სხვადასხვა რაიონიდან, სხვადასხვა ნათესაური ჯგუფის წარმომადგენლები არიან, წარმოადგენს გაერთიანებას ახალი ზღვისიქითა სამშობლოს დაპყრობისა და მისი შემდგომი დაცვის მიზნით. ამ პრინციპით შექმნილ ქალაქ-სახელმწიფოში ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის "უჯრედებად" იქცნენ არა ნათესავთა ჯგუფები, არამედ ხომალდთა ეკიპაჟები, რომლებიც ხმელეთზე გადასვლის შემდეგაც ინარჩუნებენ სახომალდო ორგანიზაციას. ფაქტობრივად, ამ ეკიპაჟებისაგან შეიქმნა ქალაქ-სახელმწიფოები, საქალაქო მაგისტრატი და საქალაქო თვითმმართველობის იდეა.

დარტყმათა სტიმული

პირველ რიგში, ერთმანეთისაგან განვასხვაოთ ადამიანური გარემოს ორი სახე: 1. რომელიც გეოგრაფიულად "გარეშეა" იმ საზოგადოებისათვის რომელზეც ზემოქმედებს, 2. რომელიც გეოგრაფიულად ემთხვევა ამ საზოგადოებას.
როგორია გარეშე ადამიანური გარემოს უეცარი დარტყმის შედეგი? რჩება თუ არა ძალაში ფორმულა: "რაც უფრო ძლიერია გამოწვევა, მით უფრო ძლიერია სტიმული"? თუ ისტორიას გადავხედავთ, პირველ რიგში გაგვახსენდება შემთხვევები, როცა მძლავრი, კარგად შეიარაღებული ხელისუფლება, შთაგონებული მეზობლებთან მუდმივი მეტოქეობით, უეცრად განიცდიდა სასტიკ მარცხს მოწინააღმდეგისაგან, რომელსაც ადრე არასდროს შეხვედროდა. რა მოყვება ასეთ მარცხს? დამარცხებულნი კარგავენ წინააღმდეგობისა და ბრძოლის უნარს? თუ, ბერძნული მითოლოგიის ანთეოსის მსგავსად, მშობელ მიწასთან შეხებით იორკეცებენ ძალასა და ენერგიეს? ნებდებიან მოწინააღმდეგეს? ან, იქნებ, ისინი უპრეცენდენტოდ ძლიერ დარტყმას პასუხობენ მიზანმიმართული ენერგიის ასეთივე ძლიერი აფეთქებით? ისტორია მოწმობს, რომ დამარცხებული ყველაზე ხშირად მეორე ვარიანტს ირჩევს.
დარტყმის მასტიმულირებელი მოქმედების კლასიკური მაგალითია: ელადის, კერძოდ, ათენის რეაქცია აქემენიდთა - სირიის უნივერსალური სახელმწიფოს - თავდასხმაზე 480-479 წლებში. სპარსთა მეფე ქსერქსეს უზარმაზარმა ძალებმა თავდაპირველად შეაძრწუნა ელინური საზოგადოება. ის ფაქტი, რომ აზიის ელინური თემები უკვე დაპყრობილი იყვნენ სპარსთა მიერ, თავისუფლების დაკარგვის საფრთხეს კიდევ უფრო რეალურს ხდიდა. მაგრამ, როცა ომი ყველა პროგნოზის საწინააღმდეგო შედეგით დამთავრდა, ელადის მცხოვრებლებმა გაიაზრეს, რომ მათ არა მხოლოდ დაამარცხეს მტერი, არამედ აღაფრთოვანეს მსოფლიო ესოდენ მოულოდნელი შედეგით, მოიპოვეს პატივი და დიდება.
გამარჯვებას არნახული აყვავება მოყვა. ნახევარი საუკუნის მანძილზე ელადამ მსოფლიოს მისცა დიდებული მხატვრებისა და მოქანდაკეების მთელი პლეადა. განვითარდა ფილოსოფიური აზროვნება და ორატორული ხელოვნება, განსაკუთრებით - ათენში. სახელი გაითქვა სოკრატეს, პლატონის, არისტოტელეს ფილოსოფიურმა სკოლებმა, პერიკლეს, სოკრატესა და მისი მოწაფეების ორატორულმა ხელოვნებამ. სამხედრო ხელოვნებას აგრეთვე ჰყავდა ღირსეული წარმომადგენლები მილტიადეს, არისტიდეს, თემისტოკლეს, კიმონისა და სხვათა სახით.
განსაკუთრებით გამოირჩეოდა ათენი. მათ შეძლეს დაკედემონელთა და პელოპონესელთა მხარდაჭერის გარეშე დაემარცხებინათ სპარსელები ხმელეთსა და ზღვაზე, აიძულეს სპარსეთი, ხელი მოეწერა ზავზე და გაეთავისუფლებინა ყველა ბერძნული კოლონია აზიაში.
ათენის ამ პერიოდის აღმავლობა შეიძლება შევადაროთ საფრანგეთის განახლებას 1914-1918 წწ. მსოფლიო ომის შემდეგ. რადგან როგორც ერთი, ისე მეორე განიცდიდა დარტყმის მასტიმულირებელ ზეგავლენას. თავისი სამეურნეო ცხოვრების რეორგანიზაციით 480-479 წწ. შემდეგ ატიკამ ისევე იცვალა სახე, როგორც ომის შემდგომმა საფრანგეთმა შეძლო გერმანული ცეცხლით დანგრეული მრეწველობის ტექნიკური რეორგანიზაცია.
ათენი მთავარ ყურადღებას უთმობდა ტაძრების აღდგენას. ამ შემოქმედებით შრომაშიც იგი საკუთარი გზით მიდიოდა. მაგალითად, როცა ფრანგებმა აღადგინეს რაიმსის დანგრეული ტაძარი, ისინი გულდაგულ აღადგენდნენ თითოეულ აგურს, თითოეულ სკულპტურას. ბერძნებმა კი ხელუხლებლად დატოვეს დანგრეული და დამწვარი ჰეკატომპედონი და ახალ ადგილზე პანთეონი ააშენეს.
რაც შეეხება სპარტას, 480-479 წწ. სტიმულმა მას გვერდი აუარა. მაგრამ უკვე ძვ.წ. 464 წ. ღმერთმა მას დამანგრეველი მიწისძვრა დაატეხა თავს, რასაც ილოტების აჯანყება მოჰყვა. ამ მოვლენებმა გამოიწვია სპარტის გასამხედროება. დროთა განმავლობაში მათ შეაჩერეს ათენის სახელმწიფოს წინსვლა და ბოლოც მოუღეს მას.
ამრიგად, მაგალითები პოლიტიკური და სამხედრო ისტორიიდან ადასტურებს, რომ რაც უფრო ძლიერია დარტყმა, მით უფრო ძლიერია სტიმული. ამასთან, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ამ ისტორიული კანონიდან დამომდინარე შედეგიც: მილიტარიზმი თავისთავად შემოქმედებითი ენერგიის წყაროა.

ზეწოლის სტიმული

ახლა განვიხილოთ შემთხვევები, როცა ზემოქმედება იღებს არა დარტყმის, არამედ განუწყვეტელი გარეშე ზეწოლის ფორმას.
ვუწოდოთ ხალხებს, სახელმწიფოებს ან ქალაქებს, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე განიცდიან გარე ზეწოლას, "ფორპოსტები", და განვიხილოთ ისინი იმ ტერიტორიებთან შედარებით, რომლებიც იმავე საზოგადოებას ეკუთვნიან, მაგრამ გეოგრაფიულად შეიძლება განხილულ იქნან როგორც "ზურგი".
თუ მივმართავთ რუსეთის მართმადიდებლურ შტოს, აღმოვაჩენთ, რომ საზოგადოების ვიტალურობას ახასიათებს ხან ერთ, ხან მეორე ფორპოსტში კონცენტრირების ტენდენცია, იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ისტორიული განვითარების მანძილზე გარეშე ზეწოლათა მიმართულება.
რუსული მიწები, სადაც პირველად დამკვიდრდა ქრისტიანობა კონსტანტინოპოლიდან გადმონერგვის დროს, შავი ზღვისა და დიდი სტეპის გავლით, ზემო დნეპრის აუზში მდებარეობდა. იქიდან აღმოსავლეთ ქრისტიანობის ცივილიზაციის სიმძიმის ცენტრმა რუსეთში XII საუკუნეში ზემო ვოლგის აუზში გადაინაცვლა; აქეთ გაფართოვდა რუსეთის სახელმწიფო იმ ფინური ტომების ხარჯზე, რომლებიც პრიმიტიულ წარმართობას მისდევდნენ. შემდგომში, როცა ტყის ხალხების სუსტი ზეწოლა შეცვალა დიდი სტეპის მომთაბარეთა ძლიერმა ზეწოლამ, დაძაბულობის ცენტრმა კვლავ გადაინაცვლა, ამჯერად ზემო ვოლგიდან ქვემო დნეპრის რაიონში. ეს მოულოდნელი ზეწოლა, დაწყებული ბათოს ლაშქრობით რუსეთზე 1237 წელს, მეტად ძლიერი და ხანგრძლივი აღმოჩნდა. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ რაც უფრო ძლიერია გამოწვევა, მით უფრო ორიგინალური და შემოქმედებითია პასუხი.
რუსეთში პასუხს წარმოადგენდა ცხოვრების ახალი წესისა და ახალი სოციალური ორგანიზაციის დამკვიდრება, რამაც, პირველად ცივილიზაციის მთელი ისტორიის მანძილზე, საშუალება მისცა ბინადარ მოსახლეობას, არა მხოლოდ გადარჩენილიყო ევრაზიის მომთაბარეებთან ბრძოლაში, არამედ დაემარცხებინა ისინი, დაეპყრო ნომადების მიწები, შეეცვალა ლანდშაფტი და მომთაბარეთა საძოვრები დამუშავებულ მინდვრებად ექცია, მათი სადგომები კი - სოფლებად. ეს უპრეცედენტო გამარჯვება კაზაკებმა მოიპოვეს.
კაზაკებმა მომთაბარეები ფრიად ორიგინალური ხერხით განაიარაღეს. ისინი მკვიდრდებოდნენ მდინარეებზე, რომლებიც ბუნებრივ ზღუდეებს წარმოადგენდნენ მომთაბარეებისათვის. ამ უკანასკნელთ არ ჰქონდათ ჩვევა მდინარეთა გამოყენებისა სატრანსპორტო არტერიებად, იმ დროს როცა რუსი გლეხი, რომელიც ძველთაგან იცნობდა ზღვაოსნობის სკანდინავიურ ტრადიციას, სამდინარო ნავიგაციის ძველი ოსტატი იყო.
იმ დროს, როცა კაზაკებმა ღირსეული პასუხი გასცეს დიდი სტეპის მომთაბარეთა გამოწვევას მართლმადიდებლური ქრისტიანობის სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვრებზე, რუსეთს თავს დაატყდა ახალი ზეწოლა დასავლეთი საზღვრების მხრიდან. პოლონელებს ორი წლის მანძილზე (1610-1612) ოკუპირებული ჰქონდათ მოსკოვი. მალე მას შემდეგ, რაც შვედები განდევნილ იქნენ ბალტიისპირეთიდან, რუსეთმა ბრძოლით მოიპოვა ბალტიის აღმოსავლეთი სანაპირო ფინეთიდან დვინამდე. საზოგადოების დაძაბულობის ცენტრმა ამ ახალ ფორპოსტზე გადაინაცვლა.
თითქმის საუკუნე გავიდა, ვიდრე პეტრე დიდი პასუხს გასცემდა დასავლეთის ზეწოლას და 1703 წელს პეტერბურგს დააარსებდა, ბალტიის ზღვაზე კი რუსეთის ფლოტს დაამკვიდრებდა.
პეტერბურგს, როგორც იმპერიის დედაქალაქს, კიდევ უფრო ექსცენტრული მდებარეობა ჰქონდა, ვიდრე ანტიოქიას, როცა იგი სელევკიდების სახელმწიფოს დედაქალაქი იყო. და მაინც, იგი რჩებოდა დედაქალაქად 1914-1918 წლების ომის დასასრულამდე. ამ კატასტროფამ შეარყია ევროპის სტრუქტურა და შექმნა მთელი სარტყელი აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოებისა, რომლებიც ყოფდნენ რუსეთს დასავლეთის სამყაროს გადარჩენილი დიდი სახელმწიფოებისაგან. რუსეთის იმპერიის (რომელიც იმ დროისათვის საბჭოთა რუსეთად იქცა) დედაქალაქმა დროულად გადმოინაცვლა დასავლეთის ფორპოსტიდან, სადაც იგი ორას წელზე მეტ ხანს არსებობდა, ზურგში, მოსკოვში.

ექვსი ფორპოსტი დასავლეთ ევროპის ისტორიაში

1. დასავლეთის სამყარო ევროპის კონტინენტური ბარბაროსების წინააღმდეგ. დასავლეთის სამყარო ყველაზე ხშირად ძლიერ ზეწოლას სწორედ იმ ნაწილში განიცდიდა, საიდანაც მოდიოდა ზეწოლა ელინურ და მინოსურ სამყაროებზე, მაგრამ, ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, დასავლეთის რეაქცია ამ ზეწოლაზე წარმატებული იყო. დასავლური ქრისტიანობის საზღვარი ბარბაროსებთან ევროპის კონტინენტზე თანდათან იშლებოდა. მუდმივი დაძაბულობა სტიმულს აძლევდა დასავლეთის საზოგადოების სასიცოცხლო ძალებს ახალი პასუხებისა და გამოწვევებისათვის.
პირველი ზეწოლა მომდიონარეობდა ტყის საქსებისა და ავარებისაგან. რეაქცია მასზე გამოიხატა კარლოს დიდის უმთავრეს მიღწევაში - კონტინენტური ბარბაროსი საქსონელების გაერთიანებაში დასავლური ქრისტიანობის ეგიდით. რაც შეეხება ავარებს, ეს თურქული მოდგმის ხალხი, რომელიც თავს ესხმოდა ბიზანტიას, სლავებსა და ფრანკებს, რომლებმაც VI საუკუნის შუა ხანებში დუნაის აუზში შექმნეს სახელმწიფო - ავართა კაგანატი (ხაკანატი),ფრანკებმა VIII საუკუნეში გაანადგურეს.
შემდგომში ოტონმა გაანადგურა ვენდები, როგორც კარლოსმა - თავისი საქსონელი წინაპრები. დასავლეთის ქრისტიანობის კონტინენტური საზღვრები განუხრელად გადაადგილდებოდა აღმოსავლეთით, ნაწილობრივ, ბარბაროსთა მიერ ქრისტიანობის ნებაყოფლობით მიღების, ნაწილობრივ კი ძალის გამოყენების მეშვეობით.
XIII-XIV სს. ვესტერნიზაციის პროცესი გერმანელებმა განაგრძეს: მათ წარმატებას მიაღწიეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი დასავლური ინსტიტუტის - ქალაქ-სახელმწიფოსა და სამხედრო მონაზვნური ორდენის - მეშვეობით. ჰანზის ქალაქებმა და ტევტონელი რაინდების ლაშქრობებმა უზრუნველყო დასავლური ქრისტიანობის საზღვრის გადაწევა ოდერის ხაზიდან დვინის ხაზამდე.
2. დასავლური სამყარო მოსკოვის წინააღმდეგ. XV-XVI სს. მოსკოვის ეგიდით გაერთიანდნენ ადრე ერთმანეთთან დაპირისპირებული რუსული სამთავროები. ჩამოყალიბდა მოსკოვის უნივერსალური სახელმნწიფო. 1563 წლიდან, ლიტვა-პოლონეთის უნიამდე ცოტა ხნით ადრე, ამ ახალმა სახელმწიფომ ზეწოლა დაიწყო დასავლეთის სამყაროზე ლიტვის აღმოსავლეთი საზღვრის გასწვრივ. ამრიგად, პოლონეთ-ლიტვის გაერთიანებულმა საზოგადოებრივმა სისტემამ ახალი ფუნქცია შეიძინა, მასთან ერთად კი - ახალი საციცოცხლო ენერგია. იგი იქცა დასავლეთის სამყაროს ფორპოსტად, რომელიც თავის თავზე იღებდა მართმადიდებლური ქრისტიანობის მხრივ ზეწოლას. პოლონეთმა გაინაწილა ეს ფუნქცია შვედეთთან, რაც გამოიხატა პოლონელთა და შვედების კონტრდარტყმებში. დასავლური სამყაროს ფორპოსტებმა დაკარგეს მნიშვნელობა პეტრე I მიერ დასავლური სამყაროს მიმართ განხორციელებული ოსტატური დარტყმის შემდეგ, რომელმაც შეანჯღრია მთელი რუსეთი. პოლონელებმა და შვედებმა შეასრულეს თავიანთი როლი. ამის შემდეგ დაიწყო დაშლის სწრაფი პროცესი. საუკუნეზე ცოტა მეტი დასჭირდა იმას, რომ შვედეთს დაეკარგა ყველა სამფლობელო ბალტიის აღმოსავლეთ სანაპიროზე. პოლონეთი კი მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან წაიშალა.
3. დასავლური სამყარო ოტომანთა იმპერიის წინააღმდეგ. პოლონეთი და შვედეთი ფორპოსტების როლს თამაშობდნენ მართლმადიდებლური უნივერსალური სახელმწიფოს საზღვარზე, დუნაის მონარქია კი ფორპოსტის როლს ასრულებდა ოტომანთა იმპერიის საზღვარზე. ამ უკანასკნელის მხრივ ზეწოლის შესუსტებასთან ერთად, სუსტდებოდა დუნაის მონარქიაც. 1914-1918 წწ. ომის დროს, როცა ოტომანთა იმპერიამ უკანასკნელი დიდი დარტყმა იგემა, დუნაის მონარქიაც დაიშალა.
4. დასავლური სამყარო შორეულდასავლური ქრისტიანობის წინააღმდეგ. ახლა განვიხილოთ დასავლური სამყაროს სახმელეთო საზღვარი დღეს აღარარსებულ შორეულ დასავლურ ქრისტიანობასთან. თუ დავფიქრდებით ინგლისისა და შოტლნდიის სამეფოთა წარმოშობის მიზეზებზე, უნდა ვაღიაროთ, რომ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა გარეშე ზეწოლით განპირობებული გამოწვევები. შოტლანდიის შემთხვევაში, ეს იყო გამოწვევა ადრეული ინგლისური სამთავრო ნორთუმბრიისადმი, რომელიც მომდინარეობდა განუვითარებელი შორეული დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენლების - პიქტებისა და სკოტებისაგან. შოტლანდიის თანამედროვე დედაქალაქი ედინბურგი დაარსებულ იქნა როგორც ნორთუმბრიისა და პიქტების საზღვარზე მდებარე სიმაგრე. 954 წ. პიქტებმა და სკოტებმა დაიკავეს ედნიბურგი, შემდეგ კი მთელი ლოტიანის რაიონი - შოტლანდიის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. ლოტიანმა გამოწვევას "დამპყრობთა დაპყრობით" უპასუხა. ლოტიანის დაპყრობით პიქტებისა და სკოტების მიერ დასავლური ქრისტიანობის საზღვარი გაფართოვდა ბრიტანეთის ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთით. შოტლანდიის ახალმა სამეფომ შეითვისა დასავლურქრისტიანული კულტურის ნიშნები. შოტლანდია დასავლურქრისტიანული საზოგადოების წევრად იქცა. შორეულდასავლური ქრისტიანობა ბრიტანეთის ამ ნაწილში დეგრადაციისთვის აღმოჩნდა განწირული.
5. დასავლური სამყარო სკანდინავიის წინააღმდეგ. სკანდინავიური ზეწოლა მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომელმაც განაპირობა შოტლანდიის, აგრეთვე ინგლისისა და საფრანგეთის სამეფოთა წარმოშობა. საფრანგეთის სამეფოს წარმოშობა X საუკუნეში, ისევე როგორც ინგლისის სამეფოსი, წარმოადგენდა პასუხს ახალ გარეშე ზეწოლაზე, ამჯერად ვიკინგების მხრივ. ამ გამოწვევამ განსაზღვრა არა მხოლოდ სამეფოთა წარმოშობა, არამედ მატთი დედაქალაქების - პარიზისა და ლონდონის - მდებარეობაც.
6. დასავლური სამყარო სირიულის წინააღმდეგ იბერიის ნახევარკუნძულზე. ამ რეგიონის ისტორია ფრიად საყურადღებოა. ჯერ ერთი, დასავლური ქრისტიანობა აქ პირველად წააწყდა უცხო ცივილიზაციიდან მომდინარე ზეწოლას. მეორე, სახელმწიფოები, რომლებიც წარმოიშვნენ როგორც პასუხი ამ ზეწოლაზე, დროთა განმავლობაში იქცნენ ლიდერებად, როგორც დასავლური ცივილიზაციის მატარებელნი.
არაბთა თავდასხმა დასავლეთის ახალშობილ ცივილიზაციაზე წარმოადგენდა უკანასკნელ გამოვლინებას სირიული პასუხისა ელინიზმის შეჭრაზე სირიულ სამფლობელოებში. არაბებმა ააღორძინეს სირიული საზოგადოება, დასავლეთის პასუხმა სირიულ გამოწვევაზე, რაც გამოიხატა არაბების დამარცხებით პუატიესთან 732 წელს, განსაზღვრა მოვლენათა შემდგომი მსვლელობა. ფრანკების შემოქმედებითი იმპულსები VIII საუკუნის შემდეგ აიტაცეს პორტუგალიელებმა - დასავლური ქრისტიანობის ავანგარდმა. მათ შემოუარეს აფრიკას და დაიწყეს ახალი მიწების ათვისება, კასტილიურმა ავანგარდმა კი გადალახა ატლანტიკა, რათა ახალი სამყარო აღმოეჩინა. დასავლური ცივილიზაციის ამ პიონერებმა იგი, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში გაავრცელეს. მსოფლიოს ვესტერნიზაციას საფუძველი სწორედ მათ ჩაუყარეს. მათი ენერგია გამოწვეული იყო სირიული ზეწოლით იბერიის ნახევარკუნძულზე. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ეს ენერგია დაიშრიტა მაშინვე, როგორც კი მავრების ზეწოლა შეწყდა.
ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ დასავლეთ ქრისტიანობის იბერიული ფორპოსტების დამოკიდებულება მავრებთან გვაგონებს ჰაბსბურგთა დუნაის მონარქიის დამოკიდებულებას ოსმალებთან. ენერგია მკვეთრად იზრდებოდა, ვიდრე ზეწოლა ძლიერი იყო, და იკლებდა, როგორც კი ენერგიეს წყარო ქრებოდა.

მოამზადა ნინო ჩიქოვანმა

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი